ყაბზობის მიზეზები და მასთან ბრძოლის საშუალებები სამედიცინო ენციკლოპედიაში ვკითხულობთ „ყაბზობა, ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა“ - ეს არის პრობლემა, რომელიც მილიონობით ადამიანს, ასაკისა და სქესის მიუხედავად აწუხებს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნაწლავის აგებულებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის თანდაყოლილი პრობლემები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ვლინდება. სწორედ ბავშვთა ასაკიდან უნდა გამოვიკვლიოთ, არსებობს თუ არა სერიოზული მიზეზი ნერვიულობისთვის. გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე შეკრულობის მიზეზს ვერ დაადგენთ, რადგან იგი არ წარმოადგენს კონკრეტულ, დამოუკიდებელ დაავადებას. ეს ძირითადი დაავადების სიმპტომური მდგომარეობაა. ამიტომ, სანამ სხვადასხვა სამკურნალო ხერხს მიმართავთ, იქნება ეს სპეციალური დიეტა, ოყნები, პრეპარატები თუ სხვა, უნდა დარწმუნდეთ სერიოზული მიზეზის არარსებობაში. თუ შეკრულობის პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
ყაბზობა - ცუდია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. მთავარია ვიცოდეთ სწორი დიაგნოზი და მკურნალობაც მალე გამოიღებს შედეგს.
სითხე და კალიუმი
ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის უნდა უზრუნველვყოთ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სითხითა და კალიუმით. ინფექციური დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს ინფიცირების შიშით სვამენ გადადუღებულ წყალს. არავინ არ დაობს იმაზე, რომ ზოგჯერ გადადუღებული წყალი უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი ონკანის წყალი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ,რომ გადადუღებულ წყალში არ არის მინერალური მარილები, შესაბამისად - არც კალიუმი. კალიუმი კი ნაწლავებისთვის იგივეა, რაც ბენზინი ავტომობილისთვის. კალიუმის ნაკლებობის დროს მცირდება ნაწლავის პერისტალტიკა (შეკუმშვა), რაც შეიძლება გახდეს შეკრულობის მიზეზი. კალიუმი დიდი რაოდენობით არის ქიშმიშში, შავ ქლიავში, ლეღვში და გარგარის ჩირში. თუ მაინც დალევთ გადადუღებულ წყალს, - მიიღეთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ან მოხარშეთ კომპოტი და მიირთვით.
გადახურება და გადადუღებული წყალი - შეკრულობის მთავარი მიზეზია ახალშობილთათვის. ბავშვს სუფთა, ტენიანი ჰაერი, ბუნებაში გასვლა, ჩვეულებრივ დამდგარ წყალთან შეგუება ბევრ სხვა სარგებელთან ერთად, ამ კუთხითაც ძალიან დაეხმარება.
თუ ბავშვს კუჭის შეკრულობა აწუხებს, ამ ფაფით ასაუზმეთ - სპეციალური ფაფა წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს კვება
როდესაც ბავშვი მიდრეკილია ყაბზობისკენ, მისი კვება ყოველთვის უნდა იყოს ნორმალიზებული, რეჟიმში ჩამდგარი. დილით უზმოზე (არა მხოლოდ ბავშვისთვის) აუცილებელიც კია დამდგარი წყლის დალევა (ერთი პატარა ჭიქის), სადილად წვნიანის მიღება, დროულად და სწორად კვება - ბევრი ხილით, ბოსტნეულით, ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქტებით, კუჭისა და ნაწლავებისთვის სასარგებლო პროდუქტებით.
მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი პატარებისთვის ქიშმიშის ნახარშია. 1 სუფრის კოვზ ქიშმიშს დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, უმჯობესია დააყენოთ თერმოსში და დაალევინოთ თქვენს პატარას. არასასურველია ისეთი პროდუქტები,რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილებს. მაგალითად: შოკოლადი, ხაჭო, თხილი. ყაბზობისკენ მიდრეკილებას კიდევ უფრო აღვივებს ბევრი ტკბილეული, მშრალი კვება, სწრაფი კვების პროდუქტები, ძეხვეული. სასურველია რძის ნაწარმი, იოგურტი, დაბალპროცენტიანი კეფირი ან მაწონი. ნაკლებად თეთრი და საფუარიანი პური.
ყაბზობის დროს კარგად მოქმედებს ახლად გამოწურული ვაშლის, სტაფილოს წვენი. შეკრულობის დროს კარგია ვეგეტარიანული საკვების მიღება. თუ ძილის წინ მიიღებთ 1 ჭიქა მაწონში დამატებულ 20 ცალ ორთქლზე მოხარშულ შავ ქლიავს, შეიძლება სულაც მოაგვაროთ შეკრულობის პრობლემა.
ბავშვებს, რომლებსაც ყაბზობა აწუხებთ, სადილი ზეითუნის ზეთზე დაუმზადეთ.
ბუასილი
ხშირ შემთხვევაში შეკრულობის მიზეზი არის ბუასილი, ამ დროს სპეციფიური მკურნალობის პარალელურად ეფექტურია გლიცერინის სანთლები და ქაცვის ზეთის სანთლები. ასევე გლიცერინის სანთლები ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა ახალშობილებში და ბავშვთა ასაკში შეკრულობის დროს.
ყაბზობა - საკმაოდ გავრცელებული, პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს ელემენტარულ შეხსენებას, რომ თუ 3 დღის განმავლობაში კუჭი არ იმოქმედებს ეს არ არის ნორმალური, შეკრულობა ცივილიზაციის დაავადებაა და მისი კომპონენტებია - სტრესი, უჯრედისის ნაკლებობა საკვებში, გადადუღებული წყალი და მრავალი სხვა. ყაბზობის მკურნალობა, როგორც ნებისმიერი დაავადებისა, უნდა იყოს კომპლექსური. სხვა დაავადებებისგან განსხვავებით ყაბზობა კარგად ემორჩილება მკურნალობას, მთავარია დროულად მიაკითხოთ და მოუსმინოთ ექიმს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
თუ ბავშვს კუჭის შეკრულობა აწუხებს, ამ ფაფით ასაუზმეთ - სპეციალური ფაფა წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს