ზოგიერთს მეცადინეობის სურვილი სკოლის პირველსავე წლებში ეკარგება, ზოგიერთს - უფრო მოგვიანებით მოსწავლეების მშობლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ბავშვებს, როგორც წესი, ეზარებათ სწავლა და ლიტერატურის კითხვა. ზოგიერთს მეცადინეობის სურვილი სკოლის პირველსავე წლებში ეკარგება, ზოგს - უფრო მოგვიანებით. პრობლემა საკმოდ აქტუალურა და ხშირად განხილვადიც, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი გამოსავალი ჯერ არავის მოუფიქრებია. სამაგიეროდ რჩევისა და რეკომენდაციის სახით პედაგოგ-ფსიქოლოგებმა გარკვეული მიდგომები შეიმუშავეს.
გთავაზობთ 6 წესს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ბავშვს კითხვისა და მეცადინეობის სურვილი და მოტივაცია გაუჩინოთ.
1. შექება
როცა ოჯახში თბილი და მოსიყვარულე გარემოა, როცა ბავშვის მშობლებს ძალიან აფასებს, გრძნობს, რომ ოჯახის წევრების გასახარებლად სწავლა აუცილებელია. თუმცა იმაშიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თუ წარმატებები ვერ ექნება, ახლობლების სიყვარული მაინც არ მოაკლდება. ასეთ ოჯახებში სწავლისთვის, მეცადინეობისთვის და არა ნიშნებისთვის შექება, ბავშვზე ძალიან კარგად მოქმედებს და სტიმულსაც უღვიძებს.
2. ადეკვატური თვითშეფასება
სწავლით დაინტერესებისთვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა უნდა ჰქონდეს - ეს ამაღლებს თვითშეფასებას. "ყველაფერს შეძლებ, აუცილებლად გამოგივა" - ეს ფრაზა მშობლებმა ხშირად უნდა გაუმეორონ და თავად ნახავთ, როგორ შეიცვლება ბავშვის დამოკიდებულება სწავლისადმი.
3. საჩუქრები
ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტიმულია. ძალიან კარგად მოქმედებს საჩუქრები, რომელზეც ბავშვი დიდი ხანია ოცნებობს. საჩუქარი შეიძლება ჩაანაცვლოთ საინტერესო გასეირნებით, თუნდაც ქალაქგარეთ.
4. მეტოქეობის სურვილი
სწავლით დაინტერესების საქმეში კარგი იქნება, თუ ბავშვის თავმოყვარეობასაც ჩართავთ და კონკურენციის სურვილს გაუღვიძებთ. "მე რა, სხვებზე ნაკლები ვარ? რატომ მჯობნიან სხვები?" - თუ ასე ფიქრს დაიწყებს, თანდათან ასაკის მატებასთან ერთად მეტად მოინდომებს, რომ სხვებს არ ჩამორჩეს.
5. მიზნის დასახვა
ეს უფრო მოზრდილი ბავშვებისთვისაა. დაეხმარეთ მომავალი პროფესიის არჩევაში, თუნდაც სურვილის დონეზე და მისი ინტერესების შესაბამისად ამეცადინეთ.
6. ფულით წახალისება
ბოლო დროს წახალისების ეს ხერხი საკმაოდ გახშირდა. რატომაც არა, ფულით დაინტერესება ცუდი არ არის, მაგრამ ამ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, თუ ოჯახს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, ესე იგი ბავშვმაც უნდა მოუკლოს სწავლას. თანაც ფულისთვის "ბრძოლაში" აკრძალული მეთოდებიც ერთვება: გადაწერა, კარნახი და ჩივილი, რომ მასწავლებელმა ნიშანი დააკლო.
მშობლებს, რომლებიც წახალისების ამ ვარიანტს ირჩევენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვი ამ დროს უბრალო ანგარებით მოქმედებს. ეს კი მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, ფული ხომ ყველაფერზე მაღლა არ დგას. ჯიბის ფულს ხომ ისედაც აძლევთ, რაღა საჭიროა მისი სწავლასთან დაკავშირება?
თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ აშკარად ამჩნევთ, რომ ფული მართლაც კარგ ბიძგს აძლევს სწავლას, შედეგი თვალსაჩინოა და არც ფინანსურ გაჭირვებას განიცდით, წახალისების ეს ფორმა სათქვენო ყოფილა.
***
საერთოდ, სწავლის წახალისების საკითხში აქცენტი არა ნიშნებზე, არამედ ბავშვის მოტივაციაზე გააკეთეთ. მოსწავლე მეტის შესწავლას უნდა ცდილობდეს და არა უკეთესი ნიშნის მიღებას. ნიშანი შედეგი უნდა იყოს და არა მიზანი. შეიძლება მაქსიმალური ქულები ბავშვმა ვერასოდეს დაიმსახუროს (ნიჭმა არ შეუწყოს ხელი), მაგრამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოიყენოს, ეს დიდი წარმატებაა.
დაარწმუნეთ შვილი, რომ სწავლა და ცოდნა ყველაზე ძვირფასი განძია ადამიანისთვის. რომ ყველაზე სასურველ მიზნებამდე სწორედ ცოდნის საშუალებით უნდა მივიდეს.