"ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო" ნაკლებადცნობილი ფილმია, რომლის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არ იცის, მათ შორის ქართველმა კინომცოდნეებმაც... ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა სერგი ცენტერაძემ ლიკა ქავჟარაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობი განსაკუთრებულად ლამაზია, ფოტომ უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია.
სერგი ცენტერაძემ ფილმის შესახებ გვიამბო:
- ეს ფილმი გადაღებულია დაღესტანში1982 წელს. ფილმის რეჟისორია რაფაელ გასპარიანცი. ფილმი გადაღებულია ცნობილი დაღესტნელი მწერლის ახმედ ხან აბუ-ბაქარის ავტობიოგრაფიული მოთხრობის "სამაჯური ძვირფასი ქვებით" მიხედვით... ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან უჩანეიშვილი და ლიკა ქავჟარაძე. ეს გახლავთ ლამაზი, ოდნავ სევდიანი ფილმი მთიელ შეყვარებულებზე, რომლებიც დაღესტნის ულამაზესი აულიდან - ყუბაჩიდან არიან. აული ყუბაჩი ოდითგან განთქმულია ხელოვანი ადამიანებით, რომლებიც საიუველირო საქმეს ეწევიან (ცნობისთვის ამ სოფლიდანაა ცნობილი ხელოვანი ქალი ბანაბა მაგომედოვა , რომლის ნამუშევრებიც უხვადაა ფილმში).
- ფილმი სასიამოვნოდ საყურებელია, ხარისხის თვალსაზრისით ნამდვილად არ არის შედევრი, მაგრამ ამ ფილმის ნახვა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ დატკბეთ ლიკასა და ლევანის ეკრანული წყვილის სილამაზით. ამ ფილმში საოცრად ლამაზია ლიკა ქავჟარაძე, განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში, როცა მოქმედება ულამაზეს აულში მიმდინარეობს და ლიკა ყუბაჩელთა სამოსში გახლავთ გამოწყობილი. ამ მომენტებში ლიკა შეუდარებელია და საწყენია, რომ ქართულმა კინომ ეს სილამაზე სათანადოდ ვერ გამოიყენა.