ერთი ხელის შევლებით, უცებ მოსამზადებელი გემრიელი ნუგბარი ამ ტიპის ტორტებს 1990-იან წლებში განსაკუთრებით აქტიურად "აცხობდნენ" და ბევრს ალბათ ეხსომება კიდეც. ინგრედიენტები მრავალგვარი შეიძლება იყოს – მთავარია, "ფენებად" ორცხობილები ("პეჩენია") გამოიყენოთ, და ზემოდან გადაუსვათ ან შინ მომზადებული კრემი და ყველანაირი ხილი, რაც მოგესურვებათ, ან ამ რეცეპტის მიხედვით მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
24 ცალი ორცხობილა + რამდენიმე ცალი ზედ მოსაფხვნელად
ხაჭო – 250 გრ
არაჟანი – 5 სუფრის კოვზი
შაქარი – 3 სუფრის კოვზი
ოდნავ გამლღვალი კარაქი – 100 გრ
ნებისმიერი ხილი ან ჩირი გემოვნებით
კაკაო მოსართავად
გამზადებული ყავა
მომზადება:
ხაჭო, შაქარი და არაჟანი აურიეთ (შეგიძლიათ, დაბალი სიჩქარის მიქსერით). დაუმატეთ კარაქი. მოამზადეთ ხილი (უხდება ფორთოხალი, ან ბანანი, წვრილად დაჭრილი ქლიავის ან გარგარის ჩირი, ატმის კომპოტის ან მურაბის ლებნები და ა.შ. შეგიძლიათ, ხილის გარეშეც გააკეთოთ, უბრალოდ კრემით.
ფორმაზე გადააფარეთ თხელი პერგამენტი ან ტყვიის ქაღალდი, დაალაგეთ ზემოდან სამ ფენად ორცხობილები. შეგიძლიათ, მეორე ფენის ორცხობილები უცებ ამოავლოთ თბილ რძეში ან გაგრილებულ ყავაში ან ცოტა მოაპკუროთ ზემოდან. თითოეულ ფენას გადაუსვით ხაჭოს კრემი და დაალაგეთ ზედ ხილი. ბოლო ფენას უფრო თხლად გადაუსვით ნარევი და ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი რამდენიმე ცალი ორცხობილა და კაკაო. დაელოდეთ ცოტა ხანს, რომ გაიჟღინთოს, შეგიძლიათ, ნახევარი საათით მაცივარშიც შედგათ.