ბოლო დროს სოციალური სივრცე და მოზარდების (და ხშირად, მათი მშობლებისაც) ლტოლვა პოპულარობისკენ, ძალიან უცნაურ და საშიშ სახეს იღებს. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს ამ საფრთხეს და პოპულარობის მიღმა მხოლოდ სოლიდურ შემოსავალს და შვილის მომავალ "წარმატებებს" ხედავს, ამასობაში კი არა მხოლოდ ბავშვების ბავშვობა ეწირება ამ ყველაფერს, ხშირად - მათი მომავალიც.
ამ დღეებში ეს უჩვეულო ამბავი გახდა განხილვის საგანი და არცთუ უმიზეზოდ.
მთელი უკრაინა განიხილავს ამ ისტორიას. 8 წლის მილანა მახანეცმა და 13 წლის პაველ პელმა თავი წყვილად გამოაცხადეს და მშობლებიც დასთანხმდნენ. მეტიც, გოგონას მეგობარ ბიჭთან სახლში გადასვლის უფლებაც კი მისცეს და ისინი შაბათ-კვირას ერთად ატარებენ. ორივე მათგანი ბლოგერია, სოციალური არხების განვითარებას ცდილობს და ეს ფაქტიც ერთგვარ პიარ-სტრატეგიად ჩათვალეს, რომ ერთობლივად გადაღებული ისტორიებით მეტი გამომწერი ეყოლებათ.
უკრაინაში 8 წლის მილანა მახანეცს ბევრი ადამიანი იცნობს. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავის ბლოგერ მეგობართან პაშა პელთან გადადიოდა საცხოვრებლად. ბიჭი 13 წლისაა. მშობლები ამ ფაქტში ცუდს ვერაფერს ხედავენ, პირიქით, ამბობენ, რომ ამით ბავშვებს შანსი მიეცათ, ერთობლივი ვიდეოები გადაიღონ და საინტერესო კონტენტი შექმნან. მილანას დედა თავგამოდებით იცავს შვილის ჰობსაც და მეგობართან ურთიერთობასაც. ხოლო იმ ადამიანებს კი, ვინც აღშფოთება გამოხატა, ეუბნება, რომ ბავშვებს არჩევანის თავისუფლება აქვთ და იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ.
ამ აზრს ბევრი ადამიანი არ ეთანხმება. სოციალურ ქსელშიც უამრავი მომხმარებელი წერს, რომ შეუძლებელია ბავშვებმა პირადი ცხოვრება ააწყონ და ამ ნაბიჯით ბავშვობას კარგავენ, მშობლები კი მათ აქეზებენ. ნაწილმა ისიც თქვა, რომ მშობლებს შვილების გარშემო ატეხილი ცხარე კამათი და აჟიოტაჟი აწყობთ. მთელ პროცესში პასუხისმგებლობას უფროსებს აკისრებენ, რადგან მათი ვალდებულებაა არასრულწლოვან შვილებზე იზრუნონ.
გოგონას სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი ჰყავს და ბევრი კერპად აღიარებს. ყველაფერი, რაც ხდება, კარგად დაგეგმილ პროექტს ჰგავს, რომელიც ახალგაზრდა ბლოგერების პოპულარობისთვის და გამომწერთა რაოდენობის გაზრდისთვის გამოიყენეს.
მილანა მახანეცი მოდელი და მსახიობია. ბრენდული ტანსაცმელების რეკლამებში იღებენ და მისი ფოტოები მუდმივად ქვეყნდება პოპულარულ ჟურნალებში. გოგონა უკრაინაში ცნობილი სოციალური ქსელის Likee-ის წყალობით გახდა.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა, გოგონამ გადაწყვიტა, გულახდილად ეპასუხა ყველა შეკითხვაზე.
მილანა განმარტავს, რომ ბიჭი 7 თვის წინ გაიცნო და ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ. არ აკონკრეტებს, ეს სიყვარული მეგობრულია თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ. ერთად სურთ ბლოგების გადაღება და ახალი იდეების რეალიზება. მაგალითად, ახლა ორივე ჯაჭვებით არის გადაბმული ერთმანეთზე და გამომწერები მათ ამ "გართობას" ადევნებს თვალს. მილანას სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქცია გათიშულია, თუმცა პაშას ეს არ გაუთვალისწინებელია და ახლა ყოველ პოსტზე უწერენ, რომ 8 წლის გოგონასთან აქვს ურთიერთობა.
ბავშვები შაბათ-კვირას ერთად ატარებენ, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ დამოუკიდებლად ართმევენ თავს მარტო ცხოვრებას. ერთად დადიან წვეულებებზე და ისე იქცევიან, როგორც ზრდასრული წყვილი. სოციალურ ქსელში ბევრი ფოტო იძებნება, სადაც ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან კიდეც.
მათ ბევრი თანატოლი ეხმიანება, ზოგიერთი ოცნებობს კიდეც, რომ მსგავსი ურთიერთობა თავადაც ჰქონდეთ. უფროსები კი აღშფოთებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ პატარა რომეოსა და ჯულიეტას სახის შექმნით, რაც მათი მშობლებისგანაცაა წახალისებული, ახალგაზრდა თაობას საფრთხე ემუქრება.