ბავშვებში თავის ტრავმა ხშირად იწვევს მშობლების შეშფოთებას, თუმცა დაზიანება, ხშირ შემთხვევაში, არც ისე მძიმეა. რამდენად სერიოზულ პრობლემას შეიძლება იწვევდეს თავის ტრავმა და რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, გვესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი ირინა წირქვაძე:
- თავის ტრავმაში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებაა გაერთიანებული. აქედან გამომდინარე, ცალსახად თქმა, რომელია სერიოზული და რომელი არასერიოზული, რთულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმის მექანიზმს და იმას, თუ რა პირობებში განვითარდა დაზიანება. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვი 20 სანტიმეტრი სიმაღლის ზედაპრიდან გადმოვარდა, დავარდა რბილ იატაკზე, როგორც წესი, სერიოზული დაზიანება არ განიხილება. მაგრამ, თუ საუბარია 5 მეტრი სიმაღლიდან ვარდნასა და ბეტონზე დაცემაზე, რა თქმა უნდა, დაზიანების ხარისხი გაცილებით მეტი იქნება, რაც საავადმყოფოს პირობებში უნდა შეფასდეს და შესაბამისი დასკვნებიც გაკეთდეს.
- რა არის ის სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი?
- გეტყვით სიმპტომებს, რომლებიც დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ექიმთან ვიზიტის პირობადაა მიღებული, თუმცა, იგივე რეკომენდაციები საქართველოს სინამდვილეში თითქმის ვერასდროს მუშაობს. ჩვენ ხშირად ვუხსნით მშობლებს, რომ ბავშვი, განსაკუთრებით პატარა ასაკის, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს სიარულს, შეიძლება დაეცეს და რომ ყოველი დაცემის შემდეგ არ არის საჭირო საავადმყოფოში წაყვანა. ჯერ უნდა ეცადონ თვითონაც დამშვიდნენ და დაამშვიდონ ბავშვი, შეუქმნან კომფორტული გარემო, რომ საავადმყოფოსა და უცხო ადამიანების დანახვა დამატებითი სტრესია მისთვის, წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. ხშირად მშობლები, ვიდრე ბავშვს დაამშვიდებენ, უკვე მანქანაში სხედან და საავადმყოფოში მოდიან. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით განათლება გვაკლია. ექიმთან უნდა მივიდეს ის პაციენტი, რომელსაც ტრავმის შემდეგ აღენიშნა გონების კარგვა, ღებინება, მომხდარის დავიწყება, რასაც ამნეზია ჰქვია, არის ტრავმის სერიოზული მექანიზმი, მაგალითად, ავტოავარია, მაღალი სიმაღლიდან ვარდნა, განვითარებულია თავის ტკივილი, ქცევის შეცვლა, ძილიანობა ან პირიქით, აგზნება ან ბავშვისთვის უჩვეული და არაადექვატური ქცევა. მსგავსი შემთხვევები ექიმთან ბავშვის მიყვანას, შეფასებასა და სერიოზული დაზიანების გამორიცხვას მოითხოვს.
- დასაკვირვებელი პერიოდი რამდენია სახლის პირობებში?
- 2 საათის განმავლობაში პაციენტს ის კლინიკური ნიშნები, რაც ტრავმის მიღების შემდეგ ჰქონდა, უნდა მოეხსნას. თუ ეს სიმპტომები არ ალაგდა და განვითარდა ღებინება, გონების დაკარგვა, ამნეზია თუ სხვა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა წავიყვანოთ ექიმთან.
- ბავშვობაში მიღებულმა თავის ტრავმამ, რომელსაც მაშინვე არ მიაქციეს სათანადო ყურადღებას, მოზარდობაში შეიძლება პრობლემა შექმნას?
- თუ სერიოზულ დაზიანებაზე ვსაუბრობთ, ის არ შეიძლება არ გამოვლინდეს. ამიტომ, ის, რაც ბავშვობაში არ გამოვლინდა, არ არის სერიოზული დაზიანება. თავის მცირე ტრავმას მნიშვნელოვანი პრობლემის შექმნა არ შეუძლია. ჯობს, ვთქვათ, რა უფრო დიდ პრობლემას უქმნის ბავშვს. საქართველოში ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, ისევ იმიტომ, რომ ცოდნის დონე არ არის შესაბამისი, პირველივე ტრავმის შემთხვევაში მშობელი კლინიკაში მოდის და ამბობს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება სურს. ჩვენ რისკებს ვუხსნით და ვეუბნებით, რა უფრო დიდი საფრთხეა, ის, რომ ბავშვს პატარა კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც მალევე გაივლის, თუ ის, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია მნიშვნელოვან დასხივებასთან არის დაკავშირებული. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ბავშვობაში ჩატარებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მოზრდილობაში განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირდაპირი კავშირია. რაც უფრო მეტ დასხივებას მიიღებს ბავშვი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მას ავთვისებიანი პროცესები განივითარდეს. აქადან გამომდინარე, კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა კვლევებით დიაგნოზის დასმა ან მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ვერ ხერხდება. საბედნიეროდ, ბავშვთა ასაკში მიღებული ტრავმების უმეტესობა მსუბუქი ხასიათისაა და არანაირ განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ბავშვის სხეული ელასტიურია და თუ ტრავმის მექანიზმი მძიმე არ არის, სერიოზულ დაზიანებას ვერ მიიღებს. თუ იატაკზე მიდიოდა, ფეხი წამოკრა და თავისი სიმაღლიდან დავარდა, როგორც წესი, მძიმე დაზიანებას ვერ მიიღებს, მექანიზმიდან გამომდინარე.
- პატარები ფეხის ადგმისას ხშირად ეცემიან, შესაძლოა თავიც დაარტყან, ეს რამდენად საშიშია?
- როგორც წესი, მსუბუქი წაქცევის დროს არანაირი სერიოზული დაზიანება არ ვლინდება. აქ საუკეთესო რჩევა არის ის, რომ ბავშვს ხელი მოვკიდოთ იქამდე, სანამ უფრო მყარად არ გაივლის. სტატისტიკა მოწმობს, საბედნიეროდ, ბავშვთა ასაკის ტრავმების უმრავლესობის თავიდან არიდება შეიძლება, თუკი ის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. იგივე შემიძლია ვთქვა საწოლიდან გადმოვარნაზე. ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვეს ღია საწოლზე და ამისთვისაა სპეციალური, ჯებირებიანი საწოლი, რომ არ გადმოვარდეს.
- რამდენად გამართლებულია ტრავმის დროს სხვადასხვა ხალხური მეთოდის გამოყენება?
- ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი ვარ, ამიტომ, არატრადიციულ მეთოდებზე ვერ ვილაპარაკებ. სერიოზული დაზიანების დროს მკურნალობა ექიმის შეფასებით უნდა მოხდეს. გვინახავს ბავშვები, რომლებიც მოუყვანიათ ჭრილობით და მეზობლისა თუ ნათესავის რჩევით ჭრილობაზე დაყრილი აქვს თუთუნი ან წასმული აქვს კბილის პასტა, რაც თითქოს ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. აბსოლუტურად ზედმეტია მსგავსი ქმედება და პირიქით, დამაზიანებელიც კია იმიტომ, რომ იმ ჭრილობის დამუშავებას, რომელსაც თუთუნი აყრია, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
- როდესაც ბავშვმა თავის ტრავმის დროს ჭრილობა მიიღო, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება?
- უნდა აიღონ სუფთა დოლბანდი, დაკეცონ რამდენიმე ფენად და დააფინონ ჭრილობაზე, დააჭირონ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ შემადედებელი ფაქტორები იწყებს მუშაობას და, როგორც წესი, ჭრილობიდან სისხლდენა ჩერდება. რა თქმა უნდა, როდესაც ჭრილობასთან გვაქვს საქმე, მას შეფასება სჭირდება, ზოგჯერ გაკერვაცაა აუცილებელი. შესაბამის გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა მაშინ, როდესაც ბავშვმა ტრავმა მიიღო, რა უნდა შეცვალონ ქცევაში, აქტივობაში, თუნდაც საკვებში, რომ მდგომარეობა არ გაამწვავონ?
- პირველ რიგში, ხელისშემშლელია ხოლმე ის ემოციური ფონი, რომელიც ტრავმის მიღებისას იქმნება. ხშირად გადამეტებული ემოციური ფონი მეტ ზიანს აყენებს ბავშვს, ვიდრე მიღებული დაზიანება. ამიტომ, პირველი და აუცილებელი, რაც მინდა მშობლებს ვუთხრა არის ის, რამდენადაც შესაძლებელია, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ბავშვს ძალიან თრგუნავს სტრესული გარემო. ამიტომ, ზედმეტმა აქტივობამ შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს ის. თავის ტრავმის დროს, როდესაც ბავშვს გულისრევის შეგრძნება აქვს, საკვების მიღება არ უნდა დავაძალოთ. უნდა მივცეთ მცირე ულუფებით სითხე და მოვერიდოთ უცხო და ძნელადმოსანელებელი საკვების მიღებას. როდესაც გულისრევის შეგრძნება გადაივლის, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ჩვეულებრივ კვებას დაუბრუნდნენ.
- რამდენადაა რეკომენდებულია ასეთ დროს ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება და კიდევ ერთხელ ურჩიეთ მშობლებს, რა უნდა გაითვალისწინონ?
- პირველ რიგში, იმისთვის, რომ ვისაუბროთ, პოტენციურად, რა დაზიანება შეიძლება მიიღო ბავშვმა, უნდა გავითვალისწინოთ ტრავმის მექანიზმი და სიმპტომები. უმრავლეს შემთხვევაში ტრავმები არ არის მძიმე. ხშირ შემთხვევებში ტვინის შერყევასაც კი არ ესაჭიროება ჰოსპიტალში მკურნალობა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ იცვლება და მას არ აქვს საშიშროების ნიშნები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვს შეუქმნათ მაქსიმალური მოსვენების რეჟიმი, არ მივცეთ საშუალება დაიტვირთოს ტელევიზორის ყურებით ან კომპიუტერზე თამაშით. ძილი, მყუდრო და თბილი გარემო მას დაეხმარება სწრაფად გამოჯანმრთელებაში. რაც შეეხება ტკივილგამაყუჩებელს, მშობელს პირველ ჯერზე შეუძლია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის გამოყენება, თუმცა ძლიერი თავის ტკივილი ექიმის შეფასების ერთ-ერთი ჩვენებაა.
თამარ იაკობაშვილი