1990-იან წლებში მართლაც ლეგენდარული, ულამაზესი მოდელების ეპოქა შეიქმნა, რომლებსაც ყველა იცნობდა - სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა და ა.შ. ისინი მართლაც ეპოქას ქმნიდნენ და უდიდეს დიზაინერებთან მუშაობდნენ.
კლაუდია შიფერი მათ შორის ყველაზე ქერა ლამაზმანი იყო, გერმანელ ბარბისაც უწოდებდნენ ხოლმე. 1970 წელს დაიბადა გერმანიაში, დიუსელდორფში, საკმაოდ შეძლებული იურისტის ოჯახში.
როგორც მოგვიანებით ყვებოდა, მოზარდობის წლებში მორცხვი და მოუხერხებელი იყო, სიმაღლისა და სიგამხდრის გამო კომპლექსდებოდა. "ვარსკვლავი ნამდვილად არ ვიყავი. იყვნენ სხვა გოგოები, ვარსკვლავები, რომლებსაც ლამაზებად მიიჩნევდნენ და მათთან ურთიერთობა ყველას უნდოდა. მეც მყავდა მეგობრები, მაგრამ არასდროს ვიყავი მათი კომპანიის ნაწილი 100%-ით, რადგან ძალიან განვსხვავდებოდი მათგან".
სტუდენტობის წლებში მამის ფირმაში მუშაობდა. 17 წლისამ დიუსელდორფის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო სამოდელო სააგენტოს დირექტორი, რომელმაც დაარწმუნა მისი მშობლები, პარიზში გაეშვათ გოგონა, სამოდელო სფეროში რომ ეცადა ძალები. გოგონა ფიქრობდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და ფოტოსესიის შემდეგ უარს ეტყოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. 1987 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერაც - ცნობილი დიზაინერები, პრესტიჟული ჟურნალები, გავლენიანი ფოტოგრაფები, მისი თანამედროვე დიდებული მოდელები... სხვათა შორის, მოდელებს შორის რეკორდსმენია კლაუდია ჟურნალის გარეკანებზე მისი ფოტოების რაოდენობით და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიყვანეს. 2015 წელს მისი ფოტო ათასზე მეტჯერ გამოჩნდა ჟურნალების ყდებზე.
საუკეთესო წლებში შიფერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო, რომელიც დღეში დაახლოებით 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. 2000 წელს ფორბსმა მისი წლიური შემოსავალი 9 მილიონ დოლარად შეაფასა, საერთო ქონება კი - 38 მლნ გირვანქა სტერლინგად.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ მხრივ ნაკლებად გამოირჩეოდა აქტივობით და ყვითელ პრესას არ აძლევდა ბევრ სალაპარაკოს. 1994 წელს ცნობილ ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს ხვდებოდა, რომელსაც 5 წელიწადში დაშორდა.
2002 წელს კი ბრიტანელ პროდიუსერ და კინორეჟისორ მეთიუ ვონს გაჰყვა ცოლად და დღემდე მის გვერდით არის.
წყვილს სამი შვილი ჰყავს - უფროსი ვაჟი და ორი ქალიშვილი.