ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რომელი პროდუქტები უნდა შევთავაზოთ, რომ ტვინის ფუნქციონირება გავაუმჯობესოთ:
- როდესაც ბავშვი ცდილობს უფროსების სუფრიდან რაღაცას ხელი წაავლოს, ეს მისი დამოუკიდებლობის პირველი გამოვლინებაა. თუნდაც შეიგრძნოს, აღიქვას მისი სტრუქტურა, ფაქტურა, ზედაპირი, სიმკვრივის ხარისხი, ფერი, სიგლუვე და ასე შემდეგ. რაც შეეხება პირად ჭურჭელს, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იმისათვის, რომ ჩვილებისათვის შევქმნათ კომფორტი, უნდა ჰქონდეთ პატარა ჭიქა ან თეფში. სულაც არ არის საჭირო, ეს იყოს განსაკუთრებული მასალის, ძვირადღირებული ან განსაკუთრებული ესთეტიკის. უბრალოდ, საჭიროა, პირადი სივრცის განსაზღვრა, რაც ბავშვის დამოუკიდებლობას წაახალისებს.
2020 წლის კვლევის შედეგებს გთავაზობთ, თუ რა კომპონენტები, კვებითი ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შეიძლება განვიხილოთ უფროსებმა დამხმარედ იმისათვის, რომ ბავშვის ტვინის განვითარებას ხელი შევუწყოთ. შეგვიძლია, შვილებს მაგრად მოხარშული კვერცხი შევთავაზოთ. ძალიან კარგი არჩევანი იქნება, რადგან კვერცხი სრულფასოვანი ცილის უნივერსალური და უნიკალური წყაროა. ცილის, რომელიც ყველა ამინომჟავას შეიცავს და რომელიც მთავარი სამშენებლო მასალაა, მთავარი ინსტრუმენტია ადამიანის ორგანიზმისათვის. მასშია B12 და D ვიტამინი, სხვადასხვა სახის ცხიმოვანი მჟავა. ირკვევა, რომ მაგრად მოხარშულ ორ კვერცხს შეუძლია 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში 100%-ით დააკმაყოფილოს ორგანიზმის მოთხოვნილება ისეთ ნივთიერებაზე, როგორიცაა ქოლინი. ხოლო, 9 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში 75%-ით. ქოლინი ჩვენი თავის ტვინის მდგომარეობას განსაზღვრავს. მისი დეფიციტი ტვინის ფუნქციების დეფიციტს ნიშნავს. ამიტომ, თუ ჩვენ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, გამოდის, რომ კვერცხს მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლია. ანტიოქსიდანტების როლიც უნდა გავითვალისწინოთ, რაც ბავშვის ტვინის ჩამოყალიბებისა და ფუნქციების განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ომეგა 3, D ვიტამინი, იოდი, ფოსფორი და ფტორი, რომელიც თევზეულშია. მწვანე სალათის ფოთოლი, ფოთლოვანი მწვანე მცენარეები, რომლებიც არა უბრალოდ ფოლიუმის მჟავის, არამედ ფოლიუმის მჟავის მარილების, ფოლატების უმნიშვნელოვანესი წყაროა. რკინა და რკინის შემცველი პროდუქტებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ცხოველური წარმოშობის წითელი ხორცი, ხოლო მცენარეული ატამი, ქლიავია. მასში რკინის გაცილებით მაღალი შემცველობაა, ვიდრე ის ვაშლშია. ციტრუსების როლი და მასში C ვიტამინისა და სხვა აქტიური ნივთიერებების შემცველობა არ დაგავიწყდეთ. ასევე, მაწვნი, როგორც ცილის, B ჯგუფის ვიტამინების, D ვიტამინის, B12 ვიტამინის, იოდის წყარო. სხვადასხვა სახის თხილეულისა და თესლის როლიც გაითვალისწინეთ. E ვიტამინთან და მცენარეულ ომეგა 3-თან ერთად, ეს გახლავთ თუთიისა და მაგნიუმის წყარო. არ დაგავიწყდეთ წყლის მოხმარების აუცილებლობა და ახალნაზარდების გამოყენება ბავშვების კვების რაციონში იმიტომ, რომ მათში დიდი რაოდენობითაა B ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
იხილეთ გადაცემა სრულად