საბედნიეროდ, ის გამოაააშკარავეს ეს ამბავი მართლაც უნიკალური და საბედისწეროა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერმა ენდრიუ ვეიკფილდმა სამედიცინო გამოცემაში The Lancet-ი გამოაქვეყნა კვლევა, თითქოს ვაქცინაცია პირდაპირ კავშირში იყო აუტიზმთან და სხვა დაავადებებთან, რომლებიც ბავშვებს უჩნდებოდათ. მისმა "მეცნიერულად დადასტურებულმა" ინფორმაციამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სანამ მას სხვა მეცნიერები ეკამათებოდნენ და მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, ძალიან ბევრი მშობელი, რომელსაც ისედაც ეშინოდა აცრების, კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყო და უამრავი ბავშვი პრინციპულად არ აცრეს. რასაკვირველია, ამას მოჰყვა ცუდი შედეგები – აუცრელი ბავშვების გარკვეულ ნაწილს ინფექციური დაავადებები ემართებოდა, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა და ლეტალურადაც კი დასრულებულა. მისმა აგიტაციამ არა მხოლოდ მის თანამედროვეებზე, შემდგომ თაობებზეც იქონია გავლენა და დღესაც ანტივაქსერების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მიიჩნევა...
ექიმს სასამართლო პროცესები ჰქონდა სამედიცინო კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა ყოველ ჯერზე სასამართლო მისი მარცხით სრულდებოდა. მოგვიანებით ჟურნალმა The Lancet-მაც ბოდიში მოიხადა პუბლიკაციის გამო მკითხველის წინაშე და საერთოდ ამოიღო ინტერნეტსივრციდან ეს სტატია.
ვეიკფილდი კი არ ცხრებოდა და მასშტაბურ კამპანიას აწარმოებდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, მშობლებს უფრო და უფრო აშინებდა. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოაშკარავდა ექიმის თაღლითობა – როგორც გაირკვა, ის მხოლოდ იმ მონაცემებს იყენებდა, რომლებიდანაც გამოდიოდა, თითქოს ბავშვები ვაქცინაციის შემდეგ ავადდებოდნენ. იმ შედეგებს, რომლებიც მის თეორიაში არ ჯდებოდა, უბრალოდ უარყოფდა. და გამუდმებით ატარებდა უსარგებლო და ბავშვებისთვის საკმაოდ მავნე ტესტებს. რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? არსებული ვაქცინების დისკრედიტაციის ფონზე ვეიკფილდმა საბუთები შეიტანა ახლის მისაღებად, რომელიც მის მიერ იყო შემუშავებული და მისი გათვლებით, მთელი მსოფლიო მის მეთოდზე გადავიდოდა. შესაბამისად, ეს მოუტანდა მას დიდ აღიარებას და უზარმაზარ ფულს. ათი მშობლიდან რვა მართლაც აცრებს უკავშირებდა ბავშვების დაავადებებს და ექიმებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ საპირისპიროში დაერწმუნებინათ. საბოლოოდ ვეიკფილდის მაქინაციები გამოაშკარავდა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი მოუგონია უამრავი საშიში დაავადებისგან თავის დასაცავად.
როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ჯანმრთელობის დაცვის ორი ფაქტორი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, არის სუფთა წყალი და აცრა. პედიატრები ყველა მშობელს ურჩევენ ბავშვების აცრას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისგან. იმ შემთხვევაში, თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გარეშე. ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი.
სალომე გორგოშიძე
ნია ნინიაშვილი