"დამღუპველია დღეს ასე ფართოდ გავრცელებული დაფქვილი და დაბლენდერებული საკვების გამოყენება 6-7 თვის შემდეგ" მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე, მშობლების თხოვნით, მეტყველების ისეთ დარღვებებზე გვესაუბრება, როგორიცაა ენის ბორძიკი და ბგერების არასწორი წარმოთქმა.
- ბგერების არასწორად გამოთქმა, ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა... როგორ უნდა "ვებრძოლოთ" და როდისაა საგანგაშო მეტყველების ასეთი ფორმა?
- მართლმეტყველების დარღვევებისას, როდესაც პატარა ვერ წარმოთქვამს სწორად ამა თუ იმ ბგერას, მეტყველების თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის პირის ღრუსა და საარტიკულაციო აპარატის საგულდაგულო დათვალიერება, შემოწმება. ზოჯერ ბგერათა უსუფთაო წარმოთქმა სწორედ საარტიკულაციო აპარატითაა პროვოცირებული, ანუ ენის, სასის, ხახის თანდაყოლილ პათოლოგიებს, არასწორ თანკბილვასა და სხვა ორთოდონტიულ ან ნევროლოგიურ პათოლოგიებს უკავშირდება. თუ დარღვევა ამ ტიპის მიზეზითაა პროვოცირებული, ჯერ ის უნდა გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს მეტყველების თერაპია. თუ მსგავსი რამ გამორიცხულია, პირდაპირ იწყება ბგერის კორექცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად.
პირველი ეტაპი - მოსამზადებელია, იგი მიზნად ისახავს საარტიკულაციო აპარატის მომზადებას ბგერის წარმოსათქმელად და მოიცავს ენის, ტუჩების, ყბების ვარჯიშებს.
მეორე ეტაპი - სწორი არტიკულაციის გაცნობაა, რომელიც თითოეული ბგერისთვის მკაცრად განსაზღვრულია. ამ ეტაპზევე ხდება ბგერის სმენითი განსხვავება, ანუ პაციენტმა კარგად უნდა დააფიქსიროს, თუ რა ტიპის ბგერის მიღწევაა აუცილებელი. იმ შემეთხვევაში, თუ შედარებით მაღალი ხარისხითაა გამოხატული საარტიკულაციო აპარატის მოდუნება ან პირიქით ჰიპერტონუსი, დამხმარე მეთოდის სახით ვატარებთ ენის, ტუჩებისა და ყბების როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (აპარატით) მასაჟს. ბგერის სმენითი აღქმის გასაძლიერებლად გამოიყენება ელექტრორეფლექსოთერაპია, რათა დაჩქარდეს ბგერის დაყენება.
მესამე ეტაპი უშუალოდ ბგერის დაყენებაა და იგი მაშინ სრულდება, როდესაც პაციენტი შეგნებულად, დაფიქრებით ახერხებს ბგერის სწორად წარმოთქმას. შემდეგ იწყება ბგერის ავტომატიზაციის ეტაპი, როდესაც უკვე დაყენებული ბგერა საუბრისას სიტყვებში, ფრაზებსა და წინადადებებში უნდა ჩამაგრდეს, რის შემდეგაც პრობლემა დაძლეულად მიიჩნევა.
სასურველია, ბგერათა არასწორი წარმოთქმის კორექცია მოხდეს სკოლამდელ ასაკში, რათა პატარას თავიდან ავაცილოთ სკოლაში არასწორი წარმოთქმით გამოწვეული უამრავი როგორც აკადემიური, ისე ფსიქოლოგიური სტრესი. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მართალია ბგერათა არასწორი წარმოთქმა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ მას შეუძლია, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მოაყენოს, შეაფერხოს მისი განვითარება და პროფესიული წინსვლა, ამიტომ უმჯობესია, მშობლებმა, შეამჩნევენ თუ არა შვილს ამას, მიმართონ მეტყველების თერაპევტს, რადგან ადრეულ ასაკში ნებისმიერი ტიპის დისლალიის აღმოფხვრა, თუ იგი თანდაყოლილი პათოლოგიით არ არის გამოწვეული, შესაძლებელია 3-6-თვემდე, მაშინ როდესაც მოზრდილ ასაკში მკურნალობის ხანგრძლივობა რამდენჯერმე იზრდება და შედეგიც ყოველთვის სასურველი როდია.
- რაც შეეხება ლოგონევროზს?
- როგორც მშობლები, ისე ბავშვები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ მეტყველების ისეთი ტიპის დარღვევას, როგორიცაა ენის ბორძიკი - ლოგონევროზი.
არცთუ შორეულ წარსულში ლოგონევროზების მკურნალობას ცდილობდნენ ე.წ. ლოგოპედიური ხერხებით, რომლებიც ითვალისწინებდა სამეტყველო ე.წ. დიქციური სუნთქვის დაყენებას, კითხვისა და თხრობისას გარკვეულ რეკომენდაციათა შესრულებას. თანამედროვე ხედვა ამ დარღვევის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მთელ მსოფლიოში ლოგონევროზი განიხილება როგორც სამედიცინო პრობლემა, კლინიკური სიმპტომი, რომელიც მეტყველების თერაპიასთან ერთად მოითხოვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მეთოდების გამოყენებას. ამ მხრივ საუკეთესოს წარმოადგენს კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებს ენის ბორძიკში მონაწილე ყველა შესაძლო რგოლის დარღვეული ფუნქციების სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას. საუბარი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ ერთი მესამედი მოჩანს, ორი მესამედი კი წყალქვეშ არის, უხილავია. სწორედ ასეა მეტყველებაც. ის, რაც ჩვენ გვესმის, მეტყველების როგორც ფუნქციის მხოლოდ ერთი მესამედია. დანარჩენი ორი თავის ტვინის ქერქქვეშა მოტორულ ცენტრებში, სასუნთქ სისტემაშია მოქცეული, ამიტომ კომპლექსური მეთოდით მკურნალობა იწყება სუნთქვითი ვარჯიშებით, აუცილებელია მოწესრიგდეს საუბრისას ჰაერის საჭირო რაოდენობისა და ინტენსივობის ნაკადით მომარაგება, რადგან ჰაერი მეტყველების ერთგვარი საწვავია. ამისთვის გამოიყენება სუნთქვითი ვარჯიშების სპეციალურად ლოგონევროზების სამკურნალოდ შემუშავებული სისტემა.
მეტყველებაზე პასუხისმგებელი ქერქქვეშა ცენტრების სინქრონული - შეთანხმებული მუშაობის მიღწევა შესაძლებელია კომპიუტერული კორექციით, არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ცენტრების მუშაობის ერთ რეჟიმში გადაყვანას, რათა მეტყველება იყოს თანაბარი, ლაღი, რიტმული. მნიშვნელოვანია სამეტყველო სუნთქვის დაყენებაც.
შესაძლოა, ადამიანმა მშვენივრად იცოდეს სახლის აშენება, მაგრამ ვერ შეძლოს ეს ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში. ანალოგიურად, თუ პაციენტის ნერვული ფონი მშვიდი არ არის, შედეგის მიღწევა რთულდება, ამიტომ ნერვულ სისტემაში აგზნების გასაქრობად ტარდება ფიზიოთერაპია და სხვა ტიპის სარელაქსაციო მანიპულაციები, რომელიც პაციენტის ასაკის და დარღვევის კლინიკური ფორმის შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
დაახლოებით 8-10 წლის ასაკამდე ბავშვებს ენის ბორძიკთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ, სამაგიეროდ ეს დიდი დოზით არის გამოხატული შედარებით მოზრდილი ასაკის პაციენტებში, შესაბამისად მათთვის საჭიროა ფსიქოთერაპიის ელემენტების გამოყენებაც. საკმაოდ ხანგრძლივი, ძლიერი და ქრონიკული მიმიკური თუ სხვა ტიპის საარტიკულაციო კუნთების სპაზმები, რაც დამახასიათებელია ლოგონევროზისთვის, იწვევს მათი ტონუსის ცვლილებას, ამის გამოსასწორებლად რეკომენდებულია საარტიკულაციო აპარატის ვიბრომასაჟი. დაუშვებელია ლოგონევროზის დროს ენის პირდაპირი დამასაჟება, რადგან ამან შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
ბევრი სპეციალისტი ლოგონევროზს განუკურნებელ პათოლოგიად მიიჩნევს, რაც მცდარი და არასწორი შეხედულებაა.
კომპლექსური მეთოდით მკურნალობის სტატისტიკა ასეთია: პაციენტთა 40% სამუდამოდ ივიწყებს პრობლემას, სამწუხაროდ, 13-15% არ ემორჩილება თერაპიას და მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. დარჩენილი 45%-ში შეიმჩნევა მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, თუმცა მოსალოდნელია რეციდივები, ანუ გამწვავებები, თუმცა ნამკურნალევ პაციენტებთან რეციდივები უკვე აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რამდენადაც ისინი დაუფლებულნი არიან მეტყველების თვითკონტროლს, რომლის დახმარებითაც ადვილად ნიღბავენ დარღვევებს. ყველაზე სასურველია მკურნალობის დაწყება 5-6 წლიდან, შედარებით რთული პერიოდია ე.წ. გარდატეხის ასაკი, თუმცა ასაკი თერაპიისთვის შეზღუდვას არ წარმოადგენს, მეტყველების ამ ტიპის დარღვევის აღმოფხვრა შესაძლებელია 40-45 წლამდე.
- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვს მეტყველების სწორი აპარატი ჩამოუყალიბდეს?
- პირველ ყოვლისა აუცილებელია, დავიცვათ მატყუარა საწოვარას გამოყენების ვადები, რადგან საკმაოდ ბევრი ბგერის დამახინჯებული წარმოთქმა სწორედ საწოვარას დიდი ხნით გამოყენების შედეგია. მნიშვნელოვანია ბავშვს ხელი შევუწყოთ ენისა და საღეჭი კუნთების სწორად ფორმირებაში, ამისთვის კი აუცილებელია, იგი უკვე 9-10 თვიდან მივაჩვიოთ ღეჭვას, დამღუპველია დღეს ასე ფართოდ გავრცელებული დაფქვილი და დაბლენდერებული საკვების გამოყენება 6-7 თვის შემდეგ. თუ პატარას ვიზუალურად ვამჩნევთ ყბების ან ტუჩების არაბუნებრივ მდგომარეობას, აუცილებელია იგი ვაჩვენოთ სტომატოლოგ-ორთოდონტს.
ციცი ომანიძე