ებიმ და ბრიტანიმ 31-ე იუბილე აღნიშნეს და ამბობენ, რომ ოცნებები ახდა. მათ მართვის მოწმობის აღება და სკოლაში სწავლების ლიცენზიის მოპოვება შეძლეს. ეს კი ორმაგად სასიხარულო ამბავია.
ების სახლში მარტო დარჩენა უყვარს, არ ეშინია სიმაღლის და ძალიან მოსწონს ყავის ღამით დალევა, რაც საერთოდაც არ უშლის ხელს დაძინებაში. ბრიტანი კი განსხვავებულია. მას წვეულებებზე სიარული და მოგზაურობა უყვარს, ასევე, ვერც კოფეინთან მეგობრობს, რადგან გულს უჩქარებს. წესით, კარგად იმეგობრებდნენ და ერთმანეთს შეავსებდნენ, მაგრამ ისინი დები არიან, ერთ სხეულში...
როდესაც ები და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ, ექიმები გაოცებულები იყვნენ. ჰენსელების ოჯახში ერთ გოგონას ელოდნენ. ექოსკოპიას მსგავსი რამ არ დაუფიქსირებია. პეტი, გოგონების დედა, იხსენებს, როგორ შეუყვარდა ბავშვები ერთი ნახვით და არასდროს მონდომებია მათთან დაშორება.
სიამის ტყუპის შემთხვევაში ოპერაცია ხშირად ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. როგორც წესი, ან მხოლოდ ერთი გადარჩება, ან ორივე იღუპება. დები ჰენსელები არ დაუშორებიათ ერთმანეთისგან, მაგრამ ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაბადებიდან პირველ 24 საათში დაიღუპებოდნენ. მაგრამ, გოგონები არათუ გადარჩნენ, არამედ 31-ე იუბილე ბედნიერად აღნიშნეს.
მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში შეეყვანათ, რომ გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არ ყოფილიყვნენ და ოთხ კედელში არ გამოემწყვდიათ. დიახ, სხვა ბავშვები დასცინოდნენ, აკვირდებოდნენ, მაგრამ დები ჰენსელები არ გატყდნენ. მათ ადგილზე ალბათ ნებისმიერი სხვა ბავშვი კლასიდან ტირილით გაიქცეოდა, მაგრამ ისინი მტკიცედ იყვნენ და სჯეროდათ, რომ თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
გოგონებმა მეგობრებიც შეიძინეს. როდესაც მიმოწერა ჰქონდათ, თუ ორივე ერთ აზრზე იყო, წერდნენ "მე", ხოლო თუ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, აკონკრეტებდნენ, რომელი როგორ ფიქრობდა და ყველას ეუბნებოდნენ, რომ ისინი ცალ-ცალკე ადამიანები იყვნენ, უბრალოდ ერთ სხეულში დაიბადნენ.
დებ ჰენსელებს ორი თავი, ორი ხელი, ორი ფეხი, ორი ხერხემალი, სამი ფილტვი, ორი გული, ერთი ღვიძლი, ორი კუჭი, სამი თირკმელი, საერთო სისხლის მიმოქცევისა და რეპროდუქციული სისტემა აქვთ. მაგრამ, ისინი ნამდვილად ცხოვრობენ, როგორც ორი, ინდივიდუალური პიროვნება.
მათ სხეულს განსხვავებული ტემპერატურაც კი აქვთ. საბნისთვის ბრძოლაც რეგულარულია, ერთს სცხელა, მეორეს კი სცივა. თუმცა, ეს უმნიშვნელო კონფლიქტია. ამ წლების განმავლობაში მათ კომპრომისებზე წასვლა და ერთმანეთისათვის დათმობა ისწავლეს. ყველაზე ხშირად კი ახლა ტანსაცმლის არჩევაზე კამათობენ. როგორც თავად ამბობენ, გნსხვავებული სტილი და ფერები მოსწონთ. ოთახიც ორივეს გემოვნების შესაბამისადაა მოწყობილი.
როცა რაღაცის გადაწყვეტა სურთ, მონეტას აგდებენ ან კიდევ მშობლებთან მიდიან რჩევისთვის. სხვათა შორის, მათმა მშობლებმა არც ერთხელ, ამ წლების განმავლობაში, არ მისცეს ექიმებს გოგონებზე ექსპერიმენტის ჩატარების უფლება, რადგან თვლიდნენ, რომ ეს შეურაცხმყოფელი იყო.
"ნებისმიერ დედას სურს, საკუთარი შვილები წარმატებულები, ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. ისინი წარმატებულები არიან, მეც ეს მინდოდა", - ამბობს პეტი ჰენსელი.
მართლაც, გოგონები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ებიმ და ბრიტმა მართვის მოწმობა აიღეს, თითოეულმა ცალ-ცალკე. გამოცდაც ინდივიდუალურად ჩააბარეს. გოგონები მშვიდად და შეთანხმებულად მართავენ მანქანას.
ექიმები ფიქრობენ, რომ დებ ჰენსელებს ნერვული კავშირები აქვთ. ხან ერთად საუბრობენ, ხან ერთი რომ დაიწყებს, მეორე ამთავრებს. შესანიშნავად ატარებენ ველოსიპედს და უკრავენ ფორტეპიანოზე ორ ხელში. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ გოგონებს ერთმანეთის აზრების წაკითხვა შეუძლიათ.
ერთხელ, როდესაც ოჯახში ფილმს უყურებდნენ, ებიმ და ბრიტმა ერთდროულად თქვეს: "შენც იმას ფიქრობ, რასაც მე?" შემდეგ ადგნენ და ერთი და იმავე წიგნის წაკითხვა დაიწყეს. ჯანმრთელობის პრობლემები ინდივიდუალურად ექმნებათ, მაგალითად, ებიმ უკვე ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება და მის დასაც ანალოგიურად წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი.
დებს ცალ-ცალკე პასპორტები აქვთ, თუმცა თვითმფრინავსა და მატარებელში ერთ ადგილს იკავებენ. ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება გაუფორმეს, თუმცა საერთო ხელფასს იღებენ, რაც არც ისე სასიხარულოა. ისინი ადგილობრივ სკოლაში, მათემატიკას ასწავლიან და მეხუთეკლასელების საყვარელ მასწავლებლებად ითვლებიან. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მათთან ურთიერთობა, რჩევებს ეკითხებიან და არასდროს დასცინიან. ბრიტს ძალიან უყვარს ხელოვნება და მოსწავლეებს მუსიკასა და მხატვრობაზე ხშირად ესაუბრება, ების კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აქვს კარგი ცოდნა და ამ მიმართულებითა შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.
სკოლის დირექტორი იხსენებს, რომ თავიდან მოსწავლეთა მშობლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მათ მიმართ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ დები მათი შვილების საყვარელი მასწავლებლები გახდნენ.
ამ ტყუპის შესახებ მთელ მსოფლიოში იციან და ხშირად ჟურნლისტები ინტერვიუებსაც სთხოვენ. მაგრამ, გოგონებს არ უყვართ საკუთარი თავების დღის გმირებად ქცევა, თუ რამ სიახლე აქვთ ცხოვრებაში, შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ გამოვიდნენ მედიასთან კონტაქტზე და ისაუბრონ.
მათ უამრავი თაყვანისმცემელი და კეთილისმსურველი ჰყავთ. მთელი მსოფლიოდან ეუბნებიან, რომ მოტივაციას აძლევენ და ძალიან უყვართ.