დღეს ეროვნული გამოცდების დარჩენილი საგნების შედეგები გახდა ცნობილი. უამრავი აბიტურიენტი გულისფანცქალით ელოდა ამ დღეს და სოციალური ქსელი აჭრელდა ბედნიერი მშობლებისა თუ ახლად გასტუდენტებული ბავშვების ემოციებით. ჩვენ ორ საზოგადოებისთვის ცნობილ პირველკურსელს - რუსკა ქარქაშაძეს და მარიამ შენგელიას ვესაუბრეთ გამოცდების, პროფესიული არჩევანისა და აბიტურიენტობის საკითხზე. მარიამი კოვიდით შეხვდა სტუდენტობის სიხარულს, თუმცა ახლა უკვე თავს უკეთ გრძნობს და რამდენიმე დღეში დაამარცხებს კიდეც ვირუსს.
რუსკა ქარქაშაძე:
- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. ძალიან საინტერესო სფეროა ჟურნალისტიკა და მინდა, უფრო ღრმად შევისწავლო.
- ალბათ ბევრი გეკითხება, რატომ არ გააკეთე არჩევანი სამსახიობო ფაკულტეტის სასარგებლოდ?
- კი, კი. თეატრალური განათლების მიღებას და სამსახიობო კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ჟურნალისტიკას დავეუფლო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი- სამსახიობოს. ვფიქრობ, ეს ორი პროფესია ერთმანეთთან კარგად შეთავსებადია.
- რუსკა, როგორი იყო აბიტურიენტობის ერთი წელი, ალბათ ემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის...
- რთული იყო, მოგეხსენებათ, მე ტელევიზიაში ვმუშაობ და სულ გადაღებები მაქვს, ამის გამო მასწავლებელთან ყოველდღე ნამდვილად ვერ დავდიოდი, უბრალოდ ვერ ვახერხებდი. მაქსიმუმ ყველა მასწავლებელთან 15-ჯერ თუ ვიქნები მისული მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, სკოლა დავამთავრე მედალზე და გამოცდების ქულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, არ მქონდა იმის დრო, რომ ყოველდღე მემეცადინა მასწავლებლებთან, მაგრამ რამდენადაც მოვახერხე, შევუთავსე ჩემი გრაფიკი და აბიტურიენტობა ერთმანეთს.
- რას იტყვი გამოცდებზე, საკითხებზე, რთული იყო? მღელვარების მომენტი თუ გქონდა? არის ხოლმე შემთხვევები, რომ ემოციური ფონის გამო ვერ ახერხებენ მაქსიმუმის გამოვლენას აბიტურიენტები...
- სიმართლე გითხრათ, ეგ არ მესმის. თუ ადამიანმა რაღაც დაზუსტებით იცის, ნამეცადინები აქვს, არ მგონია, ნერვიულობამ ისე აიტანოს, რომ ვერ გაიხსენოს. პირადად მე, საკმაოდ მარტივი მომეჩვენა ყველა გამოცდა, ჩემს თავში დარწმუნებულიც ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. შეიძლება ითქვას, მშვიდად, წყნარად აუღელვებლად ჩავაბარე გამოცდები,
- როგორია სტუდენტობის მოლოდინი?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ვიმედოვნებ, ონლაინ არ მოგვიწევს სწავლა კოვიდის გამო. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ცხოვრების სხვანაირ ეტაპზე გადავალ და განსხვავებულ გამოცდილებებს მივიღებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ვივლი უნივერსიტეტში.
- საუბრობენ, რომ პირველკურსელებს აცრის მკაცრ რეკომენდაციას აძლევენ, გსმენია ამაზე?
- კი, ეს მეც გავიგე. არის საუბარი იმაზეც, რომ ვინც აცრილი იქნება, ის შეძლებს ლექციებზე სიარულს და აუცრელები დარჩებიან ონლაინ. პირადად მე ვიცრები, ჩემი ოჯახის წევრებიც აცრილები არიან. ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში და ვფიქრობ, ყველა უნდა აიცრას, თუმცა ჯერ დაზუსტებით რა და როგორ იქნება, არ ვიცით, სექტემბერში გახდება ცნობილი.
მარიამ შენგელია:
- ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ აგიხსნით. სად ჩავაბარე, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან თუ რომელ სასწავლებელში მოვხვდით, ამის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა პირველი კონსერვატორია მიწერია. მოგეხსენებათ, მიყვარს ეს სფერო და მინდოდა ჩემს პროფესიად მექცია, ყველა მაინც სხვანაირად გიყურებს, როცა პროფესიონალი ხარ, ამიტომაც ეს სფერო ჰობად არ დავიტოვე და პროფესიად ვაქციე.
- როგორი იყო აბიტურიენტობის პერიოდი?
- ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა, პროექტებში ვმონაწილეობდი, გარდა ამისა, ჩემი ბენდი, ივენთები... სულ დაკავებული ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი თვე დავუთმე მეცადინეობას, ვიცოდი, რომ ეს ერთი თვე მქონდა, ვმობილიზდი და მთლიანად სწავლაზე გადავერთე. გამოცდები როგორი რთულიც მეგონა, ასეთიც არ ყოფილა, უფრო მარტივი აღმოჩნდა. ამასობაში დამემართა კოვიდი და კოვიდიანმა გავიგე, რომ გავხდი სტუდენტი.
- ახლა როგორ ხარ?
- ცოტა რთულად გადავიტანე, ყველა სიმპტომი ერთად მქონდა, ე.წ. სიმპტომების ბუკეტი მქონდა პირველი 3 დღე, ახლა უკეთ ვარ. ჩემებსაც გადავდე და ახლა ყველა სახლში ვმკურნალობთ ერთად. მეშვიდე დღეა და შედარებით უკეთ ვარ.
- გამოჯანმრთელებას გისურვებთ ყველას. როგორია სტუდენტობის მოლოდინი?
- მგონია, რომ ძალიან მაგარი პერიოდი მელოდება წინ, ახალი გარემო, ახალი გამოწვევები. მე სკოლა წელს არ დამიმთავრებია, შარშან დავამთავრე, მაგრამ "ევროვიზიაზე" ვაპირებდი გასვლას და არ მიფიქრია ჩაბარებაზე. მერე კოვიდმა ყველაფერი ჩამიშალა და ერთი წელიც გამოვტოვე. წელს მივხვდი, რომ სიახლე მჭირდებოდა და გავედი გამოცდებზე. ისე მიხარია, ვერ აგიხსნით. ვიმედოვნებ, ონლაინ აღარ ვიქნებით და ვივლით ლექციებზე.
ციცი ომანიძე