ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ დედა ვერ უყურებს მის ასპარეზობებს, რადგან ამ დროს ყოველთვის ეკლესიაშია.
"ჩემი შეჯიბრის დღეს დედა ყოველთვის ეკლესიაშია და ვერ მიყურებს ხოლმე. ახლა ძალიან ნერვიულობდა, ტრავმა რომ ჰქონდა" - აცხადებს ბექაური ტვ პირველთან საუბრისას. მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რაში გამოიყენებს ჯილდოდ მიღებულ მილიონს.
„ბებიაჩემი და დეიდაჩემი იმყოფებიან საბერძნეთში, მუშაობენ, ემიგრანტები არიან. მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო. ესაა ჩემი სურვილი, ზოგადად, არ მიფიქრია, რაში დავხარჯავ მილიონს" - ამბობს ჩემპიონი. როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი ბრძოლის დასრულების შემდეგ, პირველად მამას დაურეკა.
„პირველად ვინ დამირეკა, არ მახსოვს, მაგრამ მე მამას დავურეკე. მელოდებოდა... შოკში ვართ ისევ, ვერ ვიჯერებ, რომ ჩემპიონი ვარ" - ამბობს ბექაური.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა 24 წლის გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს საქართველოს პირველი ოქროს მედალია. მანამდე ვერცხლის მედლები ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა ლაშა ბექაურს, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, ბინა აჩუქა.
„სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!
ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია" - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ პოსტში.