იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძალიან ამაყი ხელმწიფის ასული. არ იქნა და არ გამოჩნდა მისი მოსაწონი საქმრო.
ერთ დღეს ხელმწიფის ასული ეტლით ტყეში სასეირნოდ გაემგზავრა, იფიქრა, იქნებ ცოტა გული გადავაყოლოო.
ტყეში სეირნობისას გზად ერთი საწყალი დედაბერი შემოეყარა. დედაბერი შეეხვეწა, დამეხმარეო. ხელმწიფის ასულმა კი უყვირა, ახლავე აქედან დამეკარგეო. ის დედაბერი თურმე ჯადოქარი იყო და უთხრა:
- ახლავე გველად გაქცევ და მანამდე იხოხებ მტვერში, სანამ რომელიმე ყმაწვილი კაცი არ შეგირთავსო.
ესა თქვა ჯადოქარმა და სადღა იყო ხელმწიფის ასული! მიწაზე ერთი საზიზღარი გველი დახოხავდა.
ხელმწიფის ასულს ტყის პირას ეტლი უცდიდა. რომ არა და არ დაბრუნდა, მეეტლე და მსახურები საძებნელად გაეშურნენ ტყეში, მაგრამ ხელმწიფის ასულს ვერსად მიაგნეს. მხოლოდ ერთი გველი გასრიალდა მათკენ და ცდილობდა ეტლში ახოხებას, მაგრამ მათ ქვები და ჯოხები დაუშინეს.
მეეტლე და მსახურები ხელმწიფის ასულის გარეშე დაბრუნდნენ სასახლეში.
მას შემდეგ გველი ტყეში ცხოვრობდა ერთი კლდის ქვეშ. გარეთ გამოსვლას ძლივს ბედავდა, რადგან ადამიანები მაშინვე მოკვლით ემუქრებოდნენ.
იმ არემარეში ერთი გლეხი ცხოვრობდა. გლეხს ერთი სულელი ვაჟიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს მამამ ბიჭი საცოლის საძებნელად გაგზავნა, მაგრამ ერთმა ქალიშვილმაც არ ისურვა ქმრად. აბა სულელს ვინ გაჰყვებოდა ცოლად!
შინ რომ ბრუნდებოდა, ტყეზე გამოიარა და კლდის ნაპირას ხავსზე ჩამოჯდა დაღონებული.
- ოჰ, - ოხრავდა ბიჭი, - მამას უნდა ცოლი შევირთო, მე კი ცოლად არავინ მომყვება და რა წყალში გადავვარდეო.
უცებ ხმა გაიგონა, დანახვით კი არავინ დაუნახავს:
- მე შემირთე, მე გამოგყვები ცოლადო.
- კი, მაგრამ, როგორ შეგირთო. მამაჩემმა მიბრძანა, ფულიანი საცოლე მონახეო, შენ კი ფული ვინ მოგცაო? - მიუგო ბიჭმა.
- ფული ბლომადა მაქვს, ოღონდ შემირთეო, - კვლავ შემოესმა ხმა.
- თანახმა ვარო, - მიუგო ბიჭმა, - ოღონდ ერთი გამოდი და დამენახვეო.
- ქორწილამდე მოიცადე, ნუ შეგეშინდება და ბედსა გწევო, - უპასუხა ხმამ.
- რადგან საცოლე ვიპოვე, რაღას დავეძებ, დაგელოდები, სხვა რა გზა მაქვსო, - დათანხმდა
ბიჭი და წავიდა შინ. მდიდარი საცოლე ვიპოვეო, ახარა მამას და ჯვრისწერის დღეც დაანიშვნინა, მაგრამ საცოლე არავისთვის უჩვენებია.
სულელ ჭაბუკს ყველა დასცინოდა და სამასხარაოდ ქორწილიც დანიშნეს.
ქორწილის დღე რომ დადგა, ხალხიც გაყვა სულელს ეკლესიაში.
დადგა საქმრო საკურთხეველთან, საცოლე კი არსად ჩანს.
უცებ მიწაზე რაღაცამ გაისრიალა და საკურთხეველთან, სადაც პატარძალი უნდა მდგარიყო, დიდი გველი ასრიალდა. ხალხი ახარხარდა.
მღვდელს საქმის ბოლომდე მიყვანა უნდოდა და ბიჭს ჰკითხა:
- გსურს ქორწინება თუ არაო?
- რახან საკურთხეველთან ვდგავარ, უნდა ვიქორწინო, მაშ, რა უნდა ვქნაო, - უპასუხა ყმაწვილმა.
ესა თქვა თუ არა, უცბად მის გვერდით გველის მაგივრად ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გაჩნდა. მღვდელი გაოცებისაგან რომ გამოერკვა, ქალიშვილს ჰკითხა, გსურს თუ არა ამ ყმაწვილზე დაქორწინებაო. ქალიშვილმა წკრიალა ხმით მიუგო:
- დიახ, სწორედ ამას გავყვები ცოლადო.
მექორწილეებმა ძალიან ისიამოვნეს და გაიხარეს. სულელი გლეხის ბიჭი მეფის ასულის ქმარი გახდა, ბოლოს კი ხელმწიფის ტახტიც მას დარჩა. ამბობენ, ხელმწიფობაში დაჭკვიანდა კიდეცო.
ილუსტრატორი: ირინა ცინცაძე