ეს 11 წლის მარიამ იანტბელიძის ნამუშევრებია - იდეა-ჩანახატები, რომლებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად. მარიამის მამას ბევრი იცნობს - საბავშვო წიგნების ავტორს, კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში ტრენერს კოტე იანტბელიძეს. მამა გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, თუმცა მარიამს თავისი მიმართულება აქვს, თავისებური ხედვა და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები. სწორედ ამაზე გვესაუბრა თავად.
- მარიამ, როდის დაინტერესდი ამ უჩვეულო ჩანახატებით და რა მოგწონს ყველაზე მეტად?
- ზოგადად კრეატივით, ძალიან დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, თითქმის რაც დავიბადე. კრეატივი არის ის ერთ-ერთი საქმიანობა, რომელიც ძალიან მახალისებს. კრეატივში ის მომწონს, რომ მას ყველა ადამიანი შეუძლია გახადოს ორიგინალური, სახალისო, დაინტერესებული და ა.შ. ასევე, კრეატივი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც სამსახურის პოვნაში დაგეხმარება. ითვლება, რომ კრეატივი ის სფეროა, რომელსაც რობოტი ძალიან დიდი ხანი, მილიონობით წელი ვერ შეითავსებს.
- რა არის საჭირო, რომ ადამიანმა ასე განსხვავებულად დაინახოს ჩვეულებრივი საგნები და საინტერესო ნახატებად აქციოს?
- კრეატიულობა ადამიანს ყოველთვის ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ადამიანის პიროვნება. თუ ის გავლენის ქვეშაა, მას ცოტა შანსი აქვს, კრეატიულად ფიქრის. მაგრამ მე მჯერა ყველა ადამიანის. ყველა ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ დროს კრეატიული გახდეს.
ასეთი ნახატების შესაქმნელად საკმარისია უბრალოდ ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს განსხვავებულად შეხედოს.
კრეატივი თითქოს მარცვალია, რომელიც ყველა ჩვენგანშია, მას უბრალოდ გაღვივება და ამას გარდა, სწორად კვება სჭირდება.
- როგორ იქმნება ეს იდეა-ჩანახატები?
- უმეტესად, არდადეგების გასახალისებლად, ნივთებს ფოტოებს ვუღებ, ვამსგავსებ და შემდეგ ვახატავ. მაქვს ასევე ასეთი კრეატიული ალბომი, სადაც, ჯერ ვჯღაბნი ფურცელზე და მერე ვამგვანებ, სულ ბოლოს კი ვახატავ.
- კიდევ რა ინტერესები გაქვს, ამის გარდა?
- ძალიან მიყვარს ხატვა (დიგიტაიზერშიც და ფურცელზეც). ასევე მიყვარს სპორტი (კალათბურთი, ფრენბურთი).
მოთხრობების წერაც და წიგნების გაკეთებაც არ გამომრჩება. ძალიან მიყვარს დინოზავრები და ვცდილობ, რომ მათზე ბევრი რამ ვიცოდე. მიყვარს ასევე ანიმეს ყურება.
მაქვს, YouTobe არხი, სადაც ვდებდი როგორ ვხატავდი სახატავ პროგრამაში, მაგრამ ვაპირებ ჩემს მიერ ნათარგმნი და ტიტრებდადებული ვიდეოების დადებას (ნასას მიერ გადაღებულ ვიდეოებს). კოსმოსში ერთი კაცი წერს ვიდეოებს, მაგალითად: როგრორ ვიძინებთ კოსმოსში, როგორ ვიხეხავთ კბილებს კოსმოსში და ა.შ.
სულ ბოლოს, როგორც შემოტოვებული თბილი ლუკმა, არის ჩემი საყვარელი კითხვა და ჭადრაკი. ძლიან მიყვარს კითხვა, Wattpad-ში, წიგნებსა და სხვა საშუალებებში. ვიცი გაგეცინებათ, მაგრამ განსაკუთრებით წიგნის დაწყებისას, მიყვარს ილუსტრატორების ნახვა (თუ ვინ ხატავდა ამ წიგნის ყდას).
- რა გავლენა იქონია შენს ინტერესებზე მამის საქმიანობამ? თუ სწავლობ მამისგან რამეს?
- პირველად, როცა მამისგან დავინახე რა იყო კრეატივი, მამის საქმის გაკეთება მეც მომინდა. მამა, ყველასთვის, როგორც ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, ყველაფერ საუკეთესოს ცდილობს. მამა ჩემთვის არის, როგორც რჩევების და სიჭკვიანის დიდოსტატი. ყოველთვის ისეთ გამოსავალს ეძებს, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება.
- კრეატიულ აზროვნებაში, ახალ-ახალი უნარების ათვისებაში, ახალ-ახალი იდეები რომ გაგიჩნდეს, ყველაზე მეტად სკოლა გეხმარება, მშობლები, თანატოლები, ინტერნეტი თუ წიგნები?
- ზოგადად მე, შემიძლია ყველაფრისგან ავიღო საწყისი იდეა და შემდეგ გავაუმჯობესო, ამიტომ ყველა ხერხი მომგებიანი და საინტერესოა.
- რა განცდაა, როცა შენი ნამუშევრები უფროსებში და თანატოლებში აღტაცებას იწვევს? თუ გაძლევს ეს მეტ სტიმულს?
- რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მეც მსიამოვნებს შექება, ამიტომ როცა მაქებენ, ვციდობ, რომ ისევ ჩემი საუკეთესო ვცადო და არა პირიქით - საქმე ნახევრად ან არაშესრულებულად გავაკეთო.