ყველასთვის ცნობილი მამა სერაფიმე, რომლის საოცარი გალობა საქართველოს ფარგლებს დიდი ხანია გასცდა, სტუმრად იყო ტელეიმედზე გადაცემაში "ნოესთან" და გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, ბავშვობაზე, შეცდომებზე, ეკლესიურ ცხოვრებაზე, დაავადებაზე, რომელიც სტანჯავს და ა.შ. მათ შორის ისაუბრა ოჯახზე, რომელიც ბერად აღკვეცამდე ჰქონდა. მისივე მონათხრობის თანახმად, მისი მეუღლე ქრისტინა კვლავ მამა სერაფიმეს მშობლებთან ცხოვრობს და იქვე ზრდის შვილებს - მამა სერაფიმეს ორ გოგონას. მისი აღიარებით, მას ახლაც უყვარს ცოლი და უყვარს შვილებზე მეტადაც:
"მან მე ერთხელ მითხრა, ცოცხალი ქმრის წინაშე ქვრივად დამტოვეო... ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს... ეს ბავშვები მართლაც სიყვარულის ნაყოფი არიან... ქრისტინა დღემდე ჩემი ნახევარია და ვინ მომხედავს მე? ის კვლავ ჩემ გვერდითაა, დედაჩემთან და მამაჩემთან ცხოვრობს... ის უფრო მონაზონია, ვიდრე მე. ის თავის თავს ზღუდავს ყველაფერში... მას მე უსასრულოდ ვუყვარვარ..."
ცნობისათვის, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი, ქანდის მონასტრის წინამძღვარი, საქართველოში მცხოვრები მარლთმადიდებელ ასურელების სულიერი მოძღვარი და ლიდერი, ეთნიკურად ასურელი ბერი. დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. საღვთო ცხოვრება 24 წლის ასაკში დაიწყო.
სერაფიმე ბით-ხარიბი დაიბადა 1978 წლის 12 ივლისს თბილისში. ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი. წარმოშობით მამა სერაფიმე ისტორიული მესოპოტამიიდანაა ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. მისი მშობლიური ენა არამეულია. იგი ლოცვებს არამეულად კითხულობს და გალობს უძველეს აღმოსავლეთში არსებული ტრადიციების შესაბამისად.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ტაეკვონდოში, სპორტის ოსტატი, შავი ქამრის, პირველი და მეორე დანების მფლობელი კარატეში. ერთხანს სამუშაოს შოვნის მიზნით უკრაინაში წავიდა, პირადი დაცვის სამსახურის უფროსად მსახურობდა, იქიდან კი საქართველოში ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა ის, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა