პოპულარული სერიალი "ჩცდ" კორონაპანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, გაზაფხულზე ის თავის ჩვეულ რიტმს და ერთგულ მაყურებელს დაუბრუნდება. ცნობილი სერიალის ცნობილი პერსონაჟების კადრს მიღმა ცხოვრება მკითხველს ყოველთვის აინტერესებს.
ამიტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე ცნობილ ბავშვს, ჯეკოს, იგივე გიორგი ბარბაქაძეს შეეხმიანა, რომელიც სულაც აღარ არის პატარა, უკვე 19 წლის არის და სტუდენტიც გახდა. თუმცა თავის სტუდენტურ ცხოვრებაზე ჯერ ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგანაც პანდემიის გამო თითქმის სულ სახლში უწევს ყოფნა და ლექციებს ონლაინ ესწრება.
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი თანაკურსელები და ლექტორები პირისპირ ჯერ არც მინახავს" - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.
- შენი არჩევანი იყო, რომ "ბიზნესმენეჯმენტზე" გესწავლა?
- კი, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მისი არჩევაც ისე მოხდა, რომ არ ვიცოდი, რა ჩამეწერა იქ, სადაც ჩავწერე. ისე, ახლაც არ ვარ დარწმუნებული, მინდა, თუ არა ეს დარგი. ჯერ გამოვცდი, ვნახავ და ყველაფერს მივხვდები...
- მისაღები გამოცდები რთული იყო?
- არ გამჭირვებია...
- ამდენწლიანი სამსახიობო გამოცდილების შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელებდი. ამაზე არ გიფიქრია?
- "თეატრალურზე" მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი. მინდოდა სხვა რამ მეცადა, რადგანაც სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?! ისე, "თეატრალურზე" ჩაბარება, ჯობიაო - ამას ბებია სულ მეუბნება.
- სერიალი, სადაც გაიზარდე, პოპულარული გახდი - რა არის შენთვის?
- პირველ რიგში, ჩემი კარიერა და პროფესიაა. ყველა იმ ადამიანთან, ვინც იქ გავიცანი, ვმეგობრობ. ეს სერიალი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა.
- გახსოვს კამერასთან მუშაობის პირველი დღე?
- როგორ არ მახსოვს... თუმცა მანამდე, სანამ სტუდიაში შევიდოდით, რომ მივედით, თავიდან დაცვასთან გავჩერდით, სადაც ასევე მოვიდა ჩემი ეკრანული და - ტასო და დედა - ნინო. მოკლედ, ერთმანეთი "ოჯახის წევრებმა" პირველად იქ ვნახეთ, ასე გავიცანით. მათთან ყველასთან ვმეგობრობ - უახლოესი ადამიანები არიან.
ტასო მაშინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძალიან მარტივად გავუგეთ ერთმანეთს... ტექსტების დამახსოვრების პრობლემაც არასდროს გვქონია... შენიშვნაც არ დაგვიმსახურებია, უბრალოდ, როდესაც რეჟისორები რაღაცეებს გვირჩევდნენ, ზუსტად იმას ვითვალისწინებდით, რასაც გვეუბნებოდნენ. ყოველთვის ჭკვიანები ვიყავით.
- ახლა ძველ სერიებში პატარა ჯეკოს რომ უყურებ, მოგწონს?
- ძალიან კარგია, კი, მომწონს...

- როდესაც ტასოს ვესაუბრე, მითხრა, ადრე, სულ თავიდან ეკრანზე ჩემს თავს ვერ ვუყურებდი და სერიალი რომ იწყებოდა, სხვა ოთახში გავდიოდიო. შენ?
- მე საერთოდ არ ვუყურებდი, არ მქონდა სურვილი, რომ მენახა, რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს...
- როგორ ფიქრობ, შენში რეჟისორებს და პროდიუსერებს რა მოეწონათ?
- ალბათ, ჩემი ბუნებრიობა...
- შენი პერსონაჟი თუ მოგწონს?
- კარგი ტიპია, მაგრამ ჩემგან განსხვავდება... რთული პერიოდები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს კარგად მოიქცა, რომ მშობლებს და მეგობრებს დაელაპარაკა... განაგრძეთ კითხვა