საშინაო დავალებების სიმრავლესა და სიმცირეზე არაერთხელ გვისაუბრია და არაერთგვაროვანია მშობლებისა და პედაგოგების აზრი. თუმცა ბოლო დროს ყველა თანხმდება, რომ მუდმივად ბევრი დავალება, თანაც, სულ ერთმანეთის მსგავსი, რუტინული და უინტერესო, არანაირ შედეგს არ იძლევა და ჯობს, ბავშვი სხვადასხვა აქტივობით დააინტერესონ, თანაც, სასურველია, სასკოლო სივრცეშივე იყოს გაკვეთილი მოცულობითი და საინტერესო და ცოდნის მიღება მხოლოდ იმაზე არ იყოს დამოკიდებული, რა ოდენობის დავალებებს შეასრულებს ბავშვი. მით უმეტეს, ხშირად ისეთ დავალებებს აძლევენ მოსწავლეებს, რასაც დამოუკიდებლად ვერც ართმევენ თავს და მშობლებიც იძულებული ხდებიან, დაეხმარონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მშობელმა მოგვწერა. მათ მოსაზრებებს გთავაზობთ და შემდეგ ერთ-ერთ გამოცდილ პედაგოგს ვთხოვთ კომენტარს ამ თემაზე.
"რა თქმა უნდა, ყველა ველოდით სწავლის დაწყებას და ძალიან გვიხარია, მაგრამ ეს შაბლონური, ინფორმაციის მოძიება თავისი საბეჭდი მასალით ხომ გადავჭეღეთ ყველა კლასში, ყველა საფეხურზე. მესმის, რომ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა და ნუ კარგი, დაღლილი, დღევანდელ პირობებში, გადათიშული დავრბივართ სამსახურის მერე, რომ ქსეროქსს, საბეჭდს მივუსწროთ. უბრალოდ შემაწუხებელია უკვე მშობლისთვის და წარმოიდგინეთ, ყველა საგანი სხვადასხვაა და ყველა ანალოგიურად ითხოვს. ახლა კიდევ ახალი მეთოდი დაგვემატა, "კომპლექსური დავალება" ჰქვია, თან მოჰყვება "მშობლის ბარათი", ანუ რითიც უნდა ვიხელძღვანელოთ. ნუ კაი, მასალა არის საკმაოდ დიდი მოცულობის, რასაც ითხოვენ, როდესაც ოჯახში არის სამი ან მეტი ბავშვი, და არც ერთმა აქედან არ იცის პროგრამა ფოვერ პოინთი, ანუ მშობელს აძლევენ ამ დავალებას და არა ბავშვს... ბავშვის აღზრდა-განვითარებაში საკმაოდ ჩართული ვარ და ამას ხედავს სკოლა, უკმაყოფილო არც ერთის მასწავლებელი არ მყავს, ჩემი შვილის აკადემიური მოსწრებით თუ ქცევით. მაგრამ ეს მეტისმეტია, ჯერ რომ ბავშვებმა არ იციან ეს პროგრამა ამ ასაკში და მეორეც მე დიდი ხნის წინ გავიარე მე-5 და მე-4 კლასი". "შეიძლება, ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო პროექტებითა და კომპლექსური დავალებებით სწავლება, მაგრამ საბოლოოდ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, არაფერი სასარგებლო მისგან აღარ დარჩა. ჯერ ერთი, როცა პატარა ბავშვს ეუბნები, რომ ინფორმაცია მოიძიოს, უკაცრავად, სად მოიძიოს, გუგლში? საძიებოში სიტყვას რომ ჩაწერს და უამრავ გვერდს ამოუგდებს? მერე უნდა წაიკითხოს ეს უამრავი გვერდი და გაფილტროს, რა სჭირდება და რა - არა? წარმოგიდგენიათ მაინც, ეს რა მოცულობის სამუშაოა? რამდენი ტექსტი რამდენ ხანს უნდა იკითხოს, თანაც ეს ტექსტები საერთოდ არაა მოსწავლეებისთვის განკუთვნილი და მათი სისწორე და სანდოობაც ძალიან საეჭვოა. ინტერნეტი წალეკილია მცდარი და გადაუმომწმებელი ინფორმაციებით. გამოდის, ისევ მშობელმა უნდა მოუძიოს, გაუფილტროს და მიაწოდოს ბავშვს ტექსტი. მერე გაპრანჭოს ეს ტექსტი, ფოტოებით ან ნახატებით შეამკოს და პრეზენტაციის სახე მისცეს. ფოტოების ამობეჭდვა ცალკე თავში სახლელია, გეგონება პრინტერი საოჯახო ნივთია და ყველას გვაქვს სახლში. იხარჯება უამრავი დრო, ბავშვი კიდევ უფრო იღლება და ამას ინტერესით კი არ ასრულებს, ერთი სული აქვს, დროზე მოიშოროს, რომ სხვა გაკვეთილებიც მოასწროს. გამაგებინოს ვინმემ, რად გვინდა ამდენი სახელმძღვანელო, წელმოწყვეტილი რომ დაათრევენ ჩანთებს ჩვენი შვილები, თუ ისევ ინტერნეტში უნდა ვაკოწიწოთ ინფორმაცია. მე არ ვიცი, რეალურად რა მიზანი აქვს ასეთ დავალებებს და სინამდვილეში როგორ უნდა სრულდებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ზედმეტ და არაფრისმომცემ ტვირთად ექცათ ბავშვვებს და მშობლებს". "მგონია, რომ მასწავლებლები თავიდან იშორებენ ბავშვებს ზღვა დავალებებით. მერე ამ დავალებების გაკვეთილზევე წაკითხვა-გარჩევას უნდებიან მთელი გაკვეთილი, ზოგჯერ ახსნასაც ვერ ასწრებენ და საბოლოოდ, ბევრი ძალისხმევა არ ეხარჯებათ. მთავარია, მისცენ დიდი ოდენობის დავალება, ბავშვი დაღალონ და მერეც ბევრი დრო დაკარგონ დავალებების კითხვაში. მართლა ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე. ან კიდევ, უბრალოდ არ ფიქრობენ არაფერზე, ბრმად მიჰყვებიან პროტოკოლს და პროგრამას და არც კი იღლიან თავს იმაზე ფიქრით, რა მოაქვს ამდენ დავალებას და ბავშვის ამდენ დატვირთვას".
კომენტარი ვთხოვეთ გამოცდილ პედაგოგ მარინა ხარიტონაშვილს, რომელიც 25 წელია პედაგოგია. გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას ასწავლის, გეოგრაფიის მაგისტრი და დოქტორია და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა:
- ვფიქრობ, ყოველდღიური დავალება წერილობითი ან პროექტის სახით საჭირო არ არის და არც ყოველ გაკვეთილზე უნდა შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მოსწრება კონკრეტული ქულით. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განსხვავებულ უნარებს ფლობს. ზოგს შეიძლება ხატვა უყვარს, ფილმის ნახვა ურჩევნია და სხვანაირად უნდა ინფორმაციის გადმოცემა. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ თითოეულ მათგანს მაქსიმალურად, ინდივიდუალურად მოვერგოთ და ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ტიპის დავალებები შევთავაზოთ, რომ შედეგზე გავიდეთ. შეიძლება - თამაშით, სახალისო ჯგუფური მუშაობით, ქვიზით, ტესტებით. მოსწავლე არ უნდა დაითრგუნოს საშინაო დავალების გამო და გაკვეთილზე მისვლა არ უნდა ეშინოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრო ან კარგად ვერ მოახერხა დავალების შესრულება. ბავშვებს ყოველ დღე 5-6 გაკვეთილი აქვთ მოსამზადებელი. მასწავლებელები კი ხშირად მხოლოდ საკუთარი საგნის საკითხებზე ფიქრობენ და ბევრ დავალებას აძლევენ. მგონია, რომ ყველა მათგანი ორიენტირებული უნდა იყოს ხარისხზე, შედეგზე და არა რაოდენობაზე. ამიტომაც, უმჯობესია, თუ ბავშვებს სახალისო და მცირე რაოდენობის დავალებას შევთავაზებთ, რითაც პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ ცოდნას, რასაც სახელმძღვანელოდან იღებენ. ვფიქრობ, თითოეული დავალება გათვლილი უნდა იყოს ოცი წუთიდან ნახევარ საათამდე. თუმცა, არის ტექნიკური საგნები, სადაც შეიძლება ბავშვს მეტი დრო სჭირდება ფიქრისა და მომზადებისთვის. მოსწავლეები ფიზიკურადაც ძალიან იღლებიან. მე, როგორც მასწავლებელი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ გეოგრაფიის გარდა, მოსწავლეს სხვა საგნებშიც აქვს დავალებები შესასრულებელი და მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინო. შეიძლება, ბავშვი 2-3 საათი ერთ დავალებას აკეთებს და ძალიან იღლება, მოტივაცია უქვეითდება და სხვა საკითხებს ვეღარ უთმობს სათანადო ყურადღებას. ზოგჯერ პედაგოგები ფიქრობენ, რომ თუ მოსწავლეს ბევრ დავალებას მისცემენ, კარგ შედეგზე გავლენ. თუმცა, მგონია, რომ ახალი მიდგომებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ყველა მასწავლებელი მიხვდება, რომ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს.
თამარ იაკობაშვილი
იხილეთ ინტერვიუ სრულად: