ზაფხულის ცხელ დღეებში პროდუქტის შენახვის წესებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მითუმეტეს პურს, რომელიც ყველა ოჯახის ყოველდღიური საკვებია. გთავაზობთ ერთ-ერთი მკითხველის წერილს და პასუხს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ ეს პრობლემა თავიდან.
"მოგესალმებით. მესმის, რომ ზაფხულში პროდუქტს მეტი ყურადღებით სჭირდება შერჩევა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ახალი პური იმ დღესვე მოასწრებდა გაფუჭებას. შევიძინე დაჭრილი პური, ახალი, რომელსაც ვადაც მითითებული ჰქონდა. სახლში მიტანისთანავე გავხსენით და შევამჩნიეთ, რომ თითოეული ნაჭერი წებოვანი იყო. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. შეიძლება, არც დავკვირვებოდით და გვეჭამა ასეთი პური. მეორე დღეს იგივე პური დაობებული დაგვხვდა. რატომ იყო ახალი პური უკვე გაფუჭებული და რატომ დაობდა ასე სწრაფად, როგორ უნდა მივხვდეთ შეფუთულ პურზე, რომ საჭმელად უვარგისია და საერთოდ, ზაფხულში პურის შენახვის როგორი წესები და ვადები არსებობს“.
ირა, 53 წლის.
ცხელ ამინდებში პურში კარტოფილის ჩხირი მარტივად მრავლდება და კარტოფილის დაავადებას იწვევს. განსაკუთრებით ადვილად მრავლდება პურში, რომელსაც გაუგრილებლად ფუთავენ პაკეტებში. დაავადების პირველი ნიშანი სწორედ წებოვანებაა. ჩხირის წყარო ფქვილია, რომელიც არასათანადო პირობებში ინახებოდა. ამ ჩხირის მატარებელი პური კუჭ-ნაწლავის მხრივ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, მაგრამ საკვებად ნამდვილად უვარგისია.
სამწუხაროდ, შეფუთულ პურს გარედან ვერაფერს შეატყობთ. ამიტომ ეცადეთ, ისეთ მაღაზიებში შეიძინოთ, სადაც პროდუქცია დღეში ორჯერ მაინც შეაქვთ და პური დახლზე მთელი დღის განმავლობაში არ დევს.
საერთოდ, ზაფხულში პურის შენახვის ვადა 24 საათია. ამიტომ სახლშიც არ ღირს მისი 2-3 დღით დაყოვნება. ჯობია იმდენი შეიძინოთ, რამდენიც ერთი დღის განმავლობაში გჭირდებათ. საგულისხმოა, რომ რუხ პურში კარტოფილის ჩხირი აქტიურად ვერ ვრცელდება.
ღირს თუ არა პურის მაცივარში შენახვა? მაცივარში ის მეტად გაძლებს და უფრო გვიან დაობდება, თუმცა მაინც არ გირჩევთ მის მაცივარში შენახვას. ხომ გვინდა, პურმა თავისი სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს? მაცივარში არ გაფუჭდება, მაგრამ თავის საგემოვნო და სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.