ეს არის იდეალური გარემო ობის სოკოს განვითარებისთვის ცივ ამინდში სარეცხს ხშირად ოთახში, გამათბობელ ბატარეაზე ან სპეციალურ საკიდებზე ვაშრობთ. თუმცა არ გვიფიქრია იმაზე, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაბალი იმუნიტეტი აქვს. როგორც პროფესორი დევიდ დენინგი ამბობს, ოთახში სარეცხის გაშრობის დროს ტენიანობა 30%-ით იზრდება. ეს არის იდეალური გარემო ობის სოკოს განვითარებისთვის. განსაკუთრენით საშიშია Aspergillus fumigates-ის სპორები, რომლებიც ფილტვების დაინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. იგი ხშირად ხვდებოდა პაციენტებს, რომელთა დაავადება გამოწვეული იყო ასპერგილის სპორებით. პროფესორი განმარტავს: „თეთრეული, რომელიც ერთ ციკლში ირეცხება, შეიცავს 2 ლიტრ წყალს, რომელიც ორთქლდება ოთახში. ადამიანთა უმეტესობას, რომელთაც იმუნური სისტემა ძლიერი აქვთ, შეუძლიათ გაუმკლავდნენ „სოკოს“, რომელიც ამ ტენიანობის პირობებში იზრდება. მაგრამ ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან ბრონქიალური ასთმით, აქვთ სუსტი იმუნიტეტი, აქვთ სიმსივნური დაავადებები, გადიან ქიმიოთერაპიის კურსს - ასეთ ავადმყოფებს შეიძლება განუვითარდეთ შეტევითი ხველა და შეექმნათ პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულმა სოკომ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ასპერგილიოზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს და სინუსებს". ამასთან დაკავშირებით ექიმი გვირჩევს: შეძლებისდაგვარად სარეცხი გააშრეთ აივანზე ან ეზოში. თუ ამის პირობები არ გაქვთ, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც შრება სარეცხი.
ექიმი კომაროვსკის რჩევით კი ოთახში იდეალური გარემოს შესაქმნელად ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსამდე უნდა იყოს, ხოლო ჰაერის ტენიანობა - 50-70%. ოთახში ჰაერის ტენიანობის გასაზომად გამოიყენება ჰიგრომეტრი. ექიმი ჰაერის დამატენიანებლის ჩართვას გვირჩევს მაშინ, როდესაც ნიშნული 50%-ზე ქვემოთ ჩამოვა, რადგან ჰაერის სიმშრალე არანაკლებ სახიფათოა ორგანიზმისთვის.
ორგანიზმში სოკოს გამრავლებას მედიკამენტებით ხანგრძლივი ინჰალაციებიც იწვევს, ამიტომ თუ სასუნთქი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. ვინც ჰაერის დამატენიანებელს და ინჰალატორს იყენებს, აუცილებლად უნდა იცოდეს მათი მოხმარების წესები. საჭიროა ვიცოდეთ როგორ უნდა გავწმინდოთ ეს დანადგარები, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვუცვალოთ ფილტრი, როგორ უნდა გავრეცხოთ და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველა ნივთს მოჰყვება ინსტრუქციის სახით. ნუ შეშინდებით, მთავარია დაიცვათ ზომიერება. 50-70% ჰაერის ტენიანობა ზამთარში, ეს ნორმალურია.
სარეცხის გაშრობას რაც შეეხება, დავუჯეროთ პროფესორ დევიდ დენინგს და თუ გარეთ ცუდი ამინდია და სხვა გზა არ გვაქვს, სარეცხი სახლში გავაშროთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ოთახის ხშირი განიავება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ