ბავშვის ლაღ და თავისუფალ განვითარებას დღეს მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ჩვენს გვერდით ბევრია ისეთი დედა, რომელიც მცირე ასაკის შვილს სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მიაჩნია, რომ ბავშვი არაფერში არ უნდა შეზღუდო, რათა მომავალში დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გაიზარდოს. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე ბავშვის თავისუფლებასა და ამავდროულად, წესების დაცვის შესახებ მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს.
მისი თქმით, აკრძალვები და საზღვრების დაწესება ისეთივე ეტაპია განვითარების, როგორც თავისუფლების მინიჭება
„ბავშვი უნდა იმყოფებოდეს გარემოში, რომელიც უსაფრთხოა მისთვის და ირგვლივ მხოლოდ ბავშვისთვის დასაშვები საგნებით იყოს დატვირთული, რათა ზედმეტი აკრძალვები არ დაგვჭირდეს. უჯრაში, კარადაში უნდა დახვდეს ის ნივთები, რომლებიც მისთვის დასაშვებია. უჯრის და კარადის გაღება კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ იქ შევინახოთ ისეთი ნივთები, რომლებიც ბავშვს ახალ აღმოჩენებს გააკეთებინებს. ამით ხელს ვუწყობთ მის ინიციატივას, აღმოჩენებს, დამოუკიდებლობას და განვითარებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ცხოვრებაში არავითარი ზღვარი და ჩარჩო არ არსებობდეს. ასაკის შესაბამისი აკრძალვა ერთ-ერთი ეტაპია განვითარების. მას შეუძლია აირჩიოს, რომელი ზღაპარი წავიკითხოთ, მაგრამ თუ კვების დროა, ეს ვერ შეიცვლება მისი სურვილის გამო. როცა სურვილებს ყოველთვის ვუსრულებთ, ამაში გარკვეული საფრთხე იმალება. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ტირილით შეუძლია წესების შეცვლა. მაგალითად, ჭამაზე ამბობს უარს. ტირის და ითხოვს ეზოში ჩაყვანას. ჩვენ კი ვერ ვარღვევთ ამ ემოციურ ბარიერს, ოღონდ არ იტიროს, ვთანხმდებით და მიგვყავს ეზოში, შეიძლება იქვე ვაჭამოთ. ეს შეცდომაა. რაც არ უნდა ტიროდეს და მძაფრად ვლინდებოდეს მისი ემოციები, ეს დაძლევადია, თუ იქნებით პრინციპული და არგუმენტირებულად ესაუბრებით. ანუ კატეგორიულად კი არ უნდა უთხრათ, „არა, უნდა ჭამო“, ამით შეიძლება უარესი პროტესტი გამოიწვიოთ, არამედ ნაკლებად მკაცრი, მშვიდი ტონით უთხარით, „ვერა, ვერ წავალთ, ჯერ უნდა ვჭამოთ და მერე აუცილებლად წავალთ“ და ანახეთ, რომ მარტო მისთვის კი არა, ყველასთვის ჭამის დროა. აჩვენეთ ამის მაგალითი. სასურველია, ერთი პარტნიორი მაინც ჰყავდეს ამ მისთვის არასასიამოვნო რიტუალში, ანუ სადილობაში.
ზოგადად, როცა ბავშვი რაღაცას ემოციურად ითხოვს, პირველი მესიჯი, რაც დედისგან მასთან უნდა მივიდეს, არის „გავიგე“, „მე მესმის შენი“ - უნდა გააგებინოთ, რომ იცით, რას ითხოვს და რა უნდა. უნდა ჩაიმუხლოთ მის სიმაღლეზე, თვალებში უყუროთ და უთხრათ, „გავიგე, რომ ეს გინდა, მაგრამ ახლა ვერ მოგცემ, ახლა ვერ წავალთ...“ თუ ხელში აყვანილს ეტყვით, შეიძლება ჰაერში მყოფმა ვერ აღიქვას, რას ეუბნებით, ამიტომ ჯობს, რომ ჩაიმუხლოთ. მიზეზიც აუხსენით თუ რატომ ვერ უსრულებთ სურვილს და ეს რაც შეიძლება გასაგებად უთხარით, ბავშვისთვის მისაღები ლექსიკით. როგორც კი მიხვდებით, რომ გაიგო, რაც უთხარით, მივიდა ინფორმაცია მის ტვინამდე, მაგრამ კვლავ აგრძელებს ისტერიკას, უბრალოდ ადექით და ინგნორირება გაუკეთეთ მის ქცვას. თუმცა ააკონტროლეთ უსაფრთხოება, რომ არ დაეჯახოს კედელს ან მინის კარადას და არ დაშავდეს, მაგრამ თვალებში აღარ უყურებთ და აღარ ელაპარაკოთ. სათქმელი თქვენ უკვე უთხარით. ამით ვაგრძნობინებთ, რომ ტირილით სიტუაცია ვერ შეიცვლება. ძალიან ბევრი ფსქილოგის და ნევროლოგის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ თუ ბავშვი მიხვდა, რომ ტირილით არაფერი იცვლება, ყოველი შემდგომი ტანტრუმი უფრო და უფრო ხანმოკლეა. სამაგიეროდ, თუ მშობელს უმტყუნა ნერვებმა და თავადაც ჩათვალა, რომ არაუშავს, ამ ერთხელ ითამაშოს, ან ბებო გამოვიდა წინადადებით, ნუ აწვალებთ ბავშვს და ა.შ. ამ დროს ბავშვსითვის ყველაფერი ირევა და ტანტრუმი არასოდეს დამთავრდება. მოკლე ტანტრუმით თუ ვერ გავა ფონს, ხანგრძლივს მოაწყობს. საქმე იმაში კი არაა, რას ითხოვს და ადვილად შესასრულებელია თუ არა ეს მოთხოვნა, მან უნდა ისწავლოს წესის გათვალისწინება, სურვილის გადავადება. ეს პირველ რიგში მისთვისაა კარგი“ - ამბობს თამარ ედიბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია".