პატარა ემილია თავისი ვიდეოებით საზოგადოებისთვის ძალიან მცირე ასაკიდან გახდა ცნობილი. მის იუთუბ არხს ბევრი მაყურებელი ჰყავდა და ჰყავს დღემდე. იმ პერიოდში ამ ტიპის ქართული ვიდეობლოგებით განებივრებული არ იყო ჩვენი საზოგადოება და მათი დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანი გახლდათ. ბოლო პერიოდში ემილის სახელით ბოროტად სარგებლობენ, მისი ფეიქ ექაუნთები იქმნება, არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, ჭორებიც მრავლად ისმის ემილიას შესახებ. mshoblebi.ge ემილის მამას ლევან ალიმბარაშვილს ტყუილ-მართლის გასარკვევად დაუკავშირდა.
- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად იქმნება ემილის ფეიქ ექაუნთები, ვრცელდება ფეიქ ნიუსები და ყველაფერს ძალიან ცუდად აკეთებენ, იტყუებიან. ხშირად ისეთ ნიუსებს და სტატიებს წერენ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ამით ცდილობენ, გაზარდონ მკითხველთა რაოდენობა თავიანთი გამოცემის სასარგებლოდ.
ემილის ტიკტოკიც ჰქონდა დაახლოებით 3 თვე, რომელიც სწორედ არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და დაუცველობის გამო გავაუქმეთ. ემილის ვიდეოებს ძალიან უხეშად, შეურაცხმყოფელად აშარჟებდნენ. მივწერეთ ამის შესახებ ტიკტოკს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ამ პლატფორმაზე თავს ვერ ვიცავთ, უპირველესია, შეგეძლოს საკუთარი კონტენტის დაცვა, ეს კი ტიკტოკს არ აქვს რატომღაც და ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეუქმებინა.
- ასეთი ხმა დადის, რომ ემილისთან ფოტოს გადაღება ფასიანია...
- ამ ინფორმაციამ ჩვენამდეც მოაღწია და მინდა გითხრათ, რომ აბსურდია. როგორ შეიძლება, ბავშვმა ბავშვთან სურათი გადაიღოს და ამაში ჩვენ თანხა ავიღოთ? ძალიან დიდი სიცრუეა. ეგ კი არა, ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ ემილი ბავშვებს დაბადების დღის მისალოც ვიდეოებს თანხის სანაცვლოდ უწერდა. რეალურად, ამის მსურველი ბევრია და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, როცა კი დრო გვაქვს, ეს სურვილი შევუსრულოთ პატარებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თანხის სანაცვლოდ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე არავის განვსჯი ამის გამო, მაგრამ ბავშვი ჩემთვის ცოტა კიდევ სხვა ფენომენია. ბავშვმა რომ ბავშვს ვიდეოთი მიულოცოს დაბადების დღე, მაგაში თანხის აღება პირადად მე არასწორად მიმაჩნია, თორემ იმას არ ვიძახი, რომ ეს არასწორია, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ბავშვის მიმართ ასეთი საქციელი, ჩემთვის მიუღებელია.
- ბოლო პერიოდში მომრავლდა ნეგატიური კომენტარები და ზოგადად, ნეგატიური ტალღა იგრძნობა, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?
- ემილიას შემთხვევაში ადრე უფრო მეტი ნეგატიური კომენტარი იყო ხოლმე, ვიდრე ახლა. ალბათ იმიტომ, რომ ემილიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და ეს პროცესი პოპულარობის თანმდევია, ასეა სამწუხაროდ დაბალანსებული. ემილი რომ სათამაშოებით თამაშობდა ვიდეოებში, ეს აღიზიანებდათ, სხვებსაც უნდებათ და ყველას არ აქვს საშუალება, რომ თავის შვილს ამდენი სათამაშო უყიდოსო, დაახლოებით ეს კონტექსტი ჰქონდათ. თუმცა, მაგ პრინციპით, სათამაშოების მაღაზიებიც უნდა დაეხურათ, ხომ შეიძლება, ქუჩაში დაინახოს ბავშვმა სათამაშოების მაღაზია და მოუნდეს?
ასევე წერდნენ, ამაზე უკეთესი ბავშვი არ არსებობსო?! ჩვენ არასდროს ვიძახდით, რომ ემილი საუკეთესოა, ყველა ბავშვი მისი მშობლისთვის ყველაზე კარგი, საყვარელი და საუკეთესოა.
- დანიელას შემთხვევაში როგორ არის, გაიზარდა საზოგადოება და აღარ წერენ უარყოფით კომენტარებს?
- კი, ვთვლი, რომ რაღაც მხრივ გაიზარდა. დანიელას შემთხვევაში ჯერ მე ნეგატივი არ წამიკითხავს, არადა დანიელაც თამაშობს ვიდეოში სათამაშოებით, მაგრამ ხალხმა მიიღო ეს ყველაფერი და აღარ აქვს განსაკუთრებული რეაქცია. ემილიას დროს ახალი იყო მსგავსი ტიპის ვიდეოები, ახალს კი უფრო რთულად იღებენ. მე კი მივესალმები სიახლეებს, მაგრამ ემილიას შემთხვევაში ასე მოხდა. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, პოზიტივი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი, დღემდე მადლობას გვიხდიან მშობლები, რომ პოპულარიზაციას ვუწევთ მაგალითად, სტომატოლოგთან სიარულს და ვუხსნით ბავშვებს, რომ ეს საშიში სულაც არაა, ხაზს ვუსვამთ, რომ ფაფის, წვნიანის ჭამა მნიშვნელოვანია და ბავშვებიც მოგვყვებიან ხოლმე, როგორც ამას გამოხმაურება მოწმობს.
- ემილია უკვე დიდია და შესაძლოა კომენტარებს თავადაც კითხულობს, ხომ არ ნერვიულობს ამაზე, ხომ არ განიცდის?
- ემილია პატარაობიდანვე ცნობადი იყო და გარკვეულწილად მიჩვეულია ამას, ბევრს ველაპარაკებოდით და ვმუშაობდით ამ მხრივ მასთან, ამიტომაც ჩვეულებრივად იღებს, თუ ვინმე რამე ცუდს დაწერს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ბულინგი სოციალურ ქსელში ისეთი თემაა, რომ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი, შეიძლება უბრალო ფოტოზე ისეთი კომენტარები დაუწერონ, რომ ბავშვზე ცუდად იმოქმედოს, არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილია ის თუ არა. ყველა იყენებს სოციალურ ქსელს, ამიტომ მშობლებს დიდი ყურადღება გვმართებს, კონტროლი და საუბარი სულ საჭიროა, რომ ისე მიიღონ მსგავსი ფაქტები, არ დაითრგუნონ. არიან ბავშვები, რომლებიც მშობლებს უმალავენ რაღაცებს და ეს ყველაზე ცუდი ფაქტია, ბავშვები მშობლებთან აუცილებლად გახსნილები და მეგობრულები უნდა იყვნენ, ჩვენს ოჯახში ასეა, არავინ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. მშობლებმა უნდა იმეგობრონ შვილებთან, ჩხუბით და საყვედურებით არაფერი გამოვა ლმობიერი მიდგომა ყველაზე ეფექტური და შედეგიანია შვილებთან ურთიერთობისას.
- ემილი შეიძლება ითქვას, გაიზარდა საზოგადოების თვალწინ, ახლა და ახლა ისევ ისე მოსწონს ვიდეოების გადაღება, როგორც ადრე?
- კი, პატარაობიდან დღემდე ემილი ამას აკეთებდა თავისი სურვილით, ჩვენც ვიღებდით იმას, რაც ბავშვს მოსწონდა, სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. ჯერ ემილის ვუსმენდით და შემდეგ ვგეგმავდით მომავალ ნაბიჯებს. ახლა ისეთი დაკავებულები ვართ, ორი დღის წინ მთხოვდა ვიდეოს გადაღებას და ვერ მოვახერხეთ, ამით იმის თქმა მინდა, რომ თვითონ აქვს სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ემოცია იქნება ნამდვილი და არც ვიდეო გამოვა კარგი, ამ ყველაფერს იძულებით ვერ გააკეთებინებ ბავშვს, იძულება ჩვენთვის მიუღებელია. უკვე იმხელა გამოცდილება აქვს, უთქმელად ხვდება რა უნდა გააკეთოს კამერის ჩართვისას, მიჩვეულია კამერას და მასთან მუშაობას. მულტფილმის გახმოვანებითაა ამჟამად დაინტერესებული, უფრო წინ უნდა წასვლა, კინო აინტერესებს, ასევე სიმღერა, ჩვენი მხრიდან კი ხელშეწყობა ყოველთვის ექნება.
ციცი ომანიძე