ზაფხული თავისი ცხელი დღეებით მხოლოდ შემაწუხებელი და უსიამოვნო როდია. ზედმეტად ცხელ დღეებს სითბური ტალღები ახლავს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" სწორედ ცხელი დღეების, ასევე ელექტრომოწყობილობების გამოსხივებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე საუბრობს. და ასევე გაგრილებისთვის საუკეთესო ხერხებსაც გვირჩევს.
მისი თქმით, გლობალური დათბობა და მასტან დაკავშირებული სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთობაზე უფრო და უფრო მეტად გავლენას ახდენს და ეს ზემოქმედება მზარდია. ის არათუ იკლებს, არამედ არც კი ჩერდება.
სიკვდილიანობის გაზრდის გამო თბურ ტალღებს 2003 წელს მიაქციეს ყურადღება ევროპაში. ის არ იწვევს რაიმე ახალი დაავადების ჩამოყალიბებას, სამაგიეროდ ნამდვილად იწვევს უკვე არსებული დაავადებების დამძიმებას. რაც უფრო მაღალია სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისიები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ჯანმრთელობა. ის აუარესებს არამარტო ჯანმრთელობას, არამედ ცხოვრების ხარიხსს - ხარისხიან საკვებსა და წყალზე ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს დიარეით მიმდინარე დაავადებების გავრცელებას და განსაკუთრებით აზარალებს ღარიბ მოსახლეობაზე.
სითბური ტალღები საქართველოსთვის გაკეთებული პროგნოზი რომ მოვიშველიოთ, სამომავლოდ არამარტო მზიანი დღეების რაოდენობა მოიმატებს წლების განმავლობაში, არამედ ცხელი დღეების რაოდენობაც. ღამის ტემპერატურაც კი საშუალო ტემპერატურაზე მაღალია, რაც ორგანიზმს თერმორეგულაციის საშუალებას არ აძლევს. როცა თბური ტალღების ზემოქმედება დიდი ხნით ნარჩუნდება, ორგანიზმი თანდათან იფიტება იმის გამო, რომ მუდმივად უწევს ადაპტაცია და შეგუება ამ პირობებთან. თუ ღამის ტემპერატურა აჭარბებს 22-24 გრადუსს, დღის ტემპერატურა კი ბევრად მაღალია 32-34 გრადუსზე, ორგანიზმი თავის ბუნებრივ ტემპერატურას ვერ უბრუნდება. ეს განსაკუთრებით რთულად გადასატანია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულო ქალებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის.
ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის შიგნით ტემპერატურის შენარჩუნებას. ზაფხულში ვცდილობთ გაგრილებას, ზამთარში კი - გათბობას და ხშირად გვავიწყდება ზღვარი. როგორი ტემპერატურა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ გამართულად იმუშაოს ყველა სისტემამ.
ადამიანისთვის სიგრილის მინიმალური ტემპერატურაა 18 გრადუსი, ხოლო სიცხის - 23 გრადუსი. ზამთარია თუ ზაფხული, 18-23 გრადუსი არის ადამიანისთვის ყველაზე კარგი ტემპერატურა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. ხოლო როცა ტემპერატურა 32 გრადუსს აჭარბებს, საქმიანობა შესაძლებელია, მაგრამ არა ხანგრძლივად, არამედ მოკლე დროით და შუალედებში გაგრილებით.
15 გრადუსს ქვემოთ ტემპერატურა უკვე ძალიან სტრესულია ორგანიზმისთვის და მას ქმედუნარიანობა აღარ შესწევს. ამიტომ ადამიანებს, ვინც შენობის გარეთ ატარებენ დღის უმეტეს ნაწილს, ჯანმრთელობის განსაკუთრებული კონტროლი და რეგულირება სჭირდებთ.
ვაიფაის და 5G ინტერნეტის გავლენას, არ არსებობს რაიმე ტიპის მტკიცებულება მათი ორგანიზმზე ზემოქმედებისა, რასაც დაეყრდნობოდა და რეკომენდაციას გასცემდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ჯერ კიდევ შესწავლის საკითხია. ელექტრომაგნუტური გამოსხივება ინდივიდუალურ მგძნობელობის დონეზე დაიყვანება და ერთგვარი ჰიპერმგრძნობელობა მის მიმართ ნამდვილად არის დაფიქსირებული. მაგრამ რაიმე ტიპის რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ასევე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება საძინებელში მობილულრი ტელეფონის გავლენისა, თუმცა ძილის დროს სასურველია არამარტო ელექტრო, არამედ ხმაურის და სინათლის გამომწვევი ყველანაირი ხელსაწყო მოვიცილოთ და სრულ სიმშვიდეში დავიძინოთ. ელექტრომაგნიტური ხელსაწყოები ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია და მათზე უარს ვეღარ ვიტყვით, მათი გამოყენების შეზღუდვაზე რეკომენდაციები არ არსებობს. ეს თემა დიდი ხანია შესწავლის საგანია და ყველა ხელსაწყო, რასაც ვიყენებთ, მეტ-ნაკლებად უკვე დაქვემდებარებულია გარკვეულ რეგულაციებს. ანუ ითვალისწინებს გამოსხივების იმ დონეებს, რაც ადამიანისთვის მისაღებია. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევზღუდავთ მათ გამოყენებას.
დღის 11 : 00 საათიდან საღამოს დაახლოებით, 20:00 -21:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს. ფარდები - ჩამოფარებული. თუ სპეციალური გამაგრილებელი არ გაქვთ, სველი პირსახოცი ძალიან კარგი იქნებოდა სიგრილის და ტენიანობის შესანარჩუნებლად. ვენტილატორის გამოყენებას აზრი აქვს 32 გრადუსამდე სიცხეში. ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებში ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. პირიქით, ხელს შეუზწყობს ორგანიზმიდან სითხის ზედმეტად აორთქლებას. ამ დროს კონდენციონერი ყველაზე ეფექტური იქნება.
ღამის განმავლობაში ყოველთვის ღია უნდა იყოს ფანჯრები, თუმცა გამოიყენეთ ბადეები, რადგან დათბობის ერთ ერთი თანმდევი მოვლენა გახლავთ მწერების, ტკიპების, პარაზიტების არეალის გაფართოვება და გამრავლება.
ერთ-ერთი სქაუკეთესო გამაგრილებელი საშუალება გახლავთ წყლის მიღებაც. ბავშვებს და მოხუცებს წყურვილის შეგრძნება ნაკლები აქვთ, მათ მუდმივად სჭირდებათ შეხსენება, რომ წყალი დალიონ. მოხუცებს არც სიცხის სათანადო შეგრძნება აქვთ, ამიტომ მეტ ყურადღებას საჭიროებენ.
ზედმეტად ცივი სასმელი, ზედმეტად ცივი შხაპი არ არის გაგრილების უკეთესი საშუალება. ზომიერად ცივი მეტ ეფექტს იძლევა. დაბალი მინერალიზაციის სასმელი წყლებიც ასევე კარგი საშუალება გახლავთ გასაგრილებლად და დაკარგული მიკროელემენტების შესავსებად.