"მესამეკლასელმა ბავშვმა იტირა, როცა კლასელმა უთხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობსო... - რას ფიქრობს ფსიქოლოგი "თოვლის ბაბუის" როლზე და რა ზღვარი უნდა დაიცვან მშობლებმა - მშობლები

"მესამეკლასელმა ბავშვმა იტირა, როცა კლასელმა უთხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობსო... - რას ფიქრობს ფსიქოლოგი "თოვლის ბაბუის" როლზე და რა ზღვარი უნდა დაიცვან მშობლებმა

2021-12-10 09:16:45+04:00

ბევრი მშობელი უქმნის ბავშვს მოლოდინს, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და ახალი წლის ჯადოსნურ დღეებს მისი საჩუქრები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. არიან ბავშვები, რომლებსაც თოვლის ბაბუის დიდი ხნის განმავლობაში სჯერათ, ნაწილი ამბობს, რომ არ არსებობს. სინამდვილეში, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც გადაწყვეტენ შვილებს საახალწლოდ საჩუქრები უყიდონ, როგორ უნდა აუხსნან, რომ მათი ყველა სურვილი ვერ შესრულდება და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება წლის შეჯამებისას - თემაზე ფსიქოლოგი, ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- ბავშვებისთვის დღესასწაულები ყველაზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში. სიტყვაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ ის დღე განსაკუთრებული და პოზიტიური ენერგიით დატვირთული უნდა იყოს. ძალიან ბევრი დღესასწაული გვაქვს, მაგრამ ახალი წელი განზოგადებულია, მსოფლიო აღნიშნავს და განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. ყველა მშობელი ცდილობს, რომ თავის შვილს სიურპრიზი მოუწყოს, საჩუქარი გაუკეთოს და ეს დღე სხვებისგან რაღაცით გამოარჩიოს.

ბავშვები ძალიან ხშირად თავადაც ეძიებენ ხოლმე პასუხს, ნამდვილად არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა. ვინ მოიტანა საჩუქარი, ამაზე კი არ გავამახვილოთ ყურადღება, არამედ ვაგრძნობინოთ, რომ დღესასწაულია. ამიტომაც, ვფიქრობ, მთავარი პრინციპი მაინც ესაა. ძალიან ბევრი მშობელი თავად აკეთებს არჩევანს, უმეტესობა თოვლის ბაბუის სახელით ყიდულობს შვილს საჩუქარს, ზოგი კი პირდაპირ ეუბნება, რომ თავად უყიდეს. მეორე მხრივ, როდესაც ბავშვი წერილს წერს, მის სურვილებს ვიგებთ და ვცდილობთ, განსაკუთრებული დღე მოვუწყოთ. ამიტომ, როგორ არჩევანს გააკეთებენ, ეტყვიან, თოვლის ბაბუამ გამოუგზავნა თუ დედამ და მამამ უყიდეს, ეს მათი არჩევანია.

სასწაულის შექმნა სხვადასხვანაირად შეიძლება შევფუთოთ. ბავშვების ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ძალიან კარგი ვარიანტია, თუ ვეტყვით, რომ თოვლის ბაბუამ გვთხოვა საჩუქრის მიტნა, ანუ ერთგვარ შუამავლის როლს ვითამაშებთ თოვლის ბაბუასა და ბავშვს შორის. ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ვიღებთ ამაში მონაწილეობას. ეს იმიტომაა კარგი, რომ ბავშვები ხშირად ისეთ რაღაცებს ითხოვენ, რისი ყიდვაც მშობელს არ შეუძლია. ხშირად მსმენია მათგან, რომ როცა შვილი საახალწლო სურვილების წერას იწყებს, ყველა რომ შეუსრულონ, რამდენიმე თვის ხელფასი არ ეყოფათ. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გარკვეულად ლიმიტირებულია საჩუქრის დაკვეთა. ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუას ძალიან ბევრი ბავშვი ელოდება და უამრავი რამ აქვს საყიდელი, შევიცოდოთ და ძალიან ბევრ ნუ დავავალებთ.

როდესაც ბავშვები თავის სურვილებს აფიქსირებენ და სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა ამას აუცილებლად შეასრულებს, მერე კი რეალურად შესაბამის შედეგს არ იღებენ, იმედგაცრუების განცდა უჩნდებათ, რაც არაა სასურველი. თვითშეფასებისა და საკუთარი თავის რწმენის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, თუ სწორად არ განვმარტავთ მოცემულობას. მაგალითად, პირად პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა - მოიყვანეს ბავშვი, რომელიც აგრესიული იყო, წყენასაც ძალიან დიდხანს ინახავდა, უჭირდა პოზიტიური ცვლილებების დანახვა. მუშაობის პროცესში ძალიან ბევრ თემას შევეხეთ და მათ შორის, ერთ-ერთი თოვლის ბაბუაც იყო. მან უხეშად ახსენა თოვლის ბაბუა და პირდაპირ თქვა, რომ "დებილია". აშკარად სჯეროდა მისი არსებობის. დავინტერესდი, რატომ იყო გაბრაზებული და მითხრა, რომ სულ სხვა საჩუქარს ელოდა და ტანსაცმელები მიუტანა. აქ პრობლემა ის იყო, რომ მშობლებმა ბავშვს შესთავაზეს სურვილის დაფიქსირება, მაგრამ არ გაითვალისწინეს ის, რომ სასურველი საჩუქარი გაეკეთებინათ. მსგავს შემთხვევაში, ბავშვთან ურთიერთობის სწორი ფორმა იქნებოდა: თუ მშობელს ტანსაცმლის ყიდვა სურდა საახალწლოდ და ფიქრობდა, რომ ამას უკეთ გამოიყენებდა, ვიდრე სათამაშოებს და არ ჰქონდა საშუალება, ორივე საჩუქარი გაეკეთებინა, მაშინ შეიძლებოდა წინასწარ გვეთქვა, რომ თოვლის ბაბუამ გადაწყვიტა, ტანსაცმელი მიეტანა და თავად აერჩია, რა სურდა ან რომელი ფერი. ამ შემთხვევაში ბავშვი იმედგაცრუებული და მოტყუებული არ დარჩებოდა. როდესაც ხედავს, რომ შეიძლება, თვით თოვლის ბაბუაც კი იტყუებოდეს, არ ასრულებდეს პირობას, მაშინ უჩნდება შეკითხვა, რატომ არ შეიძლება, რომ თავადაც მოიტყუოს. ბავშვის ცნობიერებაში გარკვეულ სცენარს ვწერთ ისე, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. ამიტომ, ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ბავშვს ვუთხრათ: "თოვლის ბაბუამ გვთხოვა, მისი სახელით საჩუქარი გვეყიდა და შენთვის მოგვეტანა". ან კიდევ სჯეროდეთ, რომ თოვლის ბაბუა საკვამურიდან ძვრება, მაგრამ მთავარია, იცოდნენ, რომ არსებობს ლიმიტი. ეს ერთგვარი შემზადებაც იქნება ცხოვრებისთვის. ბავშვმა ამ პერიოდიდანვე უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაფერს გარკვეული ჩარჩოები აქვს, ფინანსებსაც, სურვილებსაც და თხოვნებსაც. მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ უნდა ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუას ფული არ აქვს. მშობლებიც ხშირად ეუბნებიან ხოლმე: "არ მაქვს ფული და ვერ გიყიდი." უკეთესი ვარიანტია: "ახლა ფული რაც გვაქვს, საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის გვჭირდება და შემდეგში ამის თანხა როცა გვექნება, ვიყიდით." ბავშვმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ფინანსების არქონა ნორმაა, რადგან შემდეგში შრომა არ დაეზაროს.

- როგორ უნდა ვუპასუხოთ ბავშვის შეკითხვას, არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა ნამდვილად და რა ასაკამდე უნდა სჯეროდეს მას ამის?

- ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება 5 წლის ბავშვი იმდენად დაინტერესებული იყოს, ადვილად მივაწოდოთ ინფორმაცია და ვუთხრათ, თოვლის ბაბუა მითიური არსებაა, რომელიც ახალ წელს სასწაულის მოწყობაში გვეხმარება და რეალურად, ჩვენ ვასრულებთ მის ფუნქციას. თუმცა მქონია შემთხვევა, რომ მესამე კლასელმა ბავშვებმა სერიოზულად იკამათეს და ერთმა ტირილიც კი დაიწყო იმაზე, რომ თანაკლასელი უმტკიცებდა, თოვლის ბაბუა არ არსებობს და ტყულად გჯერაო. მერე მას ცალკე დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ყველას აქვს უფლება, არჩევანი გააკეთოს. ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც არა უნდა - არა. როდის ვუთხრათ, რომ არ არსებობს თოვლის ბაბუა- ესეც ძალიან ინდივიდუალურია. რამდენ ხანსაც შეგვიძლია სასიამოვნო ილუზია შევუქმნათ, თუ გავაკეთეთ ეს არჩევანი, ბოლომდე გავყვეთ. თუმცა, ზოგი პრაგმატულ მიდგომას ირჩევს და თავიდანვე ეუბნება შვილს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქარს თავად აკეთებს. ერთმა მშობელმა მითხრა, მისი 9 წლის შვილი სიას რომ წერდა, იმდენი რამ ჩამოწერა, ვუთხარი, რომ არ არსებობს თოვლის ბაბუა და ჩვენ ბევრი საჩუქრის ყიდვას ვერ შევძლებდითო. საპასუხოდ, ბავშვმა შეხედა, დაფიქრდა, გააგრძელა წერა და თქვა, რომ მისი არსებობის სჯეროდა, რადგან ასე აწყობდა. არ შეიძლება ბავშვს ინფორმაცია უხეშად მივაწოდოთ. არ უნდა ვუთხრათ, რომ ვატყუებდით. ვუთხრათ, რომ ეს დღესასწაულის ნაწილია და სწორედ ამიტომ, შევითავსეთ მსგავსი როლი. რეალურად კი შეგვიძლია ერთმანეთს საჩუქრები გავუკეთოთ და თავად ვიყოთ თოვლის ბაბუა. ტყულის დაფიქსირება და ბავშვზე იმის თქმა, რომ პატარა ასაკში ატყუებდით, ვფიქრობ, არასწორია და ამით ვქმნით პრეცედენტს, რომ ტყუილი ნორმაა.

- ზოგიერთი მშობელი თოვლის ბაბუის ნაცვლად წერს წერილს და შვილს უგზავნის. შეიძლება ასეთი წერილები აღმზრდელობითი მიზნით გამოვიყენოთ და რა უნდა ვუთხრათ ან რა ტიპის ფრაზებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად?

- ხშირად არ წერენ ხოლმე მშობლები თოვლის ბაბუის სახელით წერილებს, მაგრამ თვითშეფასების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წესი უნდა დავიცვათ. პირველი, არ უნდა დავუწეროთ ბავშვს, რომ "კარგია" ან "ცუდი". პიროვნებას არ ვაფასებთ, ვაფასებთ ქცევას. შეგვიძლია დავუწეროთ: "კარგად იქცეოდი" და არა "კარგი გოგო ხარ". ქცევა შეიძლება იყოს ცუდი და კარგი და არა პიროვნება. თუ გვინდა, რომ წლიური შეფასება გავაკეთოთ, ეს აუცილებლად ობიექტური უნდა იყოს და კორექტულად შენიშვნებიც შევიტანოთ. კარგი საქციელის აღნიშვნა არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველ რიგში, მისი მიღწევები, წარმატებები დავაფიქსიროთ და წავახალისოთ. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ თოვლის ბაბუის სახელით წერილის დაწერა გამართლებულია. ქცევის შეფასებისა და შენიშვნის მიცემის დროს ავტორიტეტი მშობელი უნდა იყოს და მას არ უნდა სჭირდებოდეს თოვლის ბაბუის ან სხვისი სახელით ბავშვთან საუბარი. იგივე შემიძლია ვთქვა გავრცელებულ ფრაზაზე: "მოვიდეს მამაშენი და ვეტყვი, როგორაც იცეოდი." გამოდის, რომ მშობელი საკუთარ ავტორიტეტს არ აღიარებს. ანალოგიურადაა თოვლის ბაბასთან მიმართებითაც.

- არიან ბავშვები, რომელთა მშობლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, სპეციალური საჩუქარი გაუკეთონ ან კიდევ გადაწყვიტეს, რომ თოვლის ბაბუის ცნება არ გამოიყენონ. სამაგიეროდ ხედავენ, რომ სხვასთან მიდის, საჩურები მიაქვს... ეს როგორ შეიძლება დააბალანსოს მშობელმა?

- ძალიან მტკივნეული თემაა და მესმის, რომ ზოგიერთ მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, შვილს საჩუქარი გაუკეთოს. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელით გაკეთებული, ძალიან პატარა, სიმბოლური რაღაც მაინც შევურჩიოთ შვილებს, რომ მათ იგრძნონ, რომ ის დღე განსაკუთრებულია, განსხვავებულია სხვა დღეებისგან. ბავშვებისთვის მტკივნეულია ხოლმე ისიც, რომ მისმა მეგობარმა ინატრა რაღაც და თოვლის ბაბუამ კარგი საჩუქარი გაუკეთა, მას კი არაფერი აჩუქა მიუხედავად იმისა, რომ კარგად იქცეოდა და ცდილობდა, მისთვის თავი მოეწონებინა. ამ შემთხვევაში, ალბათ, უმჯობესია სიმართლეც გამოვიყენოთ და ვუთხრათ ბავშვებს, რომ თოვლის ბაბუის ფუნქციას მშობლები ასრულებენ და იმ ეტაპზე რა ფინანსური შესაძლებლობებიც აქვთ, იმით ურჩევენ საჩუქარს.

- რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ბავშვს თოვლის ბაბუის ეშინია?

- პირველ რიგში, ყველაზე მთავარია, რომ გავარკვიოთ, რატომ ეშინია თოვლის ბაბუის, ვკითხოთ და ვესაუბროთ ამაზე. თუკი არ სიამოვნებს, დისკომფორტი აქვს და პანიკაში ვარდება, რატომ უნდა შევაშინოთ, რა სავალდებულოა? ჩვენ შევეცადოთ, რომ შიში დავაძლევინოთ. თუ შიშის დაძლევის ერთ-ერთი ნაწილი თოვლის ბაბუასთან შეხვედრა იქნება, იყოს, მაგრამ ის, რომ დავცინოთ ამის გამო და დავაძალოთ მისი სიყვარული, არასწორი მიდგომაა.

ასევე, თუ ბავშვს დღესასწაულს ვუწყობთ, უპირობო უნდა იყოს. ნუ გავუხსენებთ უთანხმოებებს, შენიშვნებს, შევუქმნათ პოზიტიური განწყობა, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ამას. ძალიან კარგი იქნება, თუ ვეთამაშებით და დროს დავუთმობთ, ვიხალისებთ და ერთად ვირბენთ. ეს უნდა იყოს დღესასწაულის მთავარი გზავნილი, რომ ერთად ვართ, შეგვიძლია ერთმანეთს მოვუსმინოთ და ვიხალისოთ. საჩუქრები ვერასოდეს შეავსებს ურთიერთობებს, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მათ მატერიალურ საჩუქრებზე მეტად ჩვენი ყურადღება, სითბო და თანადგომა უნდა ვაჩვენოთ.

თამარ იაკობაშვილი