შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს. დღეს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდის შეფასება გაიგეს. Mshoblebi.ge გაგაცნობთ მაქსიმალური ქულის მქონე გოგონებს, რომლებიც ამსხვრევენ გასულ წლებში გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით.
ნია თათრიშვილმა მაქიმალური ქულის მოპოვება შეძლო. ის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- სკოლის რესურსი, მასწავლებელი და გარემო ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. ოჯახში როგორც კი შეამჩნიეს, რომ მათემატიკა მიყვარდა, კომაროვის სკოლაში შემიყვანეს და მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. შედეგს სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. თავადაც მყავდა მოსწავლეები. ესეც ძალიან დამეხმარა, რომ რაღაცები კარგად გადამემეორებინა. სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს. ეს ყველაფერი აღზრდიდან, გარემოდან და სოციუმიდან მოდის. გოგონებს ხშირად ასწავლიან, ტექნიკური საგნები არ არის მათი საქმე. ვფიქრობ, თუ იმას მივუძღვნით ჩვენს დროს, რაც მართლა მოგვწონს და გამოგვდის, გოგონებსაც ისეთივე შედეგი გვექნება, როგორც ბიჭებს. სხვა საგნებშიც კარგი შედეგი მაქვს, 64 ქულა ქართულში, ხოლო 78 ინგლისურში.
ლიზა დადიანმა კერძო სკოლა "ალმასი" დაამთავრა. ამბობს, რომ მათემატიკაში უმაღლესი შედეგი მრავალწლიანი შრომის შედეგია.
- ბავშვობიდან სხვადასხვა ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მაქსიმალური ქულა კი მრავალწლიანი შრომის შედეგია. კომაროვში ვემზადებოდი და ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ვფიქრობ, შრომა ყოველთვის ფასდება და მომავალ აბიტურიენტებსაც მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მოინდომონ. სხვა საგნებში კარგი შედეგი მაქვს. ინგლისურში 77, ხოლო ქართულში 62 ქულა ავიღე.
ანა კორძაძე ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. მანაც მაქსიმალური შედეგი მიიღო და საკუთარ გამოცდილებას გიზიარებს:
- შედეგს, რა თქმა უნდა, ჩემი და მასწალებლის შრომის ხარჯზე მივაღწიე. ბოლო 1 წელი ვემზადებოდი. ბევრს მათემატიკა რთულად ეჩვენება. მაქსიმალური შედეგი მხოლოდ 1 წლიანი თავდაუზოგავი შრომითაც მიღწევადია. ასევე, უმრავლესობა თეორიას არ უთმობს ყურადღებას, ამიტომ მინდა ყველას ვურჩიო, რომ მათემატიკაში თეორიის სწავლაც აუცილებელია. დანარჩენ საგნებს რაც შეეხება, არაფერი არ არის სანერვიულო, გამოცდაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა ყველაფერი, ვიდრე წარმომედგინა. ქართულში 59, ხოლო ინგლისურში 77 ქულა მივიღე.
თამარ ბედოშვილი გორიდანაა, თუმცა 6 წელი კომაროვის სკოლის კამპუსში ცხოვრობდა და ამავე სკოლაში სწავლობდა. მათემატიკაში უმაღლესი შეფასება აქვს. კარგ შედეგს მიაღწია სხვა საგნებშიც, ინგლისურში - 77, ხოლო ქართულში 67 ქულის მოპოვება შეძლო.
- სკოლა, მასწავლებლები, გარემო და მონდომება დამეხმარა, რომ მაქსიმალური შეფასება მიმეღო. გამოცდის შემდეგ მეგობრებთან გადავამოწმე ტესტები და ვიცოდი, დაახლოებით, რა ქულაც მექნებოდა. მათემატიკაში რეპეტიტორი არ მყოლია. კომაროვის სკოლა გვაძლევს იმხელა ცოდნას, რომ მასწავლებელთან დამატებით სიარული საჭირო აღარ არის. სხვა საგნებში ვემზადებოდი. ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში და ესეც დამატებითი გამოცდილება იყო. გარდა ამისა, სკოლაში ხშირად გვიტარდებოდა გამოცდები, რაც სტრესის დაძლევაში დამეხმარა. ვიქრობ, შედეგის მიღწევა დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე და არა სქესზე. ძალიან ბევრ ჭკვიან გოგოს ვიცნობ, თუნდაც კომაროვში, ამიტომ ფრაზა, რომ ბიჭები უკეთესად სწავლობენ მათემატიკას, სტერეოტიპია.
თამარ იაკობაშვილი