კარიბის კუნძულების ნაცვლად ოცნებობ ცხელ აბაზანაზე და შხაპის ქვეშ გატარებულ დროზე თურმე რამდენიმე ნიშნის მიხედვით იოლად შეიძლება იმის გამოცნობა, რომ შენ წინაშე პატარა ბავშვის დედაა. რა თქმა უნდა, ეს უფრო სახუმარო ნიშნებია, თუმცა ყურადღებად ღირს.
- სხვაობა ორსულობის დროს არსებულ ცხოვრების წესსა და მშობიარობის შემდეგ – უზარმაზარია, - ამბობს ახალბედა დედა რაშელ რომჰოლდტი, - როცა დედა გავხდი, აღმოვაჩინე, რომ უამრავ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაზეც ადრე არც კი მიფიქრია. ზოგიერთი რამ უბრალოდ სიცილის მომგვრელიც კი იყო, ზოგი კი მართლა გამაღიზიანებელი არა იმდენად ჩემთვის, რამდენადაც გარშემო მყოფებისთვის. აი ჩემი დაკვირვებები!
1. ჭამ და ბანაობ ტყვიის სისწრაფით.
2. საკუთარ თავზე მესამე პირში იწყებ ლაპარაკს: "დედას ცოტა დრო მაინც სჭირდება თავისთვის", "დედა ტუალეტში უნდა გავიდეს", "დედა მაღაზიაშია".
3. ხოლო საკუთარ თავსა და ბავშვზე პირიქით – იწყებ ლაპარაკს "ჩვენ": "ჩვენ შევჭამეთ" (თუნდაც თავად დილიდან არაფერი გქონდეს ნაჭამი), "ჩვენ კიჭი ამოგვივიდა" და ა.შ.
4. შენი პერანგი ტანსაცმელი აღარ არის. ის მრავალფუნქციური ადვილად რეცხვადი და გაშრობადი, სწრაფად დასვრადი ზედაპირია.
5. უფრო ხშირად იცვლი სამოსს, ვიდრე მოზარდი გოგონა, რომელიც სკოლაში წასასვლელად ემზადება. აბა, რა უნდა ქნა, როცა შენი ტანსაცმელი ხან ფაფაშია ამოვლებული, ხან ბავშვის ფისებში?
6. უკან შეკრული თმა და სრულიად უმაკიაჟო სახე შენს საფირმო სტილად იქცევა. საფირმოში მე ერთადერთს ვგულისხმობ.
7. კარიბის კუნძულების ნაცვლად ოცნებობ ცხელ აბაზანაზე და შხაპის ქვეშ გატარებულ დროზე.
8. ბავშვს ისე ულოცავ კუჭში გასვლას, თითქოს ოლიმპიური თამაშები მოუგია.
9. მას მერე, რაც გაბედავ და ბავშვს ძიძას თუ ბებოს დაუტოვებ, ძლივს შეხვდები დაქალებს, მთელი საღამო მხოლოდ ბავშვზე ლაპარაკობ და ასევე იმაზე, თუ როგორ გენატრება.
10. ყავა, რომელიც დილით დაისხი, ახლაც მაგიდაზე დგას. ისევ გაცივდა, არადა, მეოთხედ გააცხელე.
11. ერთი ძუძუ ყოველთვის ცოტათი დიდია მეორეზე.
12. თავს იჭერ იმაში, რომ საბავშვო სიმღერებს მას მერეც ღიღინებ, როცა ბავშვი დაიძინებს...
რასაკვირველია, ყველა ბავშვი არ არის ერთნაირი და ყველა დედას სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მაგრამ ალბათ მაინც გეცნობათ ბევრი რამ.