"იმ განწყობით გავთხოვდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა" - 12 შვილის მშობლები მე-12 შვილიშვილს ელოდებიან - მშობლები

"იმ განწყობით გავთხოვდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა" - 12 შვილის მშობლები მე-12 შვილიშვილს ელოდებიან

2021-04-21 09:02:24+04:00

ნინო ბზვანელი და დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე 12 შვილის მშობლები არიან, წელს უკვე მე-12 შვილიშვილს ელოდებიან. ქალბატონი ნინო ბზვანელი­ გახლავთ­ ორგანიზაცია "მრავალშვილიანი დედების" დამფუძნებელი, პოეტი, მწერალთა­ კავშირის წევრი. ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ შენს კრებულს წინასიტყვაობა გაუკეთოს ისეთმა მწერალმა, როგორიც გურამ დოჩანაშვილი გახლდათ.­"ნინო ბზვანელის ლექსები ჭეშმარიტი პოეზიის უმთავრეს დანიშნულებას - ამაღლებასა და უკეთესობას ემსახურებაო", - წერდა მწერალი.

- 12-13 წლიდან ჟურნალსა და გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები, ვმონაწილეობდი კონკურსებში, გარდა ამისა, გავწევრდი რუსთავის მწერალთა კავშირში. მამა ალექსანდრეს ძალიან მოსწონდა ჩემი ლექსები, რამდენჯერ ქადაგებაშიც გამოუყენებია სამშობლოზე, პატრიარქზე.

ჩვენთან, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხშირად დადიოდა გურამ დოჩანაშვილი. მამა ალექსანდრემ ჩემი ლექსები მისცა და სთხოვა, წაიკითხეთ და გვითხარით თქვენი აზრი, უნდა გამოიცეს თუ არაო. გარკვეული დროის შემდეგ დამიბრუნა რვეული, ადგილ-ადგილ თავისივე ხელით ჩასწორებული. იმდენად მოეწონა, თვითონვე მოუნახავს გამომცემელი და სრულიად უანგაროდ დააბეჭდვინა მცირე ტირაჟით წინასიტყვაობაც თვითონვე დაწერა და მაჩუქა.

- თქვენ დააფუძნეთ მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია, რა იყო შექმნის იდეა?

- მიზანი­ მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია იყო. ორგანიზაციაში დაახლოებით 35 ოჯახია, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი, ყველანი ამ ტაძარში დადიან. 26 წლის დავოჯახდი. ძალიან რთული ფეხმძიმობის პერიოდები მქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ აღარ გავაჩენდი და ეს ბოლო იქნებოდა. კარგად მახსოვს, სკოლიდან წაგვიყვანეს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პატრიარქი გამოვიდა და დაგვლოცა...

მამაჩემის ბებია ყოველ კვირას წირვაზე თიანეთიდან თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე, სიონში. დაგვაყენებდა პატარებს და "მამაო ჩვენოს" გვათქმევინებდა. მონაზვნობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა, მამა ზურაბ ანთაძემ მითხრა, შენ უნდა გათხოვდე და შვილები გააჩინოო. ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ, მოძღვარი რომ თავის სულიერ შვილს იცნობს, ალბათ, საკუთარი მამა არ იცნობს ისე. არ ვიცი, ქორწინება ქრისტიანულად როგორ ხდება-მეთქი, ვუპასუხე. როგორ და, როდესაც მოძღვარი გირჩევს მეორე ნახევარს, მან იცის, ვის როგორი ადამიანი შეეფერებაო.

- რა მოხდა შემდეგ, მოძღვრის არჩეულ ადამიანს დაუკავშირეთ ბედი?

- ერთი წელი გავიდა ამ საუბრის შემდეგ. ერთ აღდგომას სვეტიცხოველში­ ვიყავი მეგობრებთან ერთად. სემინარიის სტუდენტი ბიჭები გალობდნენ. ზიარების შემდეგ სამადლობელი ლოცვა მქონდა წასაკითხი, მაგრამ მეგობრები მაჩქარებდნენ.

უცებ ვისაც სეფისკვერები ეჭირა, თასი ხელიდან გაუვარდა და ნამცეცები ძირს დაიყარა. იმ ბიჭმა დაიჩოქა და ნამცეცების აკრეფა დაიწყო. ასე სათითაოდ რატომ კრეფთ-მეთქი? ეს თითოეული ნამცეცი ხომ ქრისტეაო. ისე მითხრა ეს სიტყვები, მეც იმწამსვე დავიჩოქე და მასთან ერთად დავიწყე ნამცეცების შეგროვება.

ამ შემთხვევის შემდეგ გავიდა დრო და მოძღვარმა მითხრა, ხვალ ჩემი ნათესავი უნდა გაგაცნო, სემინარიის სტუდენტია, მღვდლად უნდა აკურთხონ და ცოლი უნდა მოიყვანოს, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ თუ არ მოგეწონება, უარის თქმა ყოველთვის შეიძლებაო. მეორე დღეს ჩემი მოძღვარი იმ ბიჭთან ერთად დავინახე, ვინც რამდენიმე თვის წინ სეფისკვერის ნამცეცები ასე გულმოდგინედ აკრიფა... იმ დღეს სახლში გამაცილა, მაგრამ ძალიან სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მამაოს ვუთხარი, ასეთ ადამიანთან საერთოს გამონახვა გამიჭირდება-მეთქი.

იმ დღეებში ალპინიადაზე მივდიოდით, მთელი რაჭა უნდა მოგვევლო და ისიც გამოგვყვა. ძალიან გამხდარი იყო, 25-კილოგრამიან ზურგჩანთას როგორ ატარებს-მეთქი, ვკითხე მოძღვარს. მართლაც, ჭაუხებში აღმართს რომ უნდა დავდგომოდით, ცუდად ვარ და სიარულს ვეღარ შევძლებ, უკან გავბრუნდებიო, გვითხრა. გადავინაწილეთ მისი ტვირთი. აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. თან ძალიან მზრუნველი იყო, ლაშქრობაში­ ხომ კარგად მჟღავნდება ადამიანის ხასიათი.­ მოკლედ, შოვში რომ ჩავედით, ვუთ­ხარი, თანახმა ვარ-მეთქი. შოვში ჯგუფი მივატოვეთ და თბილისში დავბრუნდით. განაგრძეთ კითხვა