რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური ტილების წინააღმდეგ - ზაზა თელიას რეკომენდაციები - მშობლები

რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური ტილების წინააღმდეგ - ზაზა თელიას რეკომენდაციები

2021-06-04 05:31:00+04:00

როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები და რომელია ტილებისთვის ყველაზე ძლიერი წამალი

თავის ტილი ბევრი ბავშვისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია. მშობლებიც ხშირად ღელავენ ამ საკითხზე და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ეფექტური პრეპარატები არსებობს, სოციალურ ქსელში მაინც კითხულობენ, რა გზით შეუძლიათ, ებრძოლონ პრობლემას. რამდენად ხშირად მიმართავენ ექიმს ტილის პრობლემით, რომელ სეზონსა და ასაკშია უფრო აქტუალური და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება:

- ამ პრობლემით ექიმთან მიმართვიანობა არა მარტო ჩემთან, არამედ, ზოგადადაც, არ არის მაღალი, რადგან აფთიაქებში ძალიან ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს, რომლებსაც რეცეპტის გარეშე გასცემენ. შესაბამისად, უმეტესი შემთხვევა ექიმთან ისედაც ვერ ხვდება, მშობლები სწორედ აფთიაქში ყიდულობენ მედიკამენტებს და ამით უმკლავდებიან პრობლემას. ასაკობრივად, უფრო აქტუალური სკოლამდელი ასაკის ბავშვებშია, სეზონურადაც უფრო ხშირი ზაფხულის პერიოდშია.

- ტილის ნაკბენმა შესაძლოა ბავშვს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა შეუქმნას?

- უშუალოდ ნაკბენს პრობლემის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა ეს პროცესი ხშირად ძლიერ ქავილთანაა ასოცირებული, რითაც შესაძლოა ბავშვმა კანის საფარველი დაიზიანოს. თუ კანის საფარველი დაზიანდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ინფექცია შეიჭრას და პროცესი გართულდეს.

- რომელიმე ჰიგიენური საშუალება ხომ არ უწყობს ხელს მათ გაჩენას?

- არა, ასეთი საშუალებები არ არსებობს.

- თმის ტიპზე რამდენად არის დამოკიდებული ტილებისადმი მიდრეკილება. საერთოდ, არსებობს ტილებისადმი მიდრეკილება?

- მიდრეკილება ნამდვილად არ არსებობს და არც თმის ტიპზეა დამოკიდებული. ყველა ტიპისა და ფერის თმაზეა შესაძლებელი განვითარდეს ეს პრობლემა.

- ტილების მოსაშორებლად ბავშვებს ხშირად თმას პარსავენ. თმის სრულად გადაპარსვა რამდენად მიზანშეწონილია, ეს მართლა აუმჯობესებს თმის ხარისხს?

- რა თქმა უნდა, თმის გადაპარსვა ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, მაგრამ რადიკალური ზომები რომ არ მიიღონ მშობლებმა, როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი საშუალებები არსებობს სააფთიაქო ქსელში, რომელთა შეძენაც ურეცეპტოდ შეუძლიათ და პრობლემაც მარტივად მოგვარებადია. მათ შორის, ყველაზე ეფექტურია პერმეტრინის შემცველი მედიკამენტები. რაც შეეხება თმის ხარისხის გაუმჯობესებას, გადაპარსვა ხარისხზე არ მოქმედებს. როდესაც ქალბატონებს გრძელი თმა აქვთ, თმის ბოლოები გარკვეული დროის განმავლობაში ფუჭდება, თუ ამის მოჭრას ჩავთვლით ხარისხის გაუმჯობესებაში, რა თქმა უნდა, ეფექტურია. მაგრამ, მთლიანად გადაპარსვით თმის ხარისხი არ იცვლება.

- ტილების მოსაშორებლად უამრავ საშუალებას მიმართავენ ადამიანები, რა საფრთხე ახლავს ხალხურ მეთოდებს?

- ბევრი საფრთხე შეიძლება ახლდეს თან. ამიტომ, მსგავსი მეთოდებით კატეგორიულად არ შეიძლება პრობლემასთან ბრძოლა. ბაზარზე ეფექტური საშუალებები უკვე მრავალი წელია არსებობს. ხალხური, არაგამოცდილი და სამეცნიერო მტკიცებულებების გარეშე გამოყენებული მეთოდები სხვადასხვა გართულების წყარო შეიძლება გახდეს. მათ შორის, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, სხვა ტიპის ალერგიული რეაქციების და ასე შემდეგ.

- ყველაზე უცნაური რა გაგიგიათ, რა საშუალებით მკურნალობენ ბავშვებს?

- ალბათ, ყველაზე უცნაური თმის დაუთოვება უთქვამთ. რადგან ცხელია, პარაზიტს დაწვავსო, რაც არასწორია და პირიქით, პაციენტს თმაც შეიძლება დაუზიანდეს.

- მართალია, რომ ტილების მკურნალობის შემდეგ მათი კვერცხები, ე.წ. წილები, მაინც რჩება და ისინი ხელით უნდა გააცალოს მშობელმა?

- პრეპარატები, რომლებიც ბაზარზეა, ამ შემთხვევაშიც ეფექტურია, ამიტომ, მშობელს დამატებითი ძალისხმევა აღარ სჭირდება.

- გადამდებია თუ არა ტილები აუზიებიდან და ზღვიდან?

- არ, წყლით ეს პარაზიტი არ გადადის.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ტანსაცმელზე, პირსახოცსა და ლოგინის თეთრეულზე?

- ამ შემთხვევაში, გადადება შესაძლებელია.

- რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ მშობლებს, რა უნდა გააკეთონ, თუ აღმოაჩენენ, რომ მათ შვილს ტილი ჰყავს.

-ზოგადად, რეკომენდებულია პერმეტრინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების პრევენციული მიზნებით გამოყენება. ასევე, აუცილებელია, პირსახოცები, თეთრეული, საღამური 60 გრადუსზე გაირეცხოს. როგორც წესი, 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ეს პარაზიტი კვდება, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, 60 გრადუსს ვურჩევთ ხოლმე.

ბავშვს რომ ტილები არ გადაედოს: გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას

თამარ იაკობაშვილი