„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავისი გაბედული პოლიტიკური ნაბიჯით უამრავი ადამიანის სიმპათია და ყურადღება დაიმსახურა. ორკვირიანი შიმშილობის შემდეგ ის კლინიკაში მოხვდა, თუმცა ახლახან გაეწერა და სახლში დაბრუნდა.
ოჯახთან მისი ემოციური შეხვედრის ამსახველი ფოტოები მედიითაც გავრცელდა.

გაიზარდა ინტერესი მისი პიროვნებისა და პირადი ცხოვრების მიმართაც. ელენე ხოშტარიამ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით.მისი პოლიტიკით დაინტერესება ალბათ ოჯახიდანვე იყო განპირობებული - ელენეს მამა, გოგი ხოშტარია ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
„მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ, მოსკოვში მესწავლა. ვსაუბრობდით, რომ მტერს კარგად უნდა იცნობდე. ის 5 წელი, რაც იქ ვისწავლე, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, მართლაც სრულად შევიგრძენი, თუ როგორ მუშაობს საბჭოთა მანქანა, რომელიც დღესაც საბჭოთაა. რა მენტალიტეტი აქვს იმ ხალხს, მათი იმპერიული ზრახვები. იქ ყოფნამ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება შემძინა“ - ამბობდა ელენე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ელენე ხოშტარია იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების "მოსკოვის ჰელსინკის გრუპის“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული საქართველოს საელჩოში; 2004 წლიდან იყო საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შსს-ში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე; ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით.
ელენე 4 შვილის დედაა. პირველად საკმაოდ ადრე, 20 წლის ასაკში დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, გიორგი გაფრინდაშვილი ჰყავს, რომელიც 19 წლისაა.

ხოლო არქიტექტორ ირაკლი ბერიძეზე დაქორწინების შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინა - გოგონა და ტყუპი ვაჟი.


„დაოჯახებამდე დიდხანს მქონდა ურთიერთობა ჩემს პირველ ქმართან. 13-14 წლიდან ვიცნობდი. მერე მე მოსკოვში ვცხოვრობდი, ის – ლონდონში. რომ ჩამოვიდა, ცოლად გავყევი“, – იხსენებს პოლიტიკოსი, რომლის პირველი ქორწინება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
2011 წელს ელენე ხოშტარია მეორედ დაქორწინდა. ერთ წელიწადში მეორე შვილი ეყოლა, კიდევ 2 წელიწადში კი ტყუპი.

„არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია“, - ამბობს ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ერთადერთი რამ არის, რაშიც ოჯახმა ხელი შუშალა.
„ერთადერთი, რაშიც მე ოჯახის შექმნამ და ბავშვების გაჩენამ ხელი შემიშალა, იყო გარკვეული გეგმები, რომ საზღვარგარეთ მინდოდა მესწავლა, სადოქტორო გამეკეთებინა. ახლა ოთხი ბავშვით რომ ვეღარ წავალ, ეგ ვიცი,“ - ამბობს ის პროექტითვის „ქალები საქართველოდან“ მიცემულ ინტერვიუში.