რა ხდება მაშინ, თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ დაინფიცირდება, რამდენად დიდია გართულების რისკი და ყველაზე ხშირად რა სიმპტომებს უჩივიან პაციენტები ვაქცინის გაკეთების შემდეგ. აქტუალურ თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:
- გააჩნია, ვაქცინის გაკეთებიდან რამდენ ხანში დაინფიცირდება პაციენტი. ვაქცინაციიდან, დაახლოებით, 2 კვირაა საჭირო, რომ იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს და ანტისხეულები გამომუშავდეს. თუ ადამიანი ისეთ დროს დაინფიცირდება, რომ ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, რა თქმა უნდა, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. საქართველოში სტატისტიკაც გვაქვს, ერთხელ ვაქცინირებულ ადამიანებში 5-6-ჯერ შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობაც ძალიან დაბალია. ამიტომ, ვაქცინის ერთი დოზა ნაკლებად გვიცავს, ვიდრე ორი, მაგრამ მასაც გააჩნია დამცველობითი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირება ვაქცინაციის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ მოხდება. თუ ადამიანი პირველივე დღეებში დაინფიცირდა ან აცრა უკვე ინფიცირებულმა გაიკეთა, რა თქმა უნდა, ვაქცინა ვერ მოახერხებს დაცვას იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, ანტისხეულების გამომუშავებას ორი კვირა სჭირდება.
- თუ გაიკეთებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთ დოზას და შემდეგ დაინფიცირდება, მეორე დოზის გაკეთებას რა ვადაში შეძლებს?
- ვაქცინის გაკეთება დაავადების გადატანიდან ერთი თვის შემდეგაა შესაძლებელი.
- აცრის შემდეგ რა ტიპის სიმპტომი შეიძლება განუვუთარდეს ადამიანს?
- პირველ რიგში, ყველაზე ხშირია ინფექციის ადგილის სიწითლე და მკლავის ტკივილი. ტკივილი შეიძლება რამდენიმე საათი ან დღე გაგრძელდეს. ასევე, შეიძლება იყოს ტემპერატურული რეაქცია და 38-39 გრადუსამდე ავიდეს სიცხე. ტემპერატურა უფრო ხშირად 2-3 დღის განმავლობაში აღენიშნებათ ხოლმე, სწრაფადვე ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს და არ ხანგრძლივდება. თუმცა, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოგვიანებით, 7-10 დღის შემდეგაც ჰქონდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ ისიც 1-2 დღე გაგრძელდა და არა დიდხანს. ხშირი სიმპტომია მოთენთილობა, სახსრების ტკივილი, მაგრამ ვაქცინაციის გართულებად არასდროს არ უნდა ჩავთვალოთ სურდო, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. თუ ვაქცინაციის შემდეგ ეს სიმპტომები დაგვეწყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კორონავირუსი გვაქვს. ამიტომ, აუცილებელია, თუ ყელის ტკივილი, ხველა, სურდო და ცხვირიდან გამონადენი გვაქვს, არ დავაბრალოთ ვაქცინაციას და ჩავიტაროთ ტესტი.
- სერიოზული ალერგიული რეაქცია ჩვენს ქვეყანაში რამდენ ადამიანს გამოუვლინდა?
- როგორც ვიცი, მძიმე ალერგიული რეაქცია სულ ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ, დაახლოებით, 4-5 ადამიანი იყო. გარდა იმ ტრაგიკული შემთხვევისა, როდესაც ექთანი გარდაიცვალა, არც ერთი შემთხვევა ცუდად არ დამთავრებულა.
- ვისთვის არ არის რეკომენდებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება?
- ვაქცინაციას აბსოლუტური უკუჩვენება არ აქვს. ადამიანებმა, რომლებსაც წარსულში ერთხელ ან მეტჯერ ჰქონიათ ანაფილაქსიური შოკი ან სხვა მძიმე ალერგიული რეაქცია, ან კიდევ იციან, რომ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტზე ალერგიულები არიან, ალერგოლოგს უნდა მიმართონ. ჩატარდეს შესაბამისი კონსულტაცია, კვლევები და შემდეგ შეფასდეს რისკი. ასევე, ადამიანებმა, რომლებსაც დაავადების გამწვავების პროცესი აქვთ, თავი უნდა შეიკაონ, ვიდრე დაავადება არ დასტაბილიზდება ან არ განიკურნება. პაციენტებმა, რომლებსაც ღრმა იმუნოდეფიციტი აქვთ, უნდა მიმართონ ექიმს და მხოლოდ მისი რეკომენდაციის შემდეგ აიცრან. მთავარია ის, რომ ვაქცინაცია იცავს და უსაფრთხოა. ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, რომ აქვთ დიაბეტი, გულის უკმარისობა და არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება. პირიქით, ვაქცინაცია ასეთი ადამიანებისათვის უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, კორონავირუსი მათთან ბევრად მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომ, მინდა, ყველას ვურჩიო, გაეცნონ სტატისტიკას და ჩაიტარონ ვაქცინაცია. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ პანდემია და მოვერიოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით.
თამარ იაკობაშვილი