ერთი მხრივ, ეს ძალიან საშიშია, მეორე მხრივ კი - შემაწუხებელი გახდა როგორც კი დაიწყო საახალწლო სამზადისი, რასაკვირველია, გამოჩნდა მისი თანმდევი ატრიბუტებიც – პეტარდების, ე.წ. ასაფეთქებლების ჩათვლით. შესაბამისად, ქალაქშიც იმატა აფეთქებების ხმამ და ამით შეწუხებულმა ადამიანებმა. ჩვენ უამრავი მშობელი დაგვიკავშირდა თხოვნით, გაგვერკვია შესაბამის ორგანოებში, იქნებ აკრძალონს პეტარდების ბავშვებზე მიყიდვა მაინც, რადგან ერთი მხრივ ეს ძალიან საშიშია – ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ამგვარი ასაფეთექბლების არასწორ გამოყენებას ბავშვები დაუსახიჩრებია, და მეორე მხრივ – მართლაც შემაწუხებელია გამუდმებით ამ ხმების მოსმენა.
ნინო, 35 წლის:
- უკვე იმდენად მაღიზიანებს და ისეთი დაშინებული ვარ, პატარა ბიჭებს რომ დავინახავ, სულ მგონია, ახლა რაღაცას ააფეთქებენ და ვცდილობ სწრაფად გავიარო. ცოტა ხნის წინ ჩემს თანამშრომელს ჩანთაში ჩაუგდეს ასაფეთქებელი და ისე შეეშინდა, კინაღამ გულის შეტევა დაემართა.
ეკა, 40 წლის:
- მე არ მესმის ამ ბავშვების მშობლების. ფულს ხომ ისინი აძლევენ და ალბათ უმრავლეს შემთხვევაში ისიც იციან, რაში იხარჯება ეს ფული. ჯერ ერთი, შენი შვილი რომ მთელი დღე ვიღაცას ნერვებს უშლის, აწუხებს, სიმშვიდეს ურღვევს და უზრდელობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამაზე რატომ არ ფიქრობ? და მეორე, იმდენი შემთხვევა მომხდარა, რომ ბავშვებს კიდურებიც კი დაუკარგავთ ამ პეტარდებით თამაშის გამო, რატომ არ წუხან ამაზე?
ჩვენ მერიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, რადგან ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ზრუნვა სწორედ მერიის პრეროგატივაა. თუმცა იქ გვიპასუხეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის აკრძალვა, ეს საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.
საეჭვოა, ახლა ამ ორგანოში ვინმე იცლიდეს ამ საკითხისთვის და ისღა დაგვრჩენია, კვლავ მშობლებს ვთხოვოთ, თუნდაც მათივე შვილების უსაფრთხოებისთვის, არ აყიდინონ და მით უმეტეს, არ უყიდონ ასაფეთქებლები და მეტად მიაქციონ ყურადღება, რით ერთობიან ბავშვები ქუჩაში.