კვებითი აშლილობა საშიში და რთული პროცესია, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, მათ შორის, მდიდარი და ცნობილი ადამიანები. თინეიჯერობის პერიოდში ბევრი ვარსკვლავი ბულემიას ან ანორექსიას ებრძოდა, თუმცა წარმატებით შეძლეს რეაბილიტაცია და ახლა სხვებსაც უზიარებენ გამოცდილებას.
კვებითი აშლილობის შესახებ ხშირად ხმამაღლა არ საუბრობენ იმიტომ, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ბულიმიისა და ანორექსიისგან განკურნება დამოუკიდებლად, სპეციალისტის ჩარევის გარეშე რთულია.
მსგავს პრობლემას ხშირად თინეიჯერობის ასაკში აწყდებიან, როდესაც ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არაა სრულყოფილად ჩამოყალიბებული და საკუთარი თავის აღქმაც იცვლება.
მაგალითად, კელი კლარკსონმა გაიხსენა, რომ სასკოლო მიუზიკლისთვის კასტინგზე არ წავიდა და მის ნაცვლად მთავარი როლი ითამაშა მასზე ნაკლებად ჭკვიანმა, მაგრამ მაღალმა და გამხდარმა გოგონამ. "ვფიქრობდი, თუ გავხდებოდი, ამ როლს მე მომცემდნენ, რაც შეცდომა იყო. ექვსი თვის განმავლობაში ბულემიით ვიტანჯებოდი." - ამბობს ის.
ძალიან ბევრი ამის გამო ჭამს და მაშინვე ძალით ირევს გულს, რომ მიღებულმა საკვებმა წონაში მატება არ გამოიწვიოს. ჰილარი დაფმა თქვა, რომ სკოლის ასაკში ანორექსია აწუხებდა. წონამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და კიდურების დაბუჟებაც დაეწყო.
დემი ლოვატო კვებით აშლილობას 18 წლიდან ებრძოდა. "იყო დღეები, როცა საწოლიდან ადგომა და გარეთ გასვლა არ მსურდა, რადგან საკუთარი სხეულის მრცხვენოდა. ალბათ, მთელი ცხოვრება მომიწევს აშლილობასთან ბრძოლა."- თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. "შვილები ჯერჯერობით არ მყავს, მაგრამ უკვე ვფიქრობ: ბებიაჩემს ბულემია ჰქონდა ისევე, როგორც დედაჩემსა და მე. ეს მემკვიდრეობითია."- აღნიშნავს მომღერალი.
საზოგადოებაც ხშირად აკრიტიკებს ვარსკვლავების გარეგნობას და აქვთ მოლოდინი, რომ ცნობილი ადამიანები იდეალურად უნდა გამოიყურებოდნენ. ყველა მსგავს ზეწოლას ვერ უძლებს.
Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი ნიკოლ შერზინგერი 8 წლის განმავლობაში ბულიმიას ებრძოდა. მაშინ ის პოპულარობის პიკზე იყო. „არა მგონია, რომ ჩემმა კოლეგებმა ან ნათესავებმა ამის შესახებ იცოდნენ. დავმალე ჩემი ავადმყოფობა, რადგან მრცხვენოდა. ეს არის არანორმალური, არაჯანსაღი, მტკივნეული, მაგრამ ეს იყო ჩემი ნარკოტიკი, ჩემი დამოკიდებულება. გაუთავებელი, მანკიერი წრე." - ამბობს ის. დღეს ვარსკვლავი სრულიად განიკურნა და ამტკიცებს, რომ აღარასდროს მისცემს მსგავს პრობლემას უფლებას, შეცვალოს მისი ყოველდღიურობა.
კვებითი აშლილობის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი ნერვიულობა და მუდმივი შფოთვაა. ჩარლზის ღალატის გამო, მუდმივი სტრესისა და დეპრესიის ფონზე, პრინცესა დიანა ბულემიით 9 წელი იტანჯებოდა.
კეით ბეკინსეილი მოზარდობაში ანორექსიით იტანჯებოდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უყვარს.
"ჟურნალისტებს ძალიან უყვართ ჩემთვის ამ თემაზე შეკითხვების დასმა, მაგრამ მე არ მინდა წარსულის პრობლემით ვიყო ცნობილი." - ამბობს კეიტი.
მერი-კეიტ ოლსენმა სტრესისა და დატვირთული გრაფიკის გამო წონაში საგრძნობლად დაიკლო. ვარსკვლავი კრიტიკული მდგომარეობით კლინიკაშიც კი გადაიყვანეს რეაბილიტაციისთვის. ექიმებმა თქვეს, რომ დაეგვიანებინათ, მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მან იმ პერიოდის ტანსაცმელი ქველმოქმედებისთვის გაიღო.
ჯეინ ფონდა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელიც კვებით დარღვევაზე ღიად ალაპარაკდა. მან თქვა, რომ 12 წლის ასაკიდან 30 წლის განმავლობაში ბულიმიას ებრძოდა. საბოლოოდ, განკურნების შემდეგ მან დააარსა ფონდი, რომელიც პრობლემის მიმართ ქალთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
2012 წელს ლედი გაგამ თქვა, რომ 15 წლიდან ანორექსიასა და ბულიმიას ებრძოდა. მან დაარსა ფონდი, რომელიც ახალგაზრდებს კვებით დარღვევებთან, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება.
თუ ამ პრობლემის შესახებ არ ისაუბრებთ და არ ეცდებით განკურნებას, შესაძლებელია ძალიან დიდი, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სწავლაზე, სამსახურზე, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე. განკურნება კი ზოგჯერ რთულ და ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. გარდა ამისა, საუბედუროდ, გამეორეობისგან არავინაა დაცული. მაგალითად, დემი ლოვატო კვლავ გრძნობს დაავადების გავლენას. ნებისმიერმა დაუფიქრებელმა კომენტარმა, რომელიც წონის ცვლილებას ეხება, შესაძლოა ბულიმიის ან ანორექსიისკენ ფიქრი წაახალისოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა ვაღიაროთ და მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება.