შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გოგონა, რომელმაც მთელი ცხოვრება ეტლში ჟანგბადის ბალონით გაატარა, სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი იყო? იმისათვის, რომ თავისი ჯანმრთელობა დაემტკიცებინა, სასტიკად გაუსწორდა საკუთარ დედას. ამ შემზარავმა შემთხვევამ ყველას დაანახა, თუ რა მახინჯი ფორმა შეიძლება მიიღოს სიყვარულმა.
ამერიკელი დი-დი ბლანშარი თავდადებული დედა ჩანდა, რომელიც არაფერს იშურებდა შშმ პირი შვილისთვის. სამსახურიც კი მიატოვა, რათა "ავადმყოფი შვილისთვის", ჯიპსი როუზისთვის უკეთესად მოევლო. ყველგან და ყოველთვის ერთად იყვნენ. დედას ჟანგბადის ბალონიც კი თან დაჰქონდა „ასთმის მძიმე ფორმის მქონე“ ქალიშვილისთვის.
ჯიპსის დიაგნოზების ჩამონათვალი, რომელსაც დედა გარშემო მყოფებს ჩამოუთვლიდა ხოლმე, საკმაოდ გრძელი და საშიში იყო. ასთმა, გენეტიკური დარღვევები, ეპილეფსია, კუნთების ატროფია, აპნოე და ლეიკემიაც კი. ამის ფონზე არავის უკვირდა, რომ გოგონა სახლში იღებდა განათლებას. დედა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მის შვილს ისე მოქცეოდნენ, როგორც პატარა ბავშვს, რადგან დედის თქმით, მის შვილს გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა.
ოდესღაც დი-დი ბლანშარი ექთნის თანაშემწე იყო, მშვენივრად ახსოვდა სამედიცინო ტერმინოლოგია და ისე ოსტატურად იყენებდა ამ ლექსიკონს, რომ გამოცდილი ექიმებიც შეცდომაში შეჰყავდა. თავიდან ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რომ ატყუებდნენ. როგორც კი რომელიმე მედიკოსი რაიმეს იეჭვებდა, ბლანშარი იმ კლინიკას ახლოს აღარ ეკარებოდა და საცხოვრებელ მისამართსაც კი იცვლიდა. დედა-შვილი მთელ ქვეყანაში დახეტიალობდა და გამუდმებით „კარგავდა“ სამედიცინო ისტორიას, ანალიზების პასუხებს, გამოკვლევებს და გამუდმებით „ერეოდა“ გვარისა და სახელის მითითების დროს ერთი ან ორი ასო.
შვილი დედისთვის არა მარტო ფინანსური დახმარების წყარო, ფსიქოლოგიური იარაღიც იყო. ირგვლივ მყოფი ადამიანები გულშეძრულები იყვნენ მისი თავდადებით და ყველანაირად ეხმარებოდნენ. ამარაგებდნენ პროდუქტებით, ტანსაცმლით, ყოველდღიური ნივთებით. დედა-შვილი უფასოდ დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში. საქველმოქმედო ორგანიზაციები მხარში ედგნენ, უშვებდნენ სანატორიუმებში, უზრუნველყოფდნენ გოგონას გართობასა და დასვენებას. საბოლოოდ ერთ-ერთმა ფონდმა მათ სახლიც კი აჩუქა, რომელიც ჯიპსის საჭიროებებზე იყო მორგებული, ჰქონდა პანდუსი და ჯაკუზი.
გოგონას მამას ბლანშარი მოიხსენიებდა როგორც ლოთსა და ნარკომანს, რომელიც „ვერ იტანდა“ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს. დი-დის თქმით, მამა „ერთ ცენტსაც“ არ აძლევდა ოჯახს, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თვეში 1200 დოლარს უხდიდა, პერიოდულად საჩუქრებსაც უგზავნიდა შვილს და ფინანსური დახმარების შეწყვეტა არც უფიქრია.
3 წლამდე ჯიპსი როუზი ჯანმრთელი ბავშვი იყო. შემდეგ დედამ დაიჟინა, რომ ბავშვი ძილში იგუდებოდა. ამის შემდეგ „ეპილეფსიის“ დრო დადგა, შემდეგ - „კუნთების ატროფიის“, „ყურის ქრონიკული ანთების“, „მხედველობის გაუარესების“. 10 წლის ჯიპსის დედა უკვე სოციალურ კონტაქტებს უზღუდავდა, მამასთან და მის ახალ ოჯახთან ყოფნასაც უკრძალავდა.
დი-დის მარტოხელა დედობა სურდა, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტდა უმწეო შვილის ბედს. გოგონა დედის მკაცრი რეჟიმის პირობებში იზრდებოდა. ტოტალური კონტროლი ვრცელდებოდა ცხოვრების ყველა პუნქტზე, წარმოიდგინეთ, მის ასაკსაც კი იტყუებოდა. გოგონას თავი რეალურ ასაკზე 4 წლით უმცროსი ეგონა.
მოგვიანებით ჯიპსი იხსენებდა, რომ თავის ბედზე მანამ არ დაფიქრებულა, სანამ ერთი მამაკაცი არ გაიცნო და მასთან ერთად გაქცევა არ გადაწყვიტა (ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა).
„მის ხელში სათამაშო ვიყავი, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა იმას ვხვდებოდი, რომ სიარულიც შემეძლო და დამოუკიდებლად თავის მოვლაც. თავი გადაპასრული მქონდა, მეუბნებოდა, მაინც გაგცვივდებაო", - იხსენებდა ჯიპსი.
დედამ დააჯერა, რომ სიმსივნე ჰქონდა და ძლიერმოქმედი წამლებით ჭყიპავდა. შვილს დედის სჯეროდა და კითხვებს არ უსვამდა, რადგან მისი განაწყენების ეშინოდა.
დედას ტყუილის ისეთი ქსელი ჰქონდა გაბმული, რომ ბოლოს თავად გაება შიგნით. ჯიპსიმ, რომელიც სინამდვილეში სულაც არ გახლდათ გონებრივად ჩამორჩენილი, თავი დააღწია ამ ქსელს. საქმე ისაა, რომ გოგონა თანდათან მეტ ინტერესს იჩენდა მამაკაცებისადმი და ამის გამო ფეისბუქში ყალბი პროფაილები ჰქონდა შექმნილი. შემდეგ კი ნიკოლას გოჯნომი გაიცნო.
დედას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა აქტიურ ვირტუალურ ცხოვრებას ეწეოდა მისი „ავადმყოფი“ ქალიშვილი. არც ის იცოდა, რომ ჯიპსი გათხოვებას აპირებდა და იმ კაცთან 2 წლის განმავლობაში იწვა.
ეს ტრაგიკული ისტორია ბოლოს ერთი პოსტით გამჟღავნდა - დი-დის გვერდზე გამოჩნდა წარწერა „ეს ძუკნა მკვდარია. ეს ღორი მოვკალი და მისი უმანკო ქალიშვილიც გავაუპატიურე... იმხელა ხმაზე ყვიროდა...“. ასეთი იყო შეტყობინება, რომელმაც პოლიციას სახლში შეჭრის საფუძველი მისცა.
პოლიციამ სახლში დი-დის გვამი იპოვა, იქვე ცარიელი ეტლის დანახვაზე პოლიციამ იფიქრა, რომ გოგონა გაიტაცეს. თუმცა საბოლოოდ დამნაშავის კვალზე გავიდნენ. ეს როუზის ვიტუალური თაყვანისმცემელი, გოჯნომი აღმოჩნდა. ჯიპსიც მის გვერდით იყო, ცოცხალი და უვნებელი. ის, რომ გოგონა სინამდვილეში ძალიან კარგად გრძნობდა თავს ეტლის, ძლიერი წამლების, ჟანგბადის ბალონის გარეშე, ნამდვილი შოკი იყო ყველასთვის. მამა გაოგნებული დარჩა, როცა მისი ქალიშვილი სასამართლოზე თავისი ფეხით მივიდა და დამოუკიდებლად სიარული შეეძლო.
2015 წელს ჯიპსიმ მკვლელობაში თანამონაწილეობა აღიარა და 10 წლით ციხეში ჩაჯდა. გოჯნომს კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გოგონას ეშინოდა, რომ დედა საბოლოოდ მოკლავდა და დაასწრო - ასე თქვა სასამართლოზე. 10 წლიდან 7 წელი იჯდა ციხეში, რადგან სასამართლო პროცესზე ბევრი დეტალი გაირკვა და მას სასჯელი შეუმსუბუქეს. დედამისს სიკვდილის შემდეგ დაუსვეს "მიუნჰაუზენის პროგრესირებადი სინდრომის" დიაგნოზი - ამ სინდრომის მქონე ადამიანი დაავადების სიმულირებას ახდენს, დაავადების სიმპტომებს იწვევს, რომ მუდმივად იყოს მკურნალობის, კვლევების ქვეშ. სინდრომი შეიძლება იყოს მიმართული არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლობელი ადამიანებისკენაც, როგორც დი-დის შემთხვევაში მოხდა.
ჯიფსი მისურიში იჯდა ციხეში, სადაც 6 კილო მოიმატა, კბილები ჩაისვა და ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის გოგონად იქცა. საშუალო განათლების მიღებას აპირებს და სამომავლოდ საკუთარ თავს ექიმად ხედავს.