ამ ექსპერიმენტს ფსიქოლოგიის ისტორიაში შემზარავს უწოდებენ. ამ დროს ფიზიკური ზიანი თითქოს არავისთვის მიუყენებიათ და არც ადამიანი მოუკლავთ, მაგრამ მეცნიერული ცნობისმოყვარეობის გამო, ტრავმა იმხელა აღმოჩნდა, რომ მისგან განკურნება ვეღარავინ შეძლო. მით უფრო საშინელია ფაქტი, თუ ვიტყვით, რომ ექსპერიმენტი ბავშვებზე ჩატარდა.
1906 წლის გაზაფხულზე, ამერიკაში, კანზასის შტატში დაიბადა ბიჭი, სახელად უენდელ ჯონსონი. ის ნორმალურად ვითარდებოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 5 წლის ასაკში მოულოდნელად ენაბორძიკობა დაეწყო. მეტყველების დეფექტის გამო დასცინოდნენ, ენაბორძიკობა ხელს უშლიდა, სრულად და ნათლად გამოეხატა საკუთარი აზრი, პროტესტი. განსაკუთრებით რთული "არას" თქმა იყო. როდესაც ბიჭი გაიზარდა, გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა ენაბორძიკობის კვლევისთვის მიეძღვნა. იმ იმედით, რომ მეტყველება გამოუსწორდებოდა, აიოვას უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. თუმცა, აქ ვერ იპოვა პრობლემის აღმოფხვრის გზა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა. ამით პირველი ნაბიჯი გადადგა იმ საკაცობრიო დანაშაულისკენ, რაც მოგვიანებით ჩაიდინა.
იმ დროისათვის ენაბორძიკობაზე ბევრი რამ ცნობილი არ იყო, არც ის იცოდნენ, იკურნებოდა თუ არა. ჯონსონმა გადაწყვიტა, ორი თეორია დაემუშავებინა. პირველი, რომ ენაბორძიკობა ფიზიოლოგიური, ანუ თანდაყოლილი ნევროლოგიური პრობლემა იყო და მეორე - დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს შეიძლება ბავშვობაში განცდილი ტრავმის შედეგი ყოფილიყო. ვინაიდან ფიზიოლოგიური განვითარების შესახებ მას ბევრი არც ცოდნა ჰქონდა და არც გამოცდილება, დიდხანსაც ვერაფერს დაამტკიცებდა, მეორე ვერსიით დაიწყო მუშაობა. ამისთვის კი მას ექსპერიმენტი სჭირდებოდა, რადგან ისე, შემთხვევით ვერ დააკვირდებოდა ათასობით ბავშვს და ვერ დაელოდებოდა, როდის გამოუვლინდებოდა რომელიმეს ენაბორძიკობა.
1938 წლის შემოდგომაზე ფსიქოლოგიის ახალგაზრდა დოქტორმა უენდელ ჯონსონმა სათანამშრომლოდ ასპირანტურის კურსდამთავრებული მერი ტიუდორი მიიწვია. მას დაევალა, რომ ბავშვთა სახლიდან შეერჩია გარკვეული რაოდენობის იდეალური ჯანმრთელობისა და მეტყველების მქონე ბავშვები და ის ბავშვები, რომლებსაც ენაბორძიკობა ჰქონდათ.
მეოცე საუკუნეში, სამწუხაროდ, ბავშვთა სახლში დატოვებული ბავშვები ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისათვის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდნენ, რადგან მათი პოვნა მარტივი იყო და არც მშობელი უჩივლებდათ რამეზე. ექვსასი ბავშვიდან ტიუდორმა ოცდაორი შეარჩია. პირველ ეტაპზე ოთხი ჯგუფი გააკეთა.
პირველი ორი ჯგუფი თავის მხრივ კიდევ ორ ჯგუფად იყო დაყოფილი - ერთში ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, მეორეში - ვისაც ენაბორძიკობა აწუხებდა. თუმცა ამ ორ ჯგუფს პირობითად "ნორმალური" ბავშვების ჯგუფი ერქვა. მეორე ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებული ასევე იმავე პრინციპით - ენაბორძიკობის მქონეები და ჩვეულებრივები, თუმცა იმ ორ ჯგუფს "ბლუებს" ეძახდნენ. უფრო მეტიც, სასწავლო სემესტრის განმავლობაში ტიუდორი გამუდმებით ამცირებდა და დასცინოდა იმ ორი ჯგუფის ბავშვებს, მათ შორის - ჩვეულებრივებსაც, რომელთაც დაცინვისა და ბულინგის დაწყებიდან ცოტა ხანში მართლაც დაიწყეს ენის ბორძიკი. ცოტა ხანში, როცა ისინი ორ პარამეტრზე შემოწმდნენ, აკადემიური მოსწრება და გამართული მეტყველება, საოცარი რამ აღმოჩნდა - ბულინგი მცირე გავლენას ახდენდა დასწავლის უნარზე, თუმცა ბავშვებმა, რომლებსაც ენაბორძიკობის გამო დასცინოდნენ, ფაქტობრივად, საერთოდ შეწყვიტეს ლაპარაკი. და როგორც ზემოთ ითქვა, უფრო მეტიც, მათ, ვინც ჯგუფში გამართულად საუბრობდა, ბორძიკით დაიწყეს ლაპარაკი.
ექსპერიმენტს წესით ძალიან დიდი ხმაური უნდა გამოეწყვია მეცნიერთა სამყაროში, თუმცა ჯონსონმა შედეგად კრიტიკა და უზამაზარი სკანდალი მიიღო, ამიტომაც გადაწყვიტა, საერთოდ არ გამოექვეყნებინა ანგარიში. ტიუდორს არ შეეძლო ეს საქმე ასე მიეტოვებინა - სამჯერ ესტუმრა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, როგორც ფსიქოლოგი და ცდილობდა, ეს ტრავმა როგორმე დაევიწყებინა ბავშვებისთვის, რომლებიც ექსპერიმენტის შედეგად სრულიად ჩაიკეტნენ და ბევრი მათგანი საერთოდაც აღარ მეტყველებდა. თუმცა, აბსოლუტურად ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ერთ-ერთ გოგონას, თორმეტი წლის მერის იმდენად შეეცვალა ხასიათი, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა, მოგვიანებით კი ბავშვთა სახლიდან საერთოდ გაიქცა. ექსპერიმენტის დროს საუკეთესო მეგობარიც დაკარგა, რადგანაც მასთან საუბარი აღარ შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ არც ტიუდორსა და არც ჯონსონს ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნება არ სურდათ, ახლა ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ეს ყველაფერი კი ჟურნალისტების დამსახურბაა. 2001 წელს San Jose Mercury News-ის ჟურნალისტმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების შემდეგ რამდენიმე წიგნიც დაწერა სხვადასხვა ავტორმა, თუმცა ამორალურობის ხარისხზე ვერ შეთანხმდნენ, რადგანაც ექპერიმენტი იმ პერიოდში ჩატარდა, როდესაც სამეცნიერო ეთიკის განსაზღვრება საერთოდ არ არსებობდა.
2003 წელს აიოვას შტატის შვიდმა მცხოვრებმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ ექსპერიმენტის კომპენსაციისთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა მათი ცხოვრება. ასევე, ცნობილია, რომ ის ბავშვები, რომლებიც აღნიშნული ცდის პირობებში დაზარალდნენ, მთელი ცხოვრება ისეთებად დარჩნენ და მათთან არაფერი შეცვლილა. 2007 წელს სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა და ზიანის ანაზღაურებისთვის 25 ათასი დოლარი მიიღეს.
მეტყველების პრობლემის გამოსწორება შესაბამისი თერაპიებით შესაძლებელია, თუმცა ეს ექსპერიმენტიდან 30-50 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. პრობლემა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც და ნევროლოგიურიც. განვითარდა სხვადასხვა ტექნიკა, დაიხვეწა მკურნალობის მეთოდიკა, თუმცა იმ ბავშვებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს ჯონსონის ექსპერიმენტით, აღარაფერი ეშველათ.