ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პირველი ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს გუნდს ოლიმპიადაზე. 21 წლის ლაშა ჩემპიონია და მასთან ერთად მთელი საქართველო იზიარებს ამ სიხარულს.
თუ რა გზა გაიარა ლაშამ იმისათვის, რომ გამხდარიყო წარმატებული სპორტსმენი, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ინტერვიუში უამბობდა რამდენიმე წლის წინ მისი მამა, გელა ბექაური. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
"- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ლაშამ ძიუდოზე სიარული?
- ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.
- როგორც ჩანს, მალევე მიაღწია ლაშამ წარმატებას, 10 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გამხდარა...
- დიახ, ძიოდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.
- საცხოვრებლად თბილისში გადმოხვედით ლაშას ვარჯიშის გამო?
- არა, მხოლოდ ვარჯიშებზე დამყავდა. სკოლაში აქ, სოფელში დადიოდა. დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ლაშას თბილისში ევლო ვარჯიშებზე.
- ცხადია, წარმატება სირთულეების გარეშე არ მოვიდოდა...
- გაჭირვების და წვალების გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო. თუმცა ჩემს ვაჟს ამაზე საუბარი არ უყვარს.
- ცელქი ბავშვი იყო, როგორ სწავლობდა სკოლაში?
- თავიდან კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და წელს გახდა სტუდენტი. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციაც მოტივირებულია და მომხრეა, რომ არამხოლოდ სპორტში იყვნენ წარმატებული სპორტსმენები არამედ სწავლაშიც. უფრო მეტიც, ლაშასთან დარბაზში მიდიოდნენ მასწავლებლები და საგამოცდოდ ამზადებდნენ.
- რამე განსაკუთრებულ დეტალს ხომ ვერ გაიხსენებთ ლაშას ბავშვობიდან?
- თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი. ფაქტია, ყოველთვის უშიშარი იყო, პირველად გამოცდა მოვუწყვე, აქ ჩატარდა ჩვენთან ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, მაშინ არც დადიოდა სავარჯიშოდ, შევთავაზე, რომ გასულიყო და დამარცხდა, ამით მოინდოდა დაენახა, რომ ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებოდა. თუ თვითონ არ წაააქცევდა სხვა წააქცევდა და ასე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი".
რუსკა კილასონია
იხილეთ ინტერვიუ სრულად
რაში გამოიყენებს ლაშა ბექაური საპრიზო მილიონს და ვის დაურეკა პირველად ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ