მშობლები თუ ცოტას მოვინდომებთ, შეგვიძლია ნამდვილ, კეთილ ჯადოქრებად ვიგრძნოთ თავი ახალი წელი გადაჭარბების გარეშე ყველაზე სასიხარულო დღესასწაულია მთელი ოჯახისათვის. ახალი წლის ღამეს ხომ საოცრებები ხდება, ჩვენ კი, მშობლები, თუ ცოტას მოვინდომებთ, შეგვიძლია ნამდვილ, კეთილ ჯადოქრებად ვიგრძნოთ თავი.
ჩვენს დროში ბავშვის გაოცება საჩუქრით ძნელი არ არის. კონსტრუქტორები, სპორტული ინვენტარი, ყოვლის შემძლე თოჯინები თუ ზღაპრის გმირები, ჩასაცმელი თუ ფეხსაცმელი, დიდი ხანია დეფიციტი აღარ არის. მშობლები, ბებია- ბაბუები თუ ნაცნობ- მეგობრები სხვადასხვა მიზეზით მთელი წლის განმავლობაში ჩუქნიან ბავშვებს საჩუქრებს.
დამეთანხმებით, ახალი წლის ჯადოსნური ღამე სულ სხვა მოლოდინია, ამ დროს მარტო საჩუქარი არ არის მთავარი, მთავარი ჯადოსნური ატმოსფეროა, ბავშვური რწმენა კეთილი ზღაპრული პერსონაჟისა, რომელსაც თოვლის ბაბუა ჰქვია.
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, არც ჩვენთვისაა უცხო ის, რასაც ჩვენი მშობლები ჩვენ გვეუბნებოდნენ და ახლა უკვე ჩვენ ვეუბნებით ჩვენს შვილებს: ღამის 12 საათზე თოვლის ბაბუა დარეკავს კარზე, ან ბუხართან დადებს საჩუქარს და თეთრი მარხილით სწრაფად გაქროლდება, რათა მოასწროს ყველა ბავშვის გახარება. საჭიროა თუ არა ასეთი ტყუილი, ყოველი მშობელი თავად წყვეტს. ფაქტია, რომ მსოფლიოს მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ - კი, ეს საჭიროა! ბავშვობა - ეს არ არის მხოლოდ ასაკი, ეს არის ფანტაზიის სამყარო, სადაც შეიძლება მოხდეს წარმოუდგენელი საოცრებები და თუ ბავშვი ელოდება სასწაულს, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ სასწაულს შესაბამისი ორგანიზება გავუკეთოთ. როდესაც ბავშვი პატარაა, ღამის 12 საათს ვერ ელოდება და იძინებს, დილით მას ნაძვის ხის ქვეშ ხვდება საჩუქარი, ეს მშობლისთვის იოლი საქმეა, მაგრამ როდესაც წამოიზრდება და თქვენთან ერთად გადაწყვეტს ახალი წლის შეხვედრას, აქ იწყება საინტერესო თამაში, რომელშიც მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას: ბებია და ბაბუა ართობენ ბავშვს, რათა დედიკომ და მამიკომ საგულდაგულოდ დამალული საჩუქარი ნაძვის ხესთან, ბუხართან ან კარის ზღურბლთან დადონ და გაახარონ პატარა. და თუ ერთ დღესაც თქვენი შვილი გეტყვით, რომ მისმა მეგობარმა უთხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქრებს დედიკო და მამიკო გიდებენ კართანო, თქვენ უთხარით, რომ ალბათ მის მეგობარს ბარათზე მისამართის მიწერა დაავიწყდა, არასწორად დაწერა ან საერთოდ დაავიწყდა წერილის გაგზავნა. ხომ არ შეეძლო თოვლის ბაბუას დავიწყებოდა მისი მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იცის წერილის წერა. მშობლებო, ნუ შეურყევთ რწმენას ბავშვებს. როდესაც წამოიზრდებიან და სიმართლეს გაიგებენ, ისინი ისეთივე აზარტით მოუწყობენ სურპრიზებს თავიანთ პატარა და-ძმებს, როგორც მათ უწყობდით თქვენ. იყო მონაწილე სხვისი სიხარულისა და ბედნიერებისა, ისეთივე სასიამოვნოა, როგორც მიღებული სანუკვარი საჩუქრები. დაე თქვენი ახალი წელი იყოს ბედნიერი, სავსე დადებითი ემოციებით, სიცილით. გჯეროდეთ სასწაულების ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, ჩაიფიქრეთ სურვილები, ისინი აუცილებლად აგიხდებათ!
სალომე გორგოშიძე