დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, როგორ უნდა მოვუაროთ თმას სწორად, რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა ქერტლი, თმის ცვენა და სხვა პრობლემები შეძლებისდაგვარად ავიცილოთ თავიდან.
- გრძელი თმის მოვლა, რა თქმა უნდა, შედარებით რთულია, ამიტომაც პრობლემა უფრო აქტუალური ქალბატონებისთვისაა. თმის მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ დაბანის წესი, გაშრობა, დავარცხნა, სხვადასხვა ვარცხნილობისა თუ დასაბანი საშუალებების სწორად შერჩევა და ასე შემდეგ. პირველ რიგში, აქცენტი თმის საღებავზე უნდა გავაკეთოთ, რადგანაც მის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ საღებავი ამიაკის გარეშე უნდა იყოს. თუმცა, ამიაკზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თუთქის ანუ თხევადი სოდის შემცველი საღებავი, რომელშიც ნატრიუმის ჰიდროქსიდი შედის. არსებობს მეორე ტიპის საღებავი, რომლებშიც თხევადი სოდა აქტიური ინგრედიენტი არ არის და კალციუმის ჰიდროქსიდს შეიცავს. არ უნდა გამოვიყენოთ ის საღებავი, რომელშიც აქტიური ინგერდიენტი ნატრიუმის ჰიდროქსიდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ თმის დაზიანების, არამედ სკალპის პრობლემებიც , როგორიცაა ქერტლი, ქავილის შეგრძნება, კანის შეწითლება და სხვა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველი დაბანის შემდეგ თმის საშრობის გამოყენებაა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. თმა ნაზად უნდა შევიხვიოთ პირსახოცში და ბუნებრივად გავიშროთ. ასევე, სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება. უმჯობესია, გამოვიყენოთ ისეთი სავარცხელი, რომელსაც ფართო კბილები აქვს და არა ვიწროკბილებიანი. ასევე, თმის უთოს გამოყენება აუცილებლად უნდა შევზღუდოთ. გასათვალისწინებელია დაბანის წესიც. თმას დაბანა არ სჭირდება, თითის ბალიშის დახმარებით შამპუნი სკალპზე უნდა შევიზილოთ და არა თმაზე, შემდეგ კი შამპუნის თმაზე ბუნებრივად ჩამობანვა ვაცადოთ. გარდა ამისა, დაბანისას არ უნდა გავწუროთ ან უხეშად არ უნდა ჩამოვქაჩოთ თმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აუცილებელად გამოვიყენოთ თმის კონდიციონერი ყოველი დაბანის შემდეგ. თუ ვამბობთ, რომ შამპუნის შეზელვა სკალპზე უნდა მოხდეს, კონდიციონერის შემთხვევაში პირიქითაა, თმაზე უნდა დავიტანოთ. ორი ტიპის კონდიციონერი არსებობს. ერთი, რომელსაც ჩამობანვა არ სჭირდება და მეორე, რომელიც უნდა ჩამოვიბანოთ. ასევე, არსებობს შამპუნები, რომლებიც თავად შეიცავენ კონდინციონერს და მასთან ერთად სხვა დამატებითი საშუალების გამოყენება აღარაა საჭირო.
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დასაბანი საშუალებების გამოყენებისას?
- შამპუნი თმისა და კანის ტიპის მიხედვით, ინდივიდუალურად უნდა ავარჩიოთ. უფრო ძვირი აუცილებლად უკეთესს არ ნიშნავს. თუ გარკვეული ტიპის პრობლემა აქვს ადამიანს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია, პრობლემური იყოს, ეს ნატრიუმის ლაურილის სულფატია. თუ ქერცლოვან ელემენტებზე, სებორეულ დერმატიტზე ვსაუბრობთ, კონკრეტული სამკურნალო შამპუნები უნდა დაინიშნოს.
- თმის არასწორ მოვლასთან რამდენადაა დაკავშირებული თმის ცვენა?
- რა თქმა უნდა, რაზეც უკვე ვისაუბრე, თმის ცვენაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვარცხნილობებიც. ესეც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. მაგალითად, ვარცხნილობები, რომლებიც გულისხმობს თმის მოქაჩვას, დაჭიმვას, მჭიდროდ შეკვრას, სერიოზულ გავლენას ახდენს თმაზე, მის სტრუქტურასა და ცვენის ხარისხზე. ხშირად პაციენტებს მოვუწოდებთ ხოლმე, რომ ცოტახნით თავი შეიკავონ თმის მჭიდროდ შეკვისრგან, ატარონ გაშლილი და პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.
- რა სიხშირითაა რეკომენდებული თმის დაბანა?
- ეს ცალსახად ინდივიდუალურია იმის მიხედვით, როგორი ტიპის სკალპი და თმა აქვს ადამიანს, იმის მიხედვით და როგორ გამოიყურება მისი თმა დაბანიდან გარკვეული დროის შემდეგ. ვიღაცას ყოველდღიური დაბანა სჭირდება, ვიღაცას დღეგამოშვებით და ეს, როგორც აღვნიშნე, ძალიან ინდივიდუალურია. სხვათა შორის, თმის ფერსა და კანის ტიპზეცაა დამოკიდებული და მუქკანიანი ადამიანების შემთხვევაში უფრო რეკომენდებულია დაბანვებს შორის ინტერვალის გაზრდა, ვიდრე ღია ფერის კანის მქონე ადამიანებთან.
- რა იწვევს ქერტლს, საიდან ჩნდება და რა არის ეფექტური საშუალება მის წინააღმდეგ?
- სებორეული დერმატიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, შეიძლება ქერტლი არასწორმა მოვლამაც გამოიწვიოს, რაზეც უკვე ვისაუბრე, მაგალითად, შეირჩეს არასწორი შამპუნი, საღებავი და სხვა. სებორეული დერმატიტი გენეტიკური განწყობისა, ქრონიკული დაავადება, რომელიც, სამწუხაროდ, არ იკურნება, თუმცა მისი კონტროლი და პრევენცია ეფექტურად შეიძლება კონკრეტული შამპუნების გამოყენებით. ის, რაც "შეძენილია", რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შამპუნი ეფექტურია.
- შამპუნი სპეციალისტთან ერთად უნდა შეარჩიონ?
- ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი რეცეპტით გასაცემი პრეპარატი არ არის და ჩვეულებრივად შეიძლება შეიძინონ აფთიაქში, თუმცა უმჯობესია, სპეციალისტთან გაიარონ კონსულტაცია, რადგანაც აპრიორი არ ნიშნავს, რომ შამპუნი, რომელსაც აწერია "ქერტლის საწინააღმდეგო", ეფექტური იქნება.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ცვენის ან ქერტლის პრობლემა არასწორი მოვლის ბრალია?
- როგორც წესი, გამოკითხვით პაციენტი აფიქსირებს ხოლმე, რომ თმის მოვლაში რაღაც შეცვალა. მაგალითად, არ იღებავდა თმას და შეღებვა დაიწყო, ან უფრო ნაკლები ინტენსივობით იღებავდა, ან შეცვალა საღებავი. იგივე პრინციპით, გამოიყენა სხვა შამპუნი. ეს შესაძლებელია ვარცხნილობაზეც იყოს დამოკიდებული. მსგავს შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ანამნეზურ მონაცემებს ენიჭება, რომ მიზეზი დავადგინოთ. ასევე, თმის ფერის მკვეთრად შეცვლა, მაგალითად, შავიდან ქერაზე გადასვლა არ არის რეკომენდებული. ბუნებრივი ფერისგან მაქსიმუმ 2 ტონით დაშორებული უნდა იყოს. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ მაინც ქალბატონებში თმის შემოკლება, ბოლოების დაპატარავება მნიშვნელოვანია, რადგან თმის ბოლოების დაზიანებით შესაძლოა თმა მთლიანად დაზიანდეს.
თამარ იაკობაშვილი
"თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს" - ზაზა თელია თმის ცვენის პრობლემასა და პრევენციაზე