სამწუხაროდ, საქართველოში კარაქის ნაცვლად იყიდება სუროგატული პროდუქტები "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრი" ხშირად ატარებს ქართულ მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის კვლევას.
ამჯერად მათ რამდენიმე დასახელების კარაქი შეისწავლეს და ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი მიიღეს. სწორედ ამ კვლევის შესახებ გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა:
- 2014 წლის თებერვალ-მარტში, თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ ქართული ფირმების მიერ წარმოებული რამდენიმე დასახელების შეფუთული კარაქი და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მივიტანეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ამ პროდუქტებში რძის ცხიმის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ნიმუშები ნამდვილი კარაქი იყო. მიმდინარე წლის 19 მარტს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე შევიძინეთ ასაწონი კარაქი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში. მიღებული პასუხის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 4%-ს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი კარაქი არ არის. სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან ვერ იცავს.
- ქალბატონო ლია, აუხსენით მკითხველს, როგორ უნდა შეარჩიოს ნამდვილი კარაქი?
- ნამდვილი კარაქი არის რძის ცხიმისგან დამზადებული პროდუქტი. სამწუხაროდ, საქართველოში კარაქის ნაცვლად იყიდება სუროგატული პროდუქტები, რომლებსაც სულ სხვა ცხიმებს ამატებენ. როგორც ვთქვი, შეფუთულ კარაქში ჯერჯერობით არ აღმოგვიჩენია ფალსიფიცირებული პროდუქტი. როგორც წესი, მომხმარებელი კარგად უნდა დააკვირდეს, კარაქი ნატურალურია თუ - არა. როდესაც ეტიკეტზე არის ასეთი წარწერა: "სპრედი", "კომბინირებული ცხიმი", "კომბინირებული კარაქი", "შეიცავს მცენარეულ ცხიმს", ეს უკვე ნიშნავს, რომ არ არის ნატურალური კარაქი. ხოლო თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ესე იგი, ეს კარაქი ნატურალურია. ჩვენდა სასიხარულოდ, არც ერთი დასახელების შეფუთულ კარაქში ამ მხრივ პრობლემა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება ასაწონ ცხიმებს, რამდენჯერმე აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო ნამდვილი კარაქი - ეს იყო სპრედი.
- გამოდის, რომ შეფუთული კარაქი უფრო საიმედოა?
- ბოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად სწორედ ამ დასკვნამდე მივედით. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა ისწავლოს, რომ გულდასმით წაიკითხოს წარწერა ეტიკეტზე: შეიძლება, ძალიან წვრილად იყოს მითითებული, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, ან ასევე წვრილად იყოს მიწერილი, რომ ეს არის სპრედი. სამწუხაროდ, ერთიანი რეგულირება არ არსებობს, მაგრამ როგორც კი წავიკითხავთ, რომ კარაქი რძის ცხიმისგან არ არის დამზადებული, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ნამდვილი კარაქი. იგივე უნდა ვთქვა ე.წ. კომბინირებულ კარაქზე, კომბინირებულ ცხიმსა და სპრედზე. მათი მიღება კი არ არის სასურველი, განსაკუთრებით - ბავშვისთვის, რადგან მასში შეიძლება იყოს ქიმიურად დამუშავებული ზეთები და სხვა ქიმიური ნაერთები.