ახალგაზრდა ქალი საკუთარ მამას, ჯოზეფ ფრიტცლის 24 წლის განმავლობაში სარდაფში გამოკეტილი ჰყავდა და მასზე გამუდმებით სექსუალურად ძალადობდა. ავსტრიელი ელისაბედ ფრიტცლის ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. საკუთარი მამისგან მან 7 შვილი გააჩინა ისე, რომ ამ ბავშვების არსებობა არავინ იცოდა. არადა გარეგნულად ელისაბედის ოჯახი სრულიად ნორმალური ჩანდა. ჯოზეფი ინჟინერი და „ყურადღებიანი“ მამა იყო. თუმცა შინაგანად ნამდვილი მონსტრი, რომელმაც შვილთან სექსუალური ხასიათის ქმედებები ჯერი კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ელისაბედს 11 წელი შეუსრულდა.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ოჯახში, დედის თვალწინ ხდებოდა, თუმცა ქალს ეჭვიც არ გასჩენია, რა იმალებოდა მისი სახლის ჭერქვეშ. როცა სექსუალური შევიწროვება ინცეტში გადაიზარდა, მამამ ელისაბედი სარდაფში გამოკეტა. ელისაბედი დაკარგულად გამოცხადდა, ამის შესახებ პრესაში და ტელევიზიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მამამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ელისაბედისგან წერილი მიიღო. თითქოს წერილში ეწერა, რომ ის ერთ-ერთ სექტაში გაწევრიანდა და მშობლებს სთხოვა, აღარ ეძებნათ.
ამის შემდეგ ელისაბედის ძებნა შეწყდა. სამაგიეროდ მამა თითქმის ყოველდღე ნახულობდა მას სარდაფში და მასთან სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებდა. გოგონამ მამისგან 7 ბავშვი გააჩინა. აქედან სამს მზის სინათლე არასოდეს უნახავს. ზღვა, ყვავილები, ცხოველები ბავშვებს მხოლოდ ნახატებზე ჰყავდათ ნანახი, რომლებიც კედლებზე ეკიდა. დედა უამბობდა მათ გარესამყაროზე, უყვებოდა ზღაპრებს და კითხვაც შეაყვარა. ელისაბედი, რა თქმა უნდა, სახლში მშობიარობდა. მეოთხე ბავშვი დაბადებიდან სამ დღეში რესპირატორული პრობლემებით გარდაიცვალა, რადგან სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწიეს. დანარჩენი სამი ბავშვი კი ჯოზეფისა და მისი ცოლის სახლში იზრდებოდნენ. ჯოზეფმა ისე დაგეგმა, ვითომ ბავშვები კართან დაუტოვეს. პატარა ლიზა 9 თვის ასაკში „დატოვეს“, მონიკა - 10 თვის ასაკში, ალექსანდრე კი 15 თვის მიიყვანეს 1997 წელს. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვები კართან "ალბათ" მათმა დაკარგულმა ქალიშვილმა დატოვა.
ეს საშინელი ამბავი 2008 წელს გამჟღავნდა. ელისაბედის უფროსი ქალიშვილი ძალიან ავად გახდა და მან აიძულა მამამისი, საავადმყოფოში წაეყვანა ბავშვი. პირველი ეჭვები სწორედ კლინიკას გაუჩნდა. ვინაიდან დაავადება გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდებოდა, ჯოზეფი იძულებული გახდა, ექიმებისთვის ელისაბედიც წარედგინა. საბოლოოდ, ექიმებმა პოლიცია ჩართეს საქმეში და მამა-შვილი დააპატიმრეს. როცა ელისაბედი დარმუნდა, რომ მამასთან არც მას და არც მის შვილებს არ დააბრუნებდნენ, გამოძიებას 24-წლიან ტყვეობაზე უამბო. გამოძიება ჩატარდა, გენეტიკურმა ტესტმა ინცესტი და ჯოზეფ პრიტცლის მამობა ექვსივე ბავშვზე დაადასტურა.
73 წლის ჯოზეფ პრიტცლის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ინცესტში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სექსუალურ ძალადობაში, მონობასა და დაუდევრობით გამო ჩვილის სიცოცხლის მოსპობაში. ელისაბედი და მისი შვილები კი სახელმწიფოს დახმარებით შეცვლილი გვარ-სახელებით ქვეყნის სხვა რეგიონში გადასახლდნენ. მათი ვინაობა და ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.