რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ყვითელ სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით დამშვნებული გოგონას ფოტოები გამოჩნდა. ეს 32 წლის მეგი თედეევია, რომელიც უმძიმეს დაავადებას წელიწადზე მეტია დიდი პოზიტივით და სიცოცხლის სიყვარულით ებრძვის. მეგიმ ერთი წლის განმავლობაში ყოველი ქიმიოთერაპია საზეიმო მოვლენად აქცია, ეს მისი "ბოლო ზარია"- ანუ ქიმიოთერაპიის ბოლო დღე. თავის ისტორიასა და გამოცდილებას მეგი AMBEBI.GE-ს უზაირებს:
- ჩემი ისტორია შარშან 8 ივნისს დაიწყო. მკერდზე, მარცხენა მხარეს სიმაგრე ვიგრძენი, ვთქვი, ცუდი არაფერი იქნება - მეთქი, თუმცა მაინც წავედი ექიმთან, თან მარტო. იმ დღესვე გავიგე დიაგნოზი - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა... ცუდზე ფიქრით ისე ამერია გონება, რომ ვეღარ ვაზროვნებდი, ისეთი უსუსურობის განცდა მქონდა დავბლოკე კიდეც ეგ თემა... მარტო რომ ვიყავი, უთქმელობამაც გამაგიჟა და დავურეკე მეგობრებს, რომლებიც იმ წამსვე მოვიდნენ კლინიკაში. ვდარდობდი როგორ მეთქვა შინ, რა რეაქცია ექნებოდა დედას, შვილებს... ეს იყო საშინელება… მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ალბათ ყველას წამით მაინც დაგვიშვია, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნას და გავხდეთ ავად, თუმცა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი ადამიანი, რომელსაც თავი აბსოლუტურად ჯანმრთელი მეგონა და დამისვეს დიაგნოზი, ყველაფერი შეიცვალა, მთელი სამყარო, თითქოს რაღაც აფეთქდა, უფსკრული გაჩნდა, იმხელა ცვლილება მოხდა ჩემს შინაგან სამყაროში, მას შემდეგ შემეცვალა დამოკიდებულებები, შემეცვალაა შეგრძნებები, აღქმები, სხვანაირად ვუყურებ, ვგრძნობ, ვირგებ და ვიღებ ყველაფერს.
დიაგნოზის გაგების პირველ წუთებში ძალიან შემეშინდა, წამში იმდენი ცუდი რამ გავიფიქრე, მეგონა, ეს დასასრული იყო. გამიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება და დრო დამჭირდა, რომ მემოქმედა. 8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი, ცხრაში კი ჩემი უმცროსი შვილის, მაქსიმეს დაბადების დღე იყო. შინ რომ მივედი, ვთქვი: ტორტიც გვექნება, დაბადების დღეც, მაგრამ მე შინ ასეთი დიაგნოზით დავბრუნდი-მეთქი. დედისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა.
ბედნიერი ადამიანი ვარ. დედა ძალიან მამხნევებდა, ერთი წამით არ უჩვენებია, რომ ეშინოდა, პირიქით, დღემდე საიმედოდ მიდგას გვერდით, ძალიან ყოჩაღია და ჩემთვის ნამდვილი გმირია. იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, დედისთვის შვილის ავადმყოფობის დიაგნოზი რამდენად რთული მისაღები იქნება.
შვილებზე უფრო პოზიტიური გულშემატკივარი ვინ უნდა მყავდეს, ისე დამეხმარნენ თავიანთი განწყობით... სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მაგარი გუნდი ვართ. მჭირდებოდა ცნობიერების ამაღლება და დაავადებაზე რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაციის მიღება. მივმართე ორგანიზაციის "ევროპა დონა ჯორჯია" პრეზიდენტ ანა მაზანიშვილს. ეს არის ონკოპაციენტების ფსიქო-სოციალური დახმარებისთვის შექმნილი ორგანიზაცია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, რადგან სწორედ აქედან დავიწყე ასე შემართებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაზე სანდო ექიმებს ვანდე თავი. დეკემბერში გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ დავიწყე ქიმიოთერაპია, რისიც დიაგნოზზე მეტად ამის მეშინოდა და ამ პროცესებში ჩართულმა, საკუთარ თავში უფრო მეტი ძალა აღმოვაჩინე, ვიდრე წარმომედგინა. არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვარ, პირიქით, მეტად აქტიური გავხდი და არც არის გასაკვირი, როცა სამიზნე არის - სიცოცხლე და ჯანმრთელობა. განაგრძეთ კითხვა