პოლიციამ დაკარგული 4 წლის გოგონა იპოვა, რომელსაც 18 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გოგონა ოჯახისთვის სრულიად უცხო ადამიანის ბინაში აღმოჩნდა ჩაკეტილი.
დაკავებულია 36 წლის მამაკაცი. პოლიციამ მასა და გოგონას ოჯახს შორის კავშირის დადგენა ამ დრომდე ვერ შეძლო.
4 წლის კლეო 16 ოქტომბერს გაუჩინარდა კარვიდან, რომელშიც ლაშრობისას მშობლებთან და დასთან ერთად ეძინა. ეს ოჯახური ლაშქრობის პირველსავე ღამეს მოხდა. პოლიციამ გატაცების ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო ძალების გამოყენებით. მასში 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სამართალდამცავებმა ჯილდოც დააწესეს - მილიონი ავტრალიური დოლარი (750 000 აშშ დოლარი) გადაეცემოდა მას, ვინც ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდიდა პოლიციას.
პოლიცია მამაკაცის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.
„პატარა კლიო ოთახში იყო ჩაკეტილი. პოლიციელმა აიყვადა და სახელი ჰკითხა. ბავშვმა მშვიდად უპასუხა. ის იღიმებოდა და სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პოლიციის წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის გოგონას მდგომარეობას ექიმთა ჯგუფი სწავლობს.
შენობა, სადაც ბავშვი იპოვეს, მისი მშობლების სახლიდან მანქანით 6 წუთის სავალ გზაზეა. ბავშვის დაკარგვას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.
გამოძიება და დეტალების დადგენა ამმ დროისთვის მიმდინარეობს.