"ხშირად ვკითხულობ თქვენს გვერდს და მინდა, ჩემი გულისტკივილიც გაგიზიაროთ.
სანამ ბავშვები გაჩნდებოდნენ, უკვე მქონდა უამრავი ინფორმაცია, დედობისთვის თითქოს ყველანაირად მზად ვიყავი, მტკიცედ მქონდა ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, მიმართულებები და ა.შ. მეგონა, იდეალური დედა ვიქნებოდი და იდეალურად გავზრდიდი შვილებს, მაგრამ...
გარდა იმისა, რომ ყოფითი ცხოვრებისეული ამბები და პრობლემები გვიშლის ხელს დედებს ბევრ რამეში და დღეს მართლაც ურთულესია იყო დედა, ამ საშინელ და სტრესულ გარემოში, მე სხვა პრობლემებიც მემატება. საქმე ისაა, რომ როგორც ბევრი ჩვენს ქვეყანაში, მეც ვერ ვცხოვრობ მარტო ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და ერთ დიდ ოჯახად ვართ, მის დედ-მამასთან. ამას ბევრი პლუსიც აქვს, თუნდაც ის, რომ როცა გჭირდება, დამტოვებელიც გყავს და ბავშვის მიმხედავიც, სანამ ბანაობ ან მიირთმევ თუნდაც. მაგრამ ხანდახან მგონია, ეს პლუსებიც აღარ მინდა, იმდენად დავიღალე კოლექტიური ცხოვრებით.
ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ როგორც მე მინდა, რომ გავზარდო ბავშვები, არ მანებებენ ამას. როგორც მიმაჩნია სწორად და ვფიქრობ, არასდროს ისე არ გამოდის. მაგალითად, არ მინდა, რომ ჩავფუთნო ძალიან და მინდა, ცოტა გავაკაჟო, მაგრამ იმდენ მითითებას და შენიშვნას მომცემენ სახლიდან გასვლის წინ, ან თუ შემთხვევით გაცივდნენ ბავშვები, იმდენი საყვედურით ამიკლებს დედამთილ-მამამთილი, რომ ისევ მირჩევნია, მეტი ჩავაცვა და ნერვები მშვიდად მქონდეს.
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჯანსაღად ეკვებათ ბავშვებს და ტკბილი რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ, მაგრამ ვინ მაცლის? გამოულევლადაა სახლში ტკბილეული. ხან ერთს მოაქვს, ხან მეორეს. ეს ბავშვებიც ხელებში უყურებენ და სანამ რამის თქმას მოვასწრებ, უკვე პირი აქვთ გამოტენილი ათასი ნაგვით...
ვუსაყვედურებ, რაღაცის გამო დავსჯი და ვთქვათ, გავებუტები ან დავავალებ რაიმეს გაკეთებას, არც ამას მაცლიან - იმ წამს გამოესარჩლებიან, თავზე ხელს გადაუსვამენ და ვითომ მე არავინ ვარ საერთოდ, ყველანაირი სასჯელი უქმდება.
დამოუკიდებლად მინდოდა გამეზარდა, მაგრამ არც ამის საშუალებას მაძლევენ - სამზარეულოში რომ გავგზავნი, მინდა, დავუშვათ, 13 წლის ბიჭმა თავისით წაისვას პურზე არაჟანი. გამორიცხულია, ვინმემ აცალოს - იმ წამს იქ გაჩნდებიან ან ვიშვიშს დაიწყებენ, ვაიმე, ბავშვს პატრონი არ ჰყავს. სადმე, მაღაზიაში გაგზავნაზე და რაიმე ასეთზე ლაპარაკიც ზედმეტია...
ფაქტობრივად, მუდმივ წნეხში ვარ და ვერ ვზრდი შვილებს ისე, როგორც მე მინდა, როგორ მოვიქცე, მითხარით? შანსი, რომ ცალკე გადავიდე არ არის. ამათ ნორმალურად არ ესმით, თუ ვიჩხუბე, უნდა სამუდამოდ გავიბუტოთ და ასე კონფლიქტში როგორ ვიცხოვრო?"
ნელიკო, 32 წლის