მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების წინაღმდეგ არაერთი ამკრძალავი წესი მოქმედებს, მოზარდებში სიგარეტის მოხმარება მაინც პრობლემად რჩება. თანაც, თამბაქოს მოხმარების გარდა, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ე.წ. ვეიპები, ელექტრონული სიგარეტები, რომლების ყიდვაც მოზარდებს ძალიან მარტივად შეუძლიათ და ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ არანაირი საფრთხის შემცველი არაა მისი მოხმარება.
თამბაქოს საფრთხეებზე, ასევე მარიხუანის მავნებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად გადავწყვიტეთ, ელექტრონულ სიგარეტზე ვრცლად მოგვეძიებინა ინფორმაცია და სპეციალისტსაც მივმართეთ კომენტარისთვის. მანამდე კი ჩვენი რამდენიმე მკითხველის კომენტარს გთავაზობთ, როგორც მშობლის, ისე მოზარდის:
"ძალიან შეშფოთებული ვარ, დღევანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ. ქუჩაში შეიძლება მოდიოდეს 13-14 წლის მოზარდი და სიგარეტს მოაბოლებდეს. ადრეულ ასაკში სიგარეტის მოწევა ყოველთვის იყო პრობლემა, მაგრამ ასე მასობრივად მართლა არ მახსოვს გასული წლებიდან. გოგონებიც ასე საჯაროდ ნამდვილად არ ეწეოდნენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სრულიად "არამოდური" გახდა თამბაქოს მოწევა, ჩვენთან პირიქითაა... ჯერ ისედაც საშინელ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობს ეს თაობა და ახალგაზრდობიდანვე რომ სიგარეტით გაინადგურებს ფილტვებს, რა ჯანმრთელობა შერჩებათ. მეჩვენება თუ მართლაც ასე მომატებულია ბავშვებში თამბაქოს მოხმარება, იქნებ თქვენც დამეხმაროთ ამის გარკვევაში". "ჩემი შვილის კლასში რამდენიმე თამბაქოს ეწევა, რამდენიმე კი ელექტროსიგარეტს და ვითომ ამტკიცებენ, რომ ეს სულ სხვა რამაა და უბრალოდ ერთობიან. საკმაოდ მომრავლებულია ელექტრონული სიგარეტით გატაცებული ბავშვები და მაინტერესებს, რა საფრთხეებს შეიცავს სინამდვილეში?" "ბევრი ჩემი ტოლი ეწევა. სიგარეტს იმდენი არა, რადგან არც ყველა მაღაზიაში იყიდება და შეიძლება ბავშვს არც მიჰყიდონ. ზოგს სიგარეტის გემო არ მოსწონს და ურჩევნიათ ელექტროსიგარეტი მოწიონ. იმას ნაირ-ნაირი არომატი აქვს, ატმის, მანგოს... ტიკტოკზეც უკვე ძალიან ტრენდული გახდა ამ მოწყობილობის გამოჩენა. დგას ვინმე ქართველი თინეიჯერი და ვიდეოეში გაჩვენებს, რამდენი არომატის ელექტროსიგარეტი აქვს დაგროვილი. სუპერმარკეტებში იყიდება და მგონი 20 ლარი ღირს. ჩემმა ნაცნობებმა ყველამ თვითონ იყიდა, უპრობლემოდ მოგყიდიან, არ გიშლის ხელს, ბავშვი რომ ხარ. გოგონებიც და ბიჭებიც ეწევიან, თუმცა ჩემ ირგვლივ უფრო მეტი ბიჭი ეწევა. სკოლაშიც მოაქვთ. ტუალეტშიც ეწევიან და კლასშიც. გაკვეთილზეც მოუწევიათ. მასწავლებელი ზურგით იყო მიბრუნებული დაფისკენ, ამოიღო ჩემმა კლასელმა, გააბოლა და კვამლი ხელით უცებ გაანიავა. სუნით ვერ მიხვდები, რომ ოთახში ვინმემ მოწია. ამით ძალიან მოხერხებულია. დასვენებებზე კლასში ეწევიან, თან ერთის პირში ნადები შეიძლებმა სხვებმაც მოწიონ. ვინც მუდმივად ეწევა და სკოლაში ყოველთვის მოაქვს, იმისას სხვებიც სინჯავენ. ვითომ არ ეწევა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ არ ყიდულობს, სამაგიეროდ, კლასელებისას ეწევა. ამ პანდემიის დროს ერთმანეთის პირში ნადები ნივთი მართლა საშინელებაა, მაგრამ მაინც ტრენდულია - თუ ეწევი, კაი ტიპი ხარ, ან პირიქით... მშობელი ვერ მიხვდება, რადგან სუნი არ აქვს, ზოგმა შეიძლება უცებ ვერც იცნოს, რა არის".
ელექტრონულმა სიგარეტმა უზარმაზარი პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოიპოვა, მისი მომხმარებლები კი ხშირად მოზარდები არიან. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შესწავლა, რა ზიანის მოტანა შეუძლია ელექტრონულ სიგარეტს მოზარდის ჯანმრთელობისთვის.
კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მის ორთქლში შემავალი ნიკოტინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინზე, ნერვულ სისტემასა და გულზე. ასევე, ის არტერიული წნევისა და გულისცემის მატებას განაპირობებს, რამაც შესაძლოა არითმია გამოიწვიოს. ზოგჯერ, ნიკოტინის მაღალი დოზის მიღების შედეგად სასიკვდილო შედეგიც კი დადგეს. ასევე, კვლევებით დადგინდა, რომ მასში შემავალმა ორმა ინგრედიენტმა, გლიცერინმა და პროპილენგლიკოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების, ბრონქებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიური დარღვევა.
გარდა ამისა, ის იწვევს დამოკიდებულებას და თუ მოზარდი კვლავ არ გამოიყენებს, შეიძლება გაუჩნდეს დაღლილობის, დეპრესიისა და გაღიზიანების განცდა. ნიკოტინის მუდმივი გამოყენება, თუნდაც მცირე რაოდენობით, სერიოზულ დაავადებებს იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, შესაძლოა გამოიხატოს: გასტრიტი, კუჭის წყლული, გულის პრობლემები. ნიკოტინის გამოყენება, ნებისმიერი ფორმით, შესაძლოა დამოკიდებულებისა და სიგარეტის მოწევის წინაპირობა გახდეს. ამიტომაც, მოზარდს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა ზიანი ადგება მის ორგანიზმს ელექტროსიგარეტის გამოყენებით.
ელექტროსიგარეტი შესაძლოა ინჰალატორს შევადაროთ, რომელშიც სითხის ჩასხმა აუცილებელია. ეს სითხე კი შედგება: გლიცერინისგან, პროპილენგლიკოლისგან, არომატული დანამატებისგან და ნიკოტინისგან, თუმცა ყოველთვის არა. მწეველების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა. სინამდვილეში კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ელექტრონული სიგარეტის მოწევის დროს გამოყოფილი ორთქლი 31 საშიშ ნივთიერებას შეიცავს. გარდა ამისა, იმ არომატების 75 %-ში, რომლებიც გამოყენებულია ელექტრონულ სიგარეტში, ტოქსიკური ქიმიური ელემენტები აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად კი ნივთიერება დიაცეტილი ბრონქიოლების ანთებასა და ნაწიბურების წარმოქმნას იწვევს. გარდა ამისა, სითხეში შემავალი ნივთიერებები, როგორიცაა იგივე პროპილენგლიკოლი, იწვევს დამოკიდებულებას, ასევე ალერგიულ რეაქციებს, არღვევს ძილის ფუქნციას, აზიანებს თირკმელს. პროპილენგლიკოლისა და გლიცერინის დაშლა ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. აზიანებს თვალის ლორწოსა და სასუნთქ სისტემას, იწვევს ცრემლდენას და მუტაგენურ თვისებებსაც ავლენს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებით ზიანდება ასევე ცენტრალური ნერვული სისტემა. ნიკოტინის ხშირი და ზედმეტი დოზით გამოყენებამ კი შესაძლოა სიმსივნის რისკები გაზარდოს. გარდა ამისა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისა და მუცლის ტკივილი, დიარეა, ზოგადი სისუსტე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ სიგარეტს ქარხნული წუნი აქვს, ფეთქდება, ტყდება და აზიანებს მომხმარებლის სახეს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანში ერთი ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის სხვადასხვა ინფექციის გადადების რიკებს, მაგალითად, როგორებიცაა ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.
ყველა მწეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის სიგარეტის მოწევის კარგი ალტერნატივა და ელექტროსიგარეტის გამოყენებამ შესაძლოა ძალიან მძიმე დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.
მსოფლიოში უკვე მრავალი ფაქტი არსებობს, როცა ელექტრონული სიგარეტის გამოყენების გამო მოზარდები სერიოზულად დაზიანდნენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზარდს ფილტვის გადანერგვა დასჭირდა. რუსეთში კი ფილტვის სერიოზული დაზიანება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად კი, 17 წლის ბიჭს სუნთქვის მწვავე უკმარისობა განუვუთარდა, რომელიც შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. საბედნიეროდ, ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება და გაარკვიეს, რომ ელექტრონულ სიგარეტში შემავალი ნივთიერებებისგან დადგა ეს შედეგი. ჰოსპიტალიზაციამდე 2 კვირით ადრე ბიჭს ქოშინი, ხველა, კუჭის ტკივილი და ტემპერატურა განუვითარდა. გარდა ამისა, დაიკლო 10 კილოზე მეტი. ცნობილია, რომ ის თვე-ნახევრის განმავლობაში ელექტროსიგარეტს იყენებდა. ამ დროისათვის, პაციენტი უკვე სახლშია გაწერილი და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ექიმები ერთხმად თანხმდებიან, რომ ელექტრონული სიგარეტების გამოყენებას ფილტვების სერიოზული დაზიანების გამოწვევა შეუძლიათ.
ორ ჯგუფად იყოფიან ელექტროსიგარეტის მწეველები: სიგარეტის ყოფილი მწეველები და ახალი "ელექტრონული სიგარეტის" მწეველები. მისი გამოყენების მიზანი კი სხვადასხვა. მაგალითად, მისი დახმარებით შეწყვიტონ სიგარეტის მოწევა, მოიცილონ თამბაქოს არასასიამოვნო სუნი, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ჩვევა ან კიდევ ინტერესი. მწეველები თვლიან, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ უფრო მეტი კვლევა ქვეყნდება ფაქტის საწინააღმდეგოდ.
თუ მშობელი ხართ და უკვე იცით, რომ თქვენი შვილი იყენებს ელექტროსიგარეტს და თან, აქტიურად, მაშინ, როცა აკრძალვას გადაწყვეტთ, აუცილებელია ნაბი-ნაბიჯ მიხვიდეთ შედეგამდე. პირველ რიგში, შვილს შეუდგინეთ სამოქმედო გეგმა, კონკრეტული თარიღი დაუწესეთ, რომლიდანაც შეწყვეტს გამოყენებას. იქამდე, ნელ-ნელა შეამცირეთ მოწევის ინტენსივობა, მოიფიქრეთ თავისუფალი დროისთვის სახალისო აქტივობები, მაგალითად, სპორტული აქტივობები, მუსიკა, ხატვა და სხვა. უფრო მეტიც, სასურველია მსგავს აქტივობებში ხელები იყოს ჩართული და მოზარდს შემოქმედებითი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეს. ამ დროს, მნიშვნელოვანია მწეველ თანატოლებთან ერთად არ წავიდეს გასართობად, რომ კვლავ არ მოუნდეს გამოყენება. გამოუმუშავეთ ნებისყოფა, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით. პირდაპირი და მკაცრი აკრძალვის შემთხვევაში, შესაძლოა, საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოთ. ყურადღება უნდა გადაატანინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წარმართოთ პროცესი. გარდა ამისა, ზუსტად უნდა აუხსნათ, რა ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას ელექტროსიგარეტის გამოყენება. ასევე, უთხრათ, რა უპირატესობა ექნება, თუ თავს დაანებებს, მაგალითად, უფრო მეტი ჯიბის ფული დარჩება, მოემატება ძალა და ენერგია. ეს სია დაუდეთ იმ მაგიდაზე, სადაც მეცადინეობს. ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე მოზარდს ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება. როდესაც თქვენს შვილს ესაუბრებით და ეუბნებით, თავი დაანებოს მოწევას, აუცილებლად უნდა გამოხატოთ მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, ამას საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის აკეთებს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს ელექტრონული სიგარეტი:
- ელექტრონული სიგარეტი წარმოადგენს ელემენტზე მომუშავე მოწყობილობას, რომელიც იწვევს მასში მოთვსებული სითხის აორთქლებას და აეროზოლის წარმოქმნას. თავდაპირველად, ელექტრონული სიგარეტი გამოჩნდა ჩინეთის ბაზარზე, 2003 წელს, ხოლო 2006 წლიდან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღიდან მისი გამოჩენისა, დაიხვეწა მოწყობილობის დიზაინი და მასში შემავალ სითხეში არსებული კომპონენტები გამრავალფეროვნდა.
ელექტრონული სიგარეტის მოხმარების სტატისტიკა მზარდია, როგორც ახალგაზრდებში, ასევე, განსაკუთრებით, მოზარდებში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ელექტრონულ სიგარეტში შემავალი კომპონენტები მრავალფეროვანია: ნიკოტინი, პროპილენგლიკოლი, არომატიზატორები (ამ ეტაპზე გამოიყენება 7000 დასხელების არომატიზატორი).
ელექტრონული სიგარეტით გამოწვეული მავნე ეფექტები ბოლომდე არ არის შესწავლილი და ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში მულტიცენტრული კვლევები, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მის მავნე გავლენებზე უკვე არსებობს.
ნიკოტინით გამოწვეული მავნე ეფექტები, დამოკიდებულია ელექტრონულ სიგარეტში ნიკოტინის შემცველობაზე. ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკ-ფაქტორს.
ელექტრონული სიგარეტის ორთქლის მავნე ეფექტები: ელექტრონული სიგარეტის კვამლი, განსხვავებით ტრადიცული სიგარეტისგან, მართალია, არ შეიცავს ისეთ მავნე პროდუქტებს, როგორებიცაა: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), მავნე აირები და ა.შ, თუმცა 2019 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ აშშ-ში აღწერილი იქნა 2000-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ელექტრონული სიგარეტის ხანგრძლივად მომხმარებლებს განუვითარდათ ელექტრონული სიგარეტის ორთქლით გამოწვეული ფილტვების მძიმე დაზიანება და საჭირო გახდა შესაბამისი სპეციალისტების, პულმონოლოგების, ჩართვა მათ მკურნალობაში.
ამ დრომდე, შესწავლის საგანს წარმოადგენს ასევე ელექტრონული სიგარეტის ორთქლით გამოწვეული ისეთი მავნე ეფექტები, როგორებიცაა, ქრონიკული ხველა და ბრონქიტი.
მიმდინარეობს კვლევები პროპილენგლიკოლის კანცეროგენულ გავლენაზე ორგნიზმმზე, ასევე სახადასხვა არომატიზატორში მძიმე მეტალების შემცველობაზე.
მოწევისთვის თავის დანებებაში არ არის დადგენილი ელექტრონული სიგარეტის როლი. ამერიკის შეერთებული შტატების წამლის სააგენტოს მიერ ელექტრონულ სიგარეტს არა აქვს მინიჭებული ავტორიზაცია, როგორც მწეველობისთვის თავის დანებების სამედიცინო საშუალებას.
ყოვილევე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ელექტრონული სიგარეტი, ისევე, როგორც ტრადიციული სიგარეტი, წარმოადგენს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტს და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი (ESPAD) საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ევროპის 35 ქვეყანაში ტარდება. საქართველოში ეს კვლევა 2015 წლიდან დაიწყო. 2019 წლის კვლევისთვის, სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლიდან 16 წლის 3092 მოსწავლე შეირჩა.
მოსწავლეთა 44.2%-მა (ბიჭები – 47.5% და გოგონები – 41.2%) განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მონაცემი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მოსწავლეთა 12%-მა განაცხადა, რომ უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მოწია. მაჩვენებელი ბიჭებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე გოგონებში. ამავე კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი ბიჭების პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც თამბაქო საერთოდ არ აქვთ მოწეული.
2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 14%) 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა პირველად მოწევა, ხოლო მოსწავლეთა 3%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) ამავე ასაკში დაიწყო ყოველდღიური მოწევა. 2015 წლის მონაცემებს ეს თითქმის ემთხვევა.
ელექტრონული სიგარეტი სიცოცხლის განმავლობაში მოუხმარია მოზარდების 33%-ს (ბიჭების 43%, გოგონების 25%), ხოლო უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში - 7%-ს (ბიჭების 11% და გოგონების 4%).
აღსანიშნავია ასევე იცის, რომ 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა იმ ახალგაზრდების წილი, რომელთაც ერთხელ მაინც აქვს მოწეული ელექტროსიგარეტი.
მოზარდების 9%-მა (ბიჭების 13% და გოგონების 5%) ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია, ხოლო 2%-მა ამ ასაკში ყოველდღიურად დაიწყო მისი გამოყენებ. როგორც გამოკითხული ბავშვები ამბობდნენ, 24%-მა ცნობისმოყვარეობის გამო მოწია, 4%-მა - მეგობრის შეთავაზებით, ხოლო 2%-მა - თამბაქოზე თავის დასანებებლად.
კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
თამარ იაკობაშვილი