ნინა ცერეტილოვას უკვე რამდენიმე თვეა საკუთარი შვილები არ უნახავს. მიზეზი სასამართლოს ბრძანებაა, სადაც არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ქალი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სამაგიეროდ, ყურადღება მის გარეგნობაზეა გამახვილებული.
33 წლის ნინა ცერეტილოვა უკვე თვეებია საკუთარი შვილების დასაბრუნებლად იბრძვის. ამბის შესახებ ბევრმა ადამიანმა არაფერი იცოდა, თუმცა ქალმა ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა.
2020 წლის ბოლოდან მას საკუთარი სამი შვილი აღარ უნახავს. ისინი ყოფილმა მეუღლემ ძალით წაიყვანა, რადგან, თვლის, რომ ნინას მათზე ცუდი ზეგავლენა აქვს.
ნინა ტვერის ოლქში დაიბადა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი მაჰაჩყალაში, რელიგიური ოჯახისა და ნათესავების გარემოცვაში გაატარა. მოზარდობის პერიოდში გოგონამ ჰიჯაბის ტარება დაიწყო და სასულიერო სკოლაში წავიდა სასწავლებლად. შემდეგ მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელიც ასევე სასულიერო სკოლაში სწავლობდა. დაინიშნენ, როცა გოგონა 14 წლის იყო, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ დაქორწინდნენ.
თუმცა, ნინასა და მაგომედის ცხოვრება ჰარმონიული არ ყოფილა. კაცი არ თვლიდა საჭიროდ, ემუშავა და ოჯახზე ეზრუნა. ნინა კი ცდილობდა მაჰაჩყალაში საკუთარი სავაჭრო სივრცე განევითარებინა. ქმარი მხოლოდ იშვიათად ეხმარებოდა, სამაგიეროდ, ოჯახის ბიუჯეტს თავად მართავდა.
"როდესაც მესამე ბავშვზე ორსულად ვიყავი, საშინლად მცემა. ეს მაშინ მოხდა, როცა მაღაზიაში მოვიდა და ჩემი დანაზოგი, რომლითაც პროდუქტები უნდა მეყიდა, მთლიანად წაიღო და ახალი ტანსაცმელები იყიდა. შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და მაჩვენა. რა თქმა უნდა, ძალიან გავბრზადი, ბევრი რამ ვუთხარი. მან მცემა, თაროები დაამტვრია. პოლიციას მივმართე, საქმი გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მაგრამ მალევე ნათესავები მოვიდნენ, ყველა მეუბნებოდა, რომ მეპატიებინა და განცხადება უკან გამომეტანა. მეც უკვე ორი შვილი მყავდა და მესამესაც მალე გავაჩენდი, საბოლოოდ, დამარწმუნეს."- იხსენებს ქალი.
დროთა განმავლობაში, ნინამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქმარს გაშორებოდა, რადგან ის სულ უფრო ხშირად სცემდა და მატერიალურადაც არაფერში ეხმარებოდა. მაგომედმა სხვა ცოლი მოიყვანა და მასთანაც ეყოლა შვილი. დედას შვილებისთვის მამის ნახვა არასდროს აუკრძალავს, არდადეგებზე ბებიასთან და ბაბუასთან მიდიოდნენ, მაგრამ, კაცმა ალიმენტის გადახდაც შეწყვიტა.
ნინა შვილებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. 2018 წელს ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავა დაიწყო იმის გამო, რომ ალიმენტს არ იხდიდა, რაზეც ის გაბრაზდა, მოსკოვში ჩავიდა და ბავშვები მოიპარა.
საბედნიეროდ, ქალმა მალევე მიაგნო შვილების კვალს, თუმცა კონფლიქტი ამით არ დასრულებულა. მამამ შვილები გაუფრთხილებლად გამოიყვანა სკოლიდან და დედის წინააღმდეგ ესაუბრა. მათ ეუბნებოდა, რომ სახლში არ დაბრუნებულიყვნენ. პასუხად ნინამ სასამართლო დავა დაიწყო, რომელსაც უნდა განესაზღვრა ბავშვების იფიციალური საცხოვრებელი ადგილი და მამის მათთან ურთიერთობის წესები. თუმცა, სასამართლომ ქალის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ისიც მხოლოდ გარეგნობის გამო.
"სასამართლოზე ყველა საბუთი მივიტანე, რაც ადასტურებდა, რომ ბავშვებზე ვზრუნავდი და ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ კი ინსტაგრამიდან ჩემი ვიდეოები აიღო, დაამონტაჟა და ის წარადგინა. თან თქვა, რომ ბავშვებზე არ ვზრუნავდი და დროს სხვებთან ერთად ვატარებდი. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, ლექსებს ვკითხულობდით და გიტარაზე ვუკრავდით. ამ დროს ჩემი შვილები ბებიასთან და ბაბუასთან იყვნენ. მოსამართლე უცნაურად იქცეოდა. მითხრა: "ვხედავ, პირსინგი და ტატუები გაქვს. როგორ ფიქრობ, ეს ნორმალურია?"
ადვოკატმა ასევე ისიც მითხრა, რომ როცა მოსამართლე საუბრობდა, პირსინგი მომეხსნა, რაზეც მე უარი განვაცხადე. ვითხოვდი, საქმეში გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ მეუღლე ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც წარდგენილი გვქონდა. მაგრამ, განაცხადეს, რომ ამას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მაგომედის სასარგებლოდ მიიღეს." - ამბობს ნინა.
დღეს ქალი უკვე საქმის ხელმეორედ განხილვას ელოდება, რაც რამდენჯერმე გადაიდო. შვილები ყოფილმა მეუღლემ წაიყვანა, სავარაუდოდ, აუკრძალა ინტერნეტისა და ტელეფონის გამოყენება.
ნინა ამბობს, რომ მისთვის ჰიჯაბის ტარება თვალთმაქცობა იყო. თმის მოკლედ შეჭრა და ტატუს გაკეთება კი - ნაბიჯი თავისუფლებისკენ. ის ფიქრობს, რომ ადამიანი უნდა შეაფასონ საკუთარი ქცევით და არა გარეგნობით.