მამა პეტრე რომ ეპატაჟურობით გამოირჩევა, ეს საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, ამის გამო ხშირად ეხვევა კრიტიკის ქარცეცხლშიც, მაგრამ მისთვის, როგორც მამისთვის, განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა ქალიშვილის, მარიამის, ირგვლივ ამტყდარი მითქმა - მოთქმა ჩანჩქერთან გადაღებულ ფოტოზე.
დიახ, ეს ამბავი 2013 წელს მოხდა, თუმცა ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მამაომ ამ თემაზე საბოლოოდ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო და აღარასდროს დაუბრუნდებოდა ამ საკითხს. მან გაიხსენა, თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ მღვდლის შვილის ფოტო, სადაც გოგონა ჩანჩქერის წინ სველი ტუნიკით პოზირებს.
„მეორედ მოსვლა ატყდა ჩვენს ქვეყანაში. მთელი ერთი თვე ყველა ბრუნვაში გვატრიალებდნენ მთელ ოჯახს, მათ შორის ის სასულიერო პირები, რომლებმაც თავად არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ მათი შვილები და არც არასდროს ვეტყვი. ამ დროს ჩემს შვილს იმდენი გაუკეთეს, ეკლესიაც შეაძულეს, ანაფორიანის დანახვაც შეაძულეს და ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, წამო, რა, გაიხადე კაბა და წამოდი ამ სიბნელიდან. ხომ ვითომ მორალს გვიკითხავენ ზოგიერთები, რომ არ უნდა დავაბრკოლოთ ადამიანები, ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი ადამიანები არ იყვნენ?! ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა კიდეც იმ დროს და დღემდე ბოდიშიც არ მოუხდიათ, შენდობა არ უთქვამთ. მე არ მაინტერესებს, რას ჩიფჩიფებენ აღსარებაში, ჩემს შვილს გული მოუკლეს და არა მარტო ჩემს შვილს. ამით მარიამში ბავშვი კი არ ჩაკლეს მთლიანად, მარიამის თაობას დაანახეს, როგორ შეიძლება თმის ფერის გამო, ტუნიკის გამო, ღიმილის და ფოტოების გამო გაგწიროს და გაგანადგუროს ეკლესიის წევრმა“.

თეკლა ჟვანია