მთავრობაში დიდი ბავშვიანობაა 2014 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთი შვილის მამა გახდებოდა. პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ფეხმძიმედაა და პატარა სავარაუდოდ, იანვარში მოევლინება ქვეყანას. ეს წყვილის პირველი საერთო შვილია. მაკა ჩიჩუასაც და გიორგი მარგველაშვილსაც თითო-თითო შვილი ჰყავთ წინა ურთიერთობებიდან.
ცოტა ხნის წინ მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია "იმედის" "დღის შოუს" სტუმრობდა. ორსულმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მას რეზიდენციაში ცხოვრებას დუშეთში, ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. ჩიჩუას თქმით, ის პატარას გაზრდას დუშეთში აპირებს. ამიტომ ოჯახის ახალი წევრისთვის ოთახი საჩქაროდ მოაწყვეს.
"სიყვარული და ლტოლვა მიწის, ბუნებისა და ცხოველების მიმართ ბავშვობიდან მაქვს. გამიმართლა, რომ გიორგი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც გიჟდება დუშეთზე. თავის ხელით აქვს აწყობილი ყველაფერი. პატარა სახლია და იქ გავაკეთეთ ბავშვისთვის ოთახი. ბავშვი გაიზრდება სუფთა ჰაერზე, იქნება ცხოველებთან და ფრინველებთან, იქნება მაუგლი... არ გვქონდა იზოლირებული ოთახი ბავშვისთვის და ახლა ჩქარ-ჩქარა გავაკეთეთ ბავშვის ოთახი. პატარას ოთახს უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედია, - მთელი დუშეთი ჩანს".
ფეხმძიმედაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეც. ისინი მესამე შვილს ელოდებიან. როგორც ჩვენთვის
გახდა ცნობილი, მეხუთე წევრი ოჯახს 3 თვეში შეემატება.
ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი მესამე ბიჭის მშობლები გახდებიან. ბავშვის სახელზე ოჯახში ჯერ ისევ ფიქრობენ.
პრემიერის მეუღლე ექვსი თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს.