როდის მიიღებენ პენსიონრები 500-ლარიან ვაუჩერს და რისი შეძენა შეეძლებათ - განმარტება თბილისის მერიიდან - მშობლები

როდის მიიღებენ პენსიონრები 500-ლარიან ვაუჩერს და რისი შეძენა შეეძლებათ - განმარტება თბილისის მერიიდან

2021-10-21 08:08:31+04:00

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, რომელიც მედიკამენტების შესაძენად უნდა გამოიყენონ. დეტალებთან დაკავშირებით მოსახლობაში კითხვები გაჩნდა - ვაუჩერს ყველა სოციალურად დაუცველი პენსიონერი მიიღებს თუ დაწესებულია ზღვარი, კონკრეტული ქულის სახით, როდის მოხდება ჩარიცხვა და შეზღუდული იქნება თუ არა მედიკამენტების ჩამონათვალი, შეეძლებათ თუ არა ვაუჩერით სხვა ნივთების ან პროდუქტის შეძენა. ამ შეკითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ:

"ვაუჩერი არ არის დამოკიდებული ქულათა რაოდენობაზე. ყველა პენსიონერი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმყოფება, 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ აფთიაქში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ვაუჩერი 2022 წლიდან გაიცემა და მას ერთჯერადად მოიხმარენ თუ მრავლჯერადად, თავად გადაწყვეტენ." - გვითხრეს თბილისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ პენსიონერებს ვაუჩერით მხოლოდ მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ. დეტალური ინფორმაცია, რა ფორმით ან სად შეძლებენ აღებას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კახა კალაძის თქმით, პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა და 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. შეეძლებათ ტკივილგამაყუჩებელი წამლების, გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა.

პროგრამით მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პენსიონრები ისარგებლებენ.

თამარ იაკობაშვილი