რამდენი ვაქცინირებული მოხვდა კლინიკაში - ორჯერ ვაქცინირებულთა ავადობის, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების სტატისტიკა - მშობლები

რამდენი ვაქცინირებული მოხვდა კლინიკაში - ორჯერ ვაქცინირებულთა ავადობის, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების სტატისტიკა

2021-11-04 09:34:24+04:00

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის სტატისტიკური მონაცემები გაასაჯაროვა.

გამყრელიძის თქმით, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებულია 814 851 პირი. აქიდან კორონავირუსი 11 403 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. 15 მარტიდან მოყოლებული სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზირებული იყო 53 767 ადამიანი, ხოლო ჰოსპიტალიზაცია ვაქცინაციის შემდეგ 1386 ადამიანს დასჭირდა.

სტატისტიკური კვლევის თანახმად, ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ 60 წელს ზემოთ პაციენტებში 91,7 %. ხოლო 18-59 წლის ასაკში ჰოსპიტალიზაიისგან დაცვის ეფექტურობა 95%-ია. ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროება, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში

97,5% ნაკლებად დგება, ხოლო 18-59 ასაკობრივ ჯგუფში ინტენსიური და კრიტიკული მოვლისგან დაცვის მაჩვენებელი 99%-ია.

15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სულ ინტენსიურში მოხვდა 18-59 წლის ასაკის 72 პირი.

რაც შეეხება ლეტალობისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლის (რაც აცრები დაიწყო) ქვეყანაში სულ 5 469 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. აქედან 98,95% არავაქცინირებული იყო.

18-59 ასაკის სრულად ვაქცინირებულ პირებში ლეტალობის 99,37%-იანი დაცვის მაჩვენებელი გამოვლინდა, ხოლო 60-ის ზემოთ - 97,8%.

მონაცემები ქვეყანაში გამოყენებული ოთხივე ვაქცინის შედეგებს ემყარება. ხოლო ვაქცინების მიხედვით ე.წ. ჩაშლილი სტატისტიკა წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.

ამასთან, კითხვაზე, რა არის აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, იმნაძე ამბობს, რომ ასაკი.

„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.