ამ პიცის მომზადება ტაფაზეც შეიძლება და მისი დაგემოვნება ბავშვებსაც თავისუფლად შეუძლიათ პიცა ძირითადად უფროსების კერძად მიიჩნევა, თუმცა პატარებს ის არანაკლებ უყვართ. გარეთ ნაყიდი პიცის ბავშვისთვის შეთავაზება მშობლებს დიდად არ გვიყვარს – მასში ხშირად არის მაიონეზი, ძეხვეული, ტომატი და ყველი, რომელთა წარმომავლობა და ხარისხი ნაკლებად ნაცნობია ჩვენთვის. როგორც ყველა სხვა კერძის, რასაკვირველია, მისი მომზადებაც შეიძლება შინ, ხარისხიანი ინგრედიენტებით და მარტივი ვარიანტებით. ჩვენ სწორედ ასეთ მარტივ და ისეთ რეცეპტებს გთავაზობთ, რომ თქვენ მიერ შინ მომზადებული პიცა ბავშვსაც თამამად შესთავაზოთ.
პიცის ცომი მაწვნით
საჭირო მასალა:
1 ჭიქა მაწონი
2-2,5 ჭიქა ფქვილი (ან რამდენსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ ზელვის დროს)
1 კვერცხი
1 სუფრის კოვზი ზეთი
½ სუფრის კოვზი შაქარი
½ ჩაის კოვზი სოდა
მარილი
მომზადება
ფქვილს შეურიეთ სოდა და მარილი.
ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მაწონში. შემდეგ მაწონს ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. ერთგვაროვან მასამდე მოზილეთ. უნდა გამოვიდეს მაგარი ცომი. თუ ფქვილი გეცოტავებათ, კიდევ დაუმატეთ. ცომში დაუმატეთ ცოტა შაქარი და ზეთი. გააბრტყელეთ და მოათავსეთ ზედ, რაც გაქვთ გადაწყვეტილი. შემდეგ შედგით ღუმელში და აცხვეთ 10-15 წუთი.
პიცა ტაფაზე
საჭირო მასალა:
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
4 სუფრის კოვზი არაჟანი
4 სუფრის კოვზი მაიონეზი
½ ჩაის კოვზი სოდა
მომზადება
კვერცხი ჩანგლით გათქვიფეთ. დაუმატეთ არაჟანი და მაიონეზი,სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ფქვილში დაუმატეთ სოდა. შემდეგ ეს ფქვილი დაუმატეთ არაჟნისა და კვერცხის ნაზავს და აურიეთ. ცომი არაჟნის სისქის გამოდის.
ტაფა გააცხელეთ, წაუსვით ზეთი და დაასხით ზედ ცომი. ზემოდან დააწყვეთ გულსართი და მოაყარეთ ყველი. დაახურეთ თავსახური და დაახლოებით 10 წუთი აცხვეთ.
გულსართისთვის ორი მთავარი ინგრედიენტია ყველი და პომიდორი ან პომიდვრის სოუსი. დანარჩენი, დიასახლისის არჩევანზეა. შეგიძლიათ დაამატოთ ზეთისხილი, სოკო, სოსისი, ძეხვი, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზის ფილე, ქათმის მოხარშული ხორცის ნაკუწები და ა.შ.