რეალურია თუ არა ბავშვის სქესის დაგეგმვა, გამართლებულია თუ არა მშობიარობის ან მუცლის მოშლის შემდეგ მალევე დაორსულება და რამდენ ხანში უნდა მოხდეს ეს, როდის ითვლება მენსტრუაცია ნაადრევად და რა უნდა გაითვალისწინონ გოგონების დედებმა - ამის შესახებ ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ჩაჩავას კლინიკის კლინიკური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი გვიყვება, რამდენად ამართლებს სქესის დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდი, რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა, რომლებიც მშობიარობიდან მალევე გადაწყვეტენ შვილის გაჩენას და მუცლის მოშლის ან მკვდრადშობადობის შემთხვევაში, რა ვადის შემდეგაა რეკომენდებული დაორსულება:
- სქესის გამოთვლის ხერხები ნამდვილად არ ამართლებს და ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ დამთხვევაა. ამიტომ, ქალები, რომლებსაც კონკრეტულ სქესს ეუბნებიან, ორსულობის მე-12-მე-13 კვირის შემდეგ ექოსკოპიით განსხვავებულ ინფორმაციას რომ იღებენ, იმედგაცრუებულები რჩებიან. მსგავსი მიდგომა უფრო მეტად აქტუალური 40 წლის წინ იყო. ახლა ქალები გაცილებით ინფორმირებულები არიან, ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურასა და საინფორმაცი წყაროს და მათი ნაბიჯი ორსულობასთან დაკავშირებით, გააზრებული და წინასწარ დაგეგმილია. დღეს არსებობს კონტრაცეფცია, უამრავი გზა, რომ თავიდან აირიდონ არასასურველი ორსულობა და აბორტი.
- როდესაც მშობიარობასა და შემდეგ ორსულობას შორის ძალიან მცირე სხვაობაა, რამდენად სახიფათოა ეს ქალის ორგანზმისთვის და რა არის ოპტიმალური ვადა?
- მშობიარობის შემდგომ 12 თვეში ქალი იშვიათად ორსულდება. როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს დღეში 8-9 ჯერ, მის ორგანიზმში გამოიყოფა ისეთი ჰორმონი, როგორიცაა პროლაქტინი, რომელიც აფერხებს ფოლიკულის მომწიფებას, ოვულაცია არ ხდება, შესაბამისად ორსულობაც არ დგება. სხვა შემთხვევაში თუ განაყოფიერება მოხდა, და პაციენტმა იგრძნო თავი ორსულად, შემდეგ ის მიმართავს გინეკოლოგს, იკეთებს გამოკვლევებს და ორსულობა დასტურდება. რა თქმა უნდა, დედისთვის მშობიარობის შემდეგ 12 თვეში დაორსულება არ არის მიზანშეწონილი. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს შემდეგ დაორსულებამდე 2 წლიანი შუალედი უნდა იყოს დაცული. საკეისრო კვეთის დროს კი პირველი ორსულობიდან, შემდეგ ორსულობამდე 2,5 წელი. როგორც მრავალრიცხვოვანი კვლევები გვიდასტურებს, მშობიარობის შემდგომ ორგანიზმს სრული აღდგენისთვი მინიმუმ 2,5 წელი სჭირდება და ამ დროს ქალმა თავდაცვის სხვადასხვა საშუალება უნდა გამოიყენოს.
- როდესაც ქალს მუცელი მოეშლება ან მკვდრადშობადობაა, ამ დროს ეუბნებიან ხოლმე, რომ გარკვეული დროის განმავლობაში აღარ უნდა დაფეხმძიმდეს. ეს რამდენად რეალურია და რა არის ოპტიმალური ვადა?
- მიდგომა რეალურია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ოპტიმალური პერიოდია 18 დან 24 კვირამდეა. თუ ორსულობა 12 კვირამდე შეწყდა, შემდეგ თვეშივე დაორსულება მიზანშეწონილი არ არის და მინიმუმ, 12 კვირა მაინც უნდა გავიდეს. ამ დროის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, გაარკვიოს, რამ გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა. მიზეზი მრავალფეროვანია. იგივე ვადაა ოპტიმალური, თუ ორსულობა 20 კვირის ვადაზე წყდება ან 32-ე კვირაზე- ნაადრევი მშობიარობით მთავრდება. როდესაც მიზეზს გავარკვევთ, ვიწყებთ შესაბამის მკურნალობას და ქალს შეიძლება დაორსულების რეკომენდაცია მივცთ არა 12კვირის , არამედ 24 კვირის შემდეგ. მკვდრადშობადობაზეც იგივე შემიძლია გითხრათ. ამიტომ, ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ექიმი გამოკვლევების საფუძველზე განსაზღვრავს, რა მიზეზით შეწყდა ორსულობა და რა ტიპის მკურნალობა სჭირდება პაციენტს.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოდიან ხოლმე ქალები და რა არის თქვენი მთავარი რჩევა ორულობის დროს?
- ძირითადად, მომართვიანობის მიზეზი არაორსულ ქალბატონებს შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რაც ხშირად გამოხატულია ჭარბი თეთრი ფერის, ხაჭოსებრი გამონადენით, რომელსაც შესაძლოა უსიამოვნო სუნი ჰქონდეს, ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნებით. თუმცა, დღეს ამ მიმართულებითაც დიდია ინფორმირებულობის დონე, პაციენტები იტარებენ სრულფასოვან კვლევებს და შესაბამის მკურნალობას. მოგვმართავენ ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, სისხლდენებით, უშვილობით. გარდა ამისა, ხშირად მომართვიანობის მიზეზი სახეზე თმიანობა და აკნეა, რაც ესთეტურად დისკომფორტს უქმნის გოგონებს. ბოლო წლებში მინდა აღვნიშნო, ხშირად მოგვმართავენ პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით, რაც ძალიან მიხარია. ქალმა ნებისმიერ ასაკში გინეკოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, საშვილსოსნოს და სერძევე ჯირკვლის სიმსივნე. თუ ორსული ქალბატონი მოგვმართავს ჩივილით, რა თქმა უნდა, გამოკვლევას ვუტარებთ, მაგრამ 12 კვირამდე მკურნალობას ვერ დავუნიშნავთ, რადგან მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ანთებითი პროცესები, რომლებიც სქესობრივად გადამდები ინფეციებითაა განპირობებული, აღმავალი გზით პლაცენტის დაზიანებას იწვევენ და პლაცენტიტი ვითარდება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, 32-ე კვირაზეც კი შესაძლოა ამნიონიტი განვითარდეს და ორსულობა ნაადრევი მშობიარობით დამთავრედეს. რაც შეეხება ორსული ქალბატონებისათვის რეკომენდაციებს, ყოველთვის ვურჩევთ, რომ წინასწარ სანამ დაგეგმავენ ორსულობას აუცილებლად ჩაიტარონ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ, დაგეგმონ ორსულობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ისეირნონ სუფთა ჰაერზე და იკვებონ სრულფასოვნად. ხშირად ქალები, მათ შორის ორსულები, წონის მატების თავიდან ასარიდებლად, ძალიან ცოტა რაოდენობის საკვებს იღებენ. ქრონიკულად დიეტაზე არიან, რაც ნაყოფს სერიოზულ პრეობლემებს უქმნის. არაორსულ ქალში კი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უშვილობა გამოიწვიოს. ორსულმა ქალბატონებმა კვებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ იმიტომ, რომ მათ ორგანიზმში ახალი სიცოცხლეა, რომელსაც განვითარებისათვის სრულფასოვანი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ესაჭიროება
- გოგონებში ხშირია ნაადრევი მომწიფება, ამ დროს რა უნდა იცოდეს მშობელმა და როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს?
- ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში პირველი მენსტრუაცია იწყება 7 წლის ასაკში, რაც ვლინდება მენსტრუალური (სისხლიანი) გამონადენის დაწყებით, მკერდის განვითარებით, თმიანობობა ვითარდება ბოქვენზე, იღლიაში, აღინიშნება სწრაფი ზრდა სიმაღლეში. ზემოთ აღნიშნული კლინიკური გამოვლინებების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს მშობელმა ბავშვთა რეპროდუქტოლოგს, ენდოკრინოლოგს და ბავშვს სპეციალური გამოკვლევები ჩაუტაროს.
- როგორ უნდა შეამზადოს მშობელმა შვილი პირველი მენსტრუაციისთვის?
- მენსტრუალური ციკლის დაწყება ძალან მნიშველოვანი და საპასუხიმგებლო მომენტია ქალის ცხოვრებაში, რა დროსაც გოგონას თანადგომა სჭირდება. ყველა დედა ვალდებულია წინასწარ აუხსნას და მორალურად მოამზადოს ქალიშვილი ცხოვრების ახალი პერიოდისთვის. დედამ უნდა უთხრას, რომ ყოველ თვე მენსტრუალური სისხლიანი გამონადენი ექნება, უნდა ასწავლოს, როგორ გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები, რომ ამ რთულ დღეებში თავი კომფორტულად იგრძნოს. ასევე, უნდა ჰქონდთ მენსტრუაციისთვის სპეციალური კალენდარი, სადაც მენსტრუაციის დაწყების და დამთავრების თარიღს აღნიშნავენ. მენსტრუალური ციკლი თვეში ერთხელ, 21, 26, 28 ან 30,33-დღიანი შუალედით უნდა იყოს და საშუალოდ, 3-5 დღის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ნორმალური სისხლიანი გამონადენით. თუ მენსტრუაცია გახანგრძლივებულია 10 დღემდე , ჭარბია და მტკივნეულია, მაშინ ექიმთან ვიზიტი და რჩევების მიღება აუცილებელია.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გოგონებში პირველ წელს მენსტრუაცია შესაძლოა არარეგულარული იყოს, რაც არ არის საგანგაშო.
- რა ეშლებათ ყველაზე ხშირად მშობლებს გოგონების მოვლის პროცესში, დაწყებული ჩვილთა ასაკიდან, მოზრდილობამდე, თუნდაც ჰიგიენის თვალსაზრისით და თავდაცვის შესახებ როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია?
- ახაალშობილის ასაკიდან დაწყებული, მოზრდილ ასაკამდე და სიცოცხლის ბოლომდე ჰიგიენის დაცვა სისუფთავეზე ზრუნვა გახლავთ. გარდა ამისა, ეს სხვადასხვა ინფექციური დაავადების პროფილაქტიკაა. დედა უნდა მიაჩვიოს შვილი აბაზანის ყოველდღიურ მიღებას, ესაუბროს გოგონას პარტნიორთან შესაძლო ურთიერთობებზე, სქესობრივად გადამდებ დაავადებებსა და დაუგეგმავ ორსულობაზე. ეს აუცილებლია, რათა თავიდან აირიდოს შვილის არასასურველი ორსულობა, აბორტი და მასთან დაკავშირებული გართულებები.
თამარ იაკობაშვილი